logo_geo
მამუკა არეშიძე: იმედია, შიდა შუღლს არ გადავაყოლებთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს...
- +

6 იანვარი. 2021. 03:02

 

 

 

კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრას“ ესაუბრა:

 

„ამ სამეულის კონფიგურაციას თუ დავაკვირდებით, ისინი, ფაქტობრივად, ერთმანეთის ინტერესების მტრები არიან. რაც უნდა სიტუაციური კონტაქტები და თანამშრომლობა მოახერხონ, თურქეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ კავკასიის საკითხზე ვერასდროს მოილაპარაკებენ. რუსეთს შეუძლია თურქეთის ამბიციები აიტანოს მაშინ, როცა თურქეთი ეჭიდავება დასავლეთს და მის მიმართ უკომპრომისო ხდება. აქ მოკავშირეები არიან, მაგრამ ყველა სხვა სივრცეში თურქეთი მიუღებელია კრემლისთვის, ისევე, როგორც ირანისთვის, რომელიც თვითონ მიიჩნევს თავს ისლამური სამყაროს ლიდერად.

ახლა, რაც შეეხება, ამ ექვსეულის პლატფორმას... ეს, ერთი შეხედვით, ნიშნავს, რომ თურქეთსა და ირანს კავკასიაზე გავლენის საუკუნეების წინანდელი ტრადიციის აღდგენა უნდათ, რუსეთს კი თურქეთის მეშვეობით შავ ზღვაში დასავლეთის აქტიურობის დაბლოკვა სჭირდება.

არსებობს მოსაზრება, რომ რაღაც ნაწილი ამ ინიციატივისა დასავლეთისთვისაც შეიძლება მოსაწონი იყოს, ბოლოს და ბოლოს, თურქეთი ნატოს წევრია და თუ აზერბაიჯანში გაჩნდება თურქული ბაზა, საითაც მიდის კიდეც საქმე, ეს ნატოს პირველი ბაზა იქნება სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. მოკლედ, ისეთი ვითარებაა, რომ ყველამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს.

რაც შეეხება საქართველოს, გასაოცარია, მაგრამ ასეთ რთულ ვითარებაში საქართველოს დამატებითი შანსი გაუჩნდა. საქმე ის არის, რომ როდესაც ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ყალიბდება, ყოველთვის ჩნდება შანსი, რომ შენი ინტერესების გათვალისწინებით, პოლიტიკურად მომგებიანად ივაჭრო... სხვა საკითხია, შევძლებთ თუ არა ამას და გვეყოფა თუ არა ამის ინტელექტუალური თუ დიპლომატიური რესურსი. გვმართებს სერიოზული დაფიქრება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. ამასთანავე, იმედია, შიდა შუღლს არ გადავაყოლებთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს...", - განაცხადა არეშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი