logo_geo
„პოლიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ კოლომოისკის ნაცვლად საპყრობილეში სააკაშვილი აღმოჩნდეს“
- +

15 ნოემბერი. 2016. 19:32


„სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის სავარძელს დაემშვიდობა და ძალების მოსინჯვას საპარლამენტო არჩევნებში აპირებს... გადადგომიდან რამდენიმე დღეში მან პოლიტიკური პარტია დააფუძნა და ვადამდელი არჩევნებიც მოითხოვა. „ტალღა" - ასეთია სააკაშვილის პარტიის სახელწოდება", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აქვეყნებს.



„მე დღეს ვაცხადებ, რომ ვაფუძნებთ ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანია არსებული პოლიტიკური ელიტის შეცვლა, რომელიც აკონტროლებს რადას, ჩვენი მიზანია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.


„სააკაშვილი პირობას დებს, რომ, როდესაც უკრაინაში ხელისუფლებაში მოვა, დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორს, ბიზნესმენს იგორ კოლომოისკის დააპატიმრებს".

 

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, სააკაშვილი ამბობს, რომ კოლომოისკიმ „ხელისუფლებისგან მიიღო მასზე თავდასხმის დავალება", რის შემდეგაც ტელეკომპანია „1+1"-ის ეთერში მასალა გავიდა, რომელიც მის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

 

„კოლომოისკი ციხეში იჯდება და ვერანაირი შვეიცარია მას ვერ გადაარჩენს. ჩემი კავშირებით, მის მსგავს პირს მე შვეიცარიაშიც და მალაიზიაშიც მივწვდები", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

პოლიტიკურ წრეებში კი არ გამორიცხავენ, რომ კოლომოისკის ნაცვლად საპყრობილეში სააკაშვილი აღმოჩნდეს. პოროშენკოს ბლოკის არაერთი წევრი პროკურატურას ღიად მიუთითებდა ოდესაში არსებულ ფინანსურ მაქინაციებზე. საქართველოში სააკაშვილის მოწინააღმდეგეები იმასაც კი ვარაუდობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი კიევიდან თბილისში ბორკილებდადებული გამოაგზავნონ", - წერს გაზეთი „პრაიმტაიმი".





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი