logo_geo
ია შუღლიაშვილი: როცა საკუთარ თავს არ ატყუებ, ღმერთი ყოველთვის გეხმარება
- +

24 მარტი. 2021. 20:46

 

ია შუღლიაშვილის ბლიც-ინტერვიუ

 

სახელი: ია.

 

გვარი: შუღლიაშვილი.

 

პროფესია: მსახიობი.

 

მოგონება ბავშვობიდან...

 

– ყველაზე დასამახსოვრებელი იყო მუსიკალური ფილმის – „მოვდივართ და მოვიმღერით“ – გადაღებები. მე და ჩემი ძმა დედას სიმღერას, „იაუ, უაოს“, ვმღეროდით. იმ დროის ბავშვები, პატარა თაობა, ვინც კი მომღერალი იყო, მათ შორის, ანსამბლ „მზიურის“ გოგონები, ყველა იქ გავიცანი და ეს ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის. მაშინ სულ სამი წლის ვიყავი, თუმცა ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს.

 

– მშობლების როლი...

 

– ძალიან დიდი, დაწყებული ადამიანური შტრიხებით და დამთავრებული მუსიკალურობით. მამა კომპოზიტორი იყო, დედაც სიმღერას ემსახურებოდა. შესაბამისად, მუსიკალურ გარემოში გავიზარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ვარ, მშობლების წყალობით, მუსიკას დიდი ადგილი უჭრავს ჩემს ცხოვრებაში.

 

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

 

– ღრმა ბავშვობაში სულ მინდოდა, მასწავლებელი ვყოფილიყავი. როცა წამოვიზარდე, მეგონა, ტელევიზიაში უნდა მემუშავა, რადგან ხშირად მიწევდა იქ ყოფნა და მომწონდა ის სამყარო. მერე ვფიქრობდი, მუსიკას უნდა გავყოლოდი, მაგრამ საბოლოოდ, სულ სხვა გზით წავედი.

 

ჩემი პროფესია განაპირობა...

 

– დედა გარდაცვლილი იყო, როცა გავიგე, მას სურდა, მსახიობი ვყოფილიყავი. აი, ამან ძალიან შემიწყო ხელი გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან თან, მინდოდა კონსერვატორია, თან – არა.

 

– ჩემი მეტსახელი...

 

– გვარიდან გამომდინარე ინსტიტუტში „შუღლიონაკს“ მეძახდნენ და დღემდე იაჩოთი მომმართავენ ხოლმე.

 

– ადამიანში ვაფასებ...

 

– პირველ რიგში, სამართლიანობას, როცა ადამიანი არის მართალი, ზედმეტი გაპრანჭვების გარეშე – თავისი ქმედებითა და ცხოვრების წესით. ძალიან არ მიყვარს ტყუილი. ვაფასებ ადამიანს, რომელიც არის საქმიანი, მიზანსწრაფული და უყვარს ის, რასაც აკეთებს.

 

წარმატებული ადამიანი არის...

 

– ეს ცოტა ფართო ცნებაა, რადგან წარმატება ბევრნაირია. ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ სფეროში მიაღწიოს წარმატებას, არ იყოს ცნობადი, მაგრამ საკუთარ თავს წარმატებულად თვლიდეს. რაც შეეხება ცნობადობას, სასიამოვნოა, თუმცა თავისებური შეზღუდვები აქვს და მე, პირადად, ეს ხანდახან არ მსიამოვნებს.

 

მწამს...

 

– რწმენის.

 

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

 

– ღმერთი არის ზუსტად ის რწმენა, რომელიც ჩვენში ბუდობს. თუ ეს გაქრა, მაშინ არაფრის რწმენა აღარ ექნება ადამიანს. ასევე, ღმერთის რწმენაა ის გავლილი წესიერი გზა, ის მიზნები, რომლებსაც ადამიანი ემსახურები, ოღონდ წრფელად, გამრუდებების გარეშე. როცა რაღაც გინდა, მართალი ხარ და შენ თავს არ ატყუებ, ღმერთი ყოველთვის გეხმარება.

 

– ვრისკავ...

 

– გააჩნია საკითხს – თუ სასწრაფო გადასაწყვეტია, უცებ ვიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ ეს არის ხვალისთვის, ზეგისთვის, მაშინ ყოველთვის „ვზომავ“ და ისე ვიქცევი. არ მიყვარს მოულოდნელი გადაწყვეტილებები, მერე რომ არ ვინანო.

 

ვერიდები...

 

– ადამიანის წყენინებას.

 

– მაკვირვებს...

 

– ნიჭი.

 

– ბედისწერა...

 

– სიტყვა ბედისწერა არ მიყვარს, იღბალს ვეძახი უფრო. იღბლის მჯერა. ბედისწერა, მაინც, ცუდს უკავშირდება. იღბლიანი უნდა იყო, რომ შენს მიზანს მიაღწიო.

 

– სიყვარული...

 

– შენში არსებული სიმართლეა. რომელსაც კეთილ გზაზე გაჰყავხარ. სიყვარულია ზრუნვა.

 

– როცა პირველად შემიყვარდა...

 

– ბაღში მიყვარდა, ერთი ბიჭი იყო, რომელიც მეპრანჭებოდა და მეც მომწონდა, მაგრამ, რომ მეკითხებოდნენ, მოგწონს ის ბიჭიო, ვპასუხობდი: მე – არა, მას (იცინის).

 

– დრო და სიყვარული...

 

– ბავშვობაში სასაცილოა, ახალგაზრდობაში – იმპულსური და ასაკში უფრო – გაცნობიერებული. ჩემი გამოცდილებიდან ასეა.

 

– ის, რაც უპატიებელია...

 

– ტყუილი და შეურაცხყოფა.

 

– მეშინია...

 

– სერიოზული ავადმყოფობის, ოღონდ ჩემს თავს არ ვგულისხმობ, ახლობლების ცუდად ყოფნის მეშინია.

 

– მაღიზიანებს...

 

– უტაქტობა და უზრდელობა, რა ასაკისაც უნდა იყოს ადამიანი. უზრდელობა მიუთითებს მის ეთიკაზე, ოჯახზე, აღზრდაზე და რაც ყველაზე მთავარია მის, სიღრმეზე.

 

– შემშურებია...

 

– უფრო მეტად კეთილი შურით, მაგრამ ესეც ხომ შურია. მეც მდომებია რაღაც და შეიძლება, ისედაც შემშურებია, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან არავის ცხოვრებაში არ ვერევი.

 

– სამაგიეროს გადახდა...

 

– არ მიჩნდება ამის სურვილი. იმის სადარდებელია, ვისაც შეეშალა და სამაგიეროც თავად გადაეხდება.

 

– ბოდიშის მოხდა...

 

– არ მიჭირს, უბრალოდ ვცდილობ, საბოდიშოდ არ მქონდეს საქმე, მაგრამ თუ დამჭირდა, რა თქმა უნდა, ვიხდი. ზოგჯერ გაუგებარი სიტუაციის გასანეიტრალებლადაც მომიხდია ბოდიში, მაშინ, როცა არ მეკუთვნოდა.

 

– მაკომპლექსებს...

 

– ადრე მქონდა სიმორცხვის კომპლექსი, მაგრამ გადავლახე. ბავშვობიდან ვიყავი მორცხვი და დედასაც ამიტომ უთქვამს, მსახიობობაზე გამეკეთებინა არჩევანი – უფრო გახსნილი გახდებაო. თეატრალურმა ცხოვრებამ ბევრად გულღია გამხადა.

 

– ვნანობ...

 

– ჩემი ცხოვრებიდან გლობალურს – არაფერს, მაგრამ შეცდომები, რომლებიც დამიშვია, ვნანობ, თუმცა შესაძლებლობა, რომ მქონდეს, თავიდან არაფერს დავიწყებ, რადგან ყველა ადამიანს საკუთარი ბედისწერა აქვს.

 

მარტოობის განცდა...

 

– არ მქონია, რადგან ყველასთან ვპოულობ ხოლმე საერთო ენას, ისეთ სიტუაციაშიც კი, რომელიც ჩემთვის მისაღები არაა. თუმცა ძალიან მიყვარს მარტოობა და მიცხოვრია კიდეც მარტოს. სიმარტოვისა და სიცარიელის შეგრძნება მეუფლება, როცა ჩემი ცხოვრებიდან ადამიანები მაკლდებიან...

 

რთული პერიოდი...

 

– 90-იანი წლები, მაშინ, როცა მარტო ვიყავი შვილთან ერთად. რთული ყოფა მაქვს გადატანილი იმ დროში, თუმცა ჩემს ხარჯზე ეს პერიოდი ჩემს შვილს ძალიან კარგად ახსოვს.

 

– ვაგროვებ...

 

– არაფერს. არასოდეს მიყვარდა კოლექციონერობა. მომწონდა მეგობრების შეგროვებული ნივთები, მაგრამ მე არ მიზიდავდა. ალბათ, მესაკუთრეობის განცდა არასდროს მქონია და მაგიტომ, ყველა კოლექციონერი, ხომ, მაინც მესაკუთრეა.

 

– ჩემი თილისმა...

 

– როცა დედა აღარ იყო, მისი ბავშვობის ქუდი ავიღე და ის მაქვს თილისმად. ეს ქუდი დედას ბებიის ნაქსოვია ირისის ძაფით.

 

თავისუფლება არის...

 

– როცა ადამიანი ჰარმონიულადაა საკუთარ თავთან, ოღონდ ჰარმონიულობას უზრდელობაშიც შეიძლება, გრძნობდე და ამას არ ვგულისხმობ. როცა სხვისთვისაც სასიამოვნოდ ხარ ჰარმონიულად მშვიადად და წყნარად, ეს არის თავისუფლება.

 

დღევანდელ საზოგადოებაში მაკლია...

 

– სიყვარული. ცოტა ცივი გახდა საზოგადოება, უფრო პირადულობის წინ წამოწევა შეინიშნება და არა სხვაზე ზრუნვა.

 

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

 

– ფილმმა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. სულ მემახსოვრება ის მომენტი, როცა ამ ფილმზე დამამტკიცეს. იქ მომეცა საშუალება, ბოლომდე დამენახა ჩემი შესაძლებლობები და ის, რომ პროფესია სწორად ავირჩიე.

 

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

 

– მამამ მითხრა: როცა ვიღაცაზე ჭორაობ, იგულისხმე, რომ ისიც შენთან ერთად დგას და ისე ისაუბრეო.

 

https://tbiliselebi.ge/ka/news/society/ia-shughliashvili-rotsa-sakutar-tavs-ar-atkueb-ghmerti-koveltvis-gekhmareba

 

big_banner
არქივი