logo_geo
თამარ გაბუნია: შობა მოდის, სტუმრიანობა იქნება, რაც შემთხვევების მატებას ხელს შეუწყობს
- +

5 იანვარი. 2021. 23:30

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საახალწლო პერიოდი ხელს შეუწყობს კორონავირუსის შემთხვევების მატებას. მისივე თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევები 2500-ის ფარგლებში მოიმატებს, ეს ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადი იქნება.

 

„დღევანდელი ნიშნული, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის დაახლოებით 2000 შემთხვევა. სავარაუდოდ, ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც კიდევ გარკვეული ხანი შენარჩუნდება და თუ ყველაფერი კარგად წავა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იანვრის ბოლოს შემთხვევების რაოდენობა ჩამოვა 1000-ს ქვემოთ. გარკვეული მატება, 2500-ის ფარგლებში, არის ის რაოდენობა, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადია. გარკვეული მატება მოსალოდნელია, მაგრამ ეს მატება იქნება მართვადი. თუ ჩვენ 1000-ს ქვემოთ ჩამოვალთ, ეს ნიშნავს, რომ გადავიარეთ პიკური მაჩვენებელი. ისედაც, ტენდენცია უკვე კლებისკენ მოდის. განსაკუთრებით აჭარაში, სადაც უფრო ადრე დაიწყო ეს პროცესი, საკმად კარგი კლების მაჩვენებელია და იქ განსაკუთრებულ მატებას აღარც ველოდებით. ბუნებრივია, იგივე სურათი განმეორდება სხვა რეგიონებშიც, თუმცა ამას გარკვეული ხელშეწყობა მაინც სჭირდება. მთავარია, დროზე ადრე არ მოხდეს გახსნა, ახლა საახალწლო პერიოდია, შობა მოდის, სტუმრიანობა იქნება, რაც შეუწყობს ხელს შემთხვევების გარკვეულ მატებას. შეზღუდვები ზუსტად იმ მომენტში არ უნდა შევასუსტოთ, როცა გარკვეულწილად მივიღებთ მაღალ მაჩვენებელს. თუ იქნება 3000-მდე შემთხვევა, ამ შემთხვევაში ყურადღების მოდუნება არ იქნება გამართლებული, იმიტომ, რომ იმ 3000-ს მეორე 3000 მოყვება მეორე დღესვე. გვესმის, რომ ასეთ პირობებში დიდხანს ვერ იქნება ვერც ბიზნესი და ვერც სოციალური აქტივობა. მიდის აქტიური მუშაობა, როგორ გახდეს ტესტირება მეტად პროაქტიური და როგორ ჩაერთოს ამაში უფრო აქტიურად ბიზნეს სექტორი. თუ გვინდა იყოს მუდმივი ბიზნეს აქტივობა, ტესტირების თვალსაზრისით, გარკვეული გადაზღვევის მექანიზმი უნდა დაინერგოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

big_banner
არქივი