logo_geo
მამუკა არეშიძე: არსებობს ეჭვი, რომ 6 ნოემბერს დაკავებული პირები სააკაშვილის დავალებით მოქმედებდნენ
- +

15 ნოემბერი. 2016. 19:37



ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბარში 6 ნოემბერს კიევში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმიანება, როდესაც უკრაინის პროკურატურამ მკვლელთა და გამტაცებელთა დაჯგუფების წევრები დააკავა. რა კავშირი აქვს სააკაშვილს შეკვეთილ მკვლელობებთან და ადამიანის გატაცებასთან? სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა გამოცემა მამუკა არეშიძეს. ექსპერტის თქმით, მისთვის კარგად იყო ცნობილი ასეთი დაჯგუფებების არსებობის შესახებ.

 

„ჩემთვის ისედაც ცნობილი იყო ასეთი კრიმინალური ჯგუფების არსებობის შესახებ, ისინი საკმაოდ აქტიურები იყვნენ და რამდენიმე მათგანის წევრები - დაკავებულებიც კი, თუმცა ამ ჯგუფებში კუდ-ის ყოფილი თანამშრომლებისა და „ქართული ლეგიონის" წევრთა აღმოჩენა ჩემთვის ნამდვილად დიდი მოულოდნელობა იყო... თუმცა, 4-5 თვის წინათ უკრაინელებმა დააკავეს ერთი ქართველი, რომელიც წარსულში საქართველოში ერთ-ერთი უწყების სპეცდანიშნულების წევრი გახლდათ. მაშინ კლასიკურ რეკეტთან ჰქონდათ საქმე", - ამბობს მამუკა არეშიძე.


არეშიძის აზრით, ამ დაჯგუფებების პირდაპირი კავშირი მიხეილ სააკაშვილთან ჯერჯერობით არ დგინდება, თუმცა, დასძენს, რომ არსებობს ეჭვი, რომ ეს ადამიანები სააკაშვილის დავალებით მოქმედებდნენ.

„ასეთი დაჯგუფებების სააკაშვილთან პირდაპირი კავშირი ჯერჯერობით არ დგინდება, თუმცა ბოლო სპეცოპერაციის დროს დაკავებულთაგან ერთ-ერთი გარკვეულ კავშირში იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან", ეს ჩანს. თუმცა, დანამდვილებითაც შემიძლია გითხრათ, რომ ამ ჯგუფების აქტიურობა უკრაინაში და მასში სხვადასხვა ორგანიზაციის სამხედრო პირების წევრობა, იმ კლიმატს უკავშირდება, რომელიც სააკაშვილმა შექმნა უკრაინაში. მისი იქ ჩასვლის შემდეგ ქართველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაჩნდა, თანაც მან მართლაც გზა გაუხსნა ბევრ ისეთ ადამიანს, რომელსაც საქართველოში აღარ დაედგომებოდა და ასევე, ადამიანები, რომლებიც დამრბევ რაზმებში მუშაობდნენ, საქართველოში შემოსავლის გარეშე დარჩნენ და მიაშურეს უკრაინას, რათა თავისი ყოფილი პატრონების გვერდით ყოფილიყვნენ... მე ვიცი, რომ იქ ჰქონდათ საწვრთნელი ბაზა, სადაც ისინი გადიოდნენ წვრთნას და ისინი გამოყენებადი უნდა ყოფილიყვნენ საქართველოში არეულობის მოსაწყობად. ისინი ნამდვილად სჭირდებოდა სააკაშვილს. უკრაინა ასეთი ხალხისთვის თავშესაფარი გახდა. ამათი გამოყენება რიგი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა, ისევ დარჩნენ შემოსავლის გარეშე. ზოგმა თვითონ დაიწყო კრიმინალური საქმიანობა, დარჩენილებს კი, არასასურველი პიროვნებების მოსაშორებლად იყენებდნენ... ამიტომაც პირდაპირ ვერ გეტყვით, რომ 6 ნოემბერს დაკავებული პირები უშუალოდ სააკაშვილის დავალებით მოქმედებდნენ, თუმცა, ეჭვების საფუძველი არსებობს", - განაცხადა არეშიძემ.



ექპერტი აქვე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი სპეცოპერაციის მომსწრენი კიდევ გავხდეთ, მით უმეტეს მაშინ, როცა უკრაინაში სააკაშვილის გავლენების სერიოზული შეზღუდვა მიმდინარეობს.


„სააკაშვილის გავლენების შეზღუდვის სერიოზული კამპანია მიდის უკრაინაში. ფაქტობრივად, თითქმის ყველა საყრდენი წაართვეს მას. მხოლოდ ორი ქართველი რჩება სახელმწიფო უწყებებში. რაც შეეხება უგლავას, რომელიც ანტიკორუფციულის უფროსის მოადგილეა, ამ სამსახურის საერთოდ გაუქმება იგეგმება. ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს სპეცოპერაციაც ლოგიკურ ბმაშია დაწყებულ კამპანიასთან. სამართალდამცველებს აქამდეც უნდა სცოდნოდათ, რომ ასეთი დაჯგუფებები არსებობდა, მაგრამ ნადირობა მხოლოდ ახლა დაიწყო...

 

სხვათა შორის, ოდესის გუბერნატორისა და მოხალისეთა ბატალიონის წევრთა პირდაპირ კავშირზე უკრაინული პრესა ამ ზაფხულსაც ახმაურდა. ეს ამბავი 17 ივნისს მოხდა, როცა ოდესის საოლქო საბჭოს გუბერნატორის ანგარიში უნდა მოესმინა და სამომავლო გეგმა დაემტკიცებინა. დეპუტატები ამის გაკეთებას არ აპირებდნენ და ამის შესახებ ინფორმაცია გუბერნატორსაც ჰქონდა.

 

მოულოდნელად სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ ადამიანები, რომლებიც თავს მოხალისეთა ბატალიონის წარმომადგენლებს უწოდებდნენ და მოითხოვდნენ, მათთვის ომის ვეტერანების სტატუსი მიენიჭებინათ. სამართალდამცავებმა მათ ხელი არ შეუშალეს. სააკაშვილმა კი ტრიბუნიდან მათ მოთხოვნებს მხარი დაუჭირა. აგრესიული ფორმიანებით გარშემორტყმული დეპუტატები იძულებულნი შეიქნენ, მათთვის სასურველი გადაწყვეტილება მიეღოთ.

 

უკრაინული მედია მაშინ დარწმუნებით აცხადებდა, რომ ეს პროვოკაცია სააკაშვილმა დაგეგმა და ამის გამო, მოგვიანებით, სააკაშვილმა საჯაროდ მოუწოდა გია ლორთქიფანიძეს, რომ ეს ფაქტი გამოეძიებინა...

 

ერთი სიტყვით, იმავე სცენარით სხვა ადგილას..." - ამბობს მამუკა არეშიძე.



 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი