logo_geo
გიორგი კალანდია: მტერი არის ჩვენი მენტალობა, ის, რომ ვერ გადავეჩვიეთ რადიკალიზმს და ულტიმატუმის ენით საუბარს
- +

26 მაისი. 2021. 14:41

 

ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიას თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო თავის რთულ და გრძელ გზას გადის, რომლის მოლოდინიც არსებობდა და რომლის შესახებაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

 

როგორც გიორგი კალანდიამ „ღამის კურიერის“ ეთერში 26 მაისის დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თუნდაც ერთი დღე, როდესაც ისინი ივიწყებენ აზრთა სხვადასხვაობას, თუ სხვა წინააღმდეგობებს:

 

„ეს არის გრძელი და რთული გზა, მე მახსოვს ბატონი ზვიადის ძალიან კარგი სიტყვები, როდესაც დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა. საღამოს მიტინგზე რომ გამოვიდა, იქ ძალიან კარგად თქვა ასეთი რამ, რომ ახლა იწყება ყველაზე რთული გზა. ეს რთული გზა არის, ახლა რომელსაც ჩვენ გავდივართ. მე ვფიქრობ, რომ არ გავდივართ ძალიან ცუდად. გვიჭირს, ვიბრძვით, მაგრამ მაინც მივდივართ, არ ვჩერდებით. მტერი ბევრ რამეს აკეთებს რომ ჩვენ გათიშული ვიყოთ და ეს არაა შემთხვევითი. მტერი არის ჩრდილოეთში, მტერი არის ჩვენი მენტალობა, მტერი არის ის, რომ ვერ გადავეჩვიეთ რადიკალიზმს და ულტიმატუმის ენით საუბარს, ვერ მივხვდით, რომ უნდა გვქონდეს საერთო თუნდაც ერთი დღე, როდესაც ვივიწყებთ ყველაფერს და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუნდაც გენერალი კვინიტაძის ჩამოსვენებით, ამას ხომ ჩვენთვის ვაკეთებთ, ვაჩენთ რაღაც სიმბოლოებს, რომელიც მომავალ თაობას სჭირდება“, - განაცხადა გიორგი კალანდიამ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი