logo_geo
ვინ იხილა ერთ-ერთმა პირველმა ლადო გუდიაშვილის „ფიროსმანი“
- +

22 აპრილი. 2017. 02:22


 

ელენე ჭეიშვილი - თვითნასწავლი მხატვარი, რომელსაც ბედმა ის საჩუქარი გაუკეთა, რომ თავის დროზე, ლადო გუდიაშვილს შეხვდა.


ხატვის სტიმული ცნობილმა ხელოვანმა, თენგიზ ღვინიაშვილმა მისცა. ხოლო მესამე მხატვარმა, თენგიზ მირზაშვილმა მოწონების ნიშნად სამახსოვროდ საკუთარი ნახატი აჩუქა. ხატვის გარდა ბისერებით მუშაობს და ბაღის ლანდშაფტის დიზაინიც ეხერხება.










 

- ქალბატონო ელენე, ხატვა 55 წლის ასაკში დაიწყეთ, მაინტერესებს, რა გახდა ამის სტიმული?

 


- ამის სტიმული არაჩვეულებრივმა მხატვარმა, მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილმა მომცა. ის უბრალოდ მაიძულებდა, რომ დავმჯდარიყავი და მეხატა. ერთხელ ჩვენთან სტუმრად იყო და რატომღაც გადავწყვიტე, დამეხატა. როცა მან ჩემი ნახატი ნახა, მითხრა: დღეიდან ხატვა უნდა დაიწოო. რაც გინდა და როგორ გინდა ის ხატე, ოღონდ არ გაჩერდეო. ჩემი ნახატები ძირითადად იმპრესიონისტულია. საქმე ისაა, რომ ძალიან მიყვარს საღებავები და ამ საღებავებით მუშაობა მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს და აღმოჩნდა, რომ გამომდის კიდეც. საერთოდ მთლად უსაფუძვლოც არ ყოფილა ჩემი მხატვრობა, მამა იყო მხატვარი და შესაძლოა, ხატვის ნიჭი ჩემში ფარულად არსებობდა.











ქალბატონო ელენე, ლადო გუდიაშვილს როდის შეხვდით?

 

- ეს 1975 წელი იყო და ასე ზუსტად იმიტომ მახსოვს, რომ უფროს ვაჟზე ვიყავი ფეხმძიმედ. ჩვენი შეხვედრა მის სახლში მოხდა. ფოტოც მქონდა მასთან გადაღებული, მაგრამ საცხოვრებელი სახლი იმდენჯერ გამოვიცვალეთ, რომ ის ფოტოალბომი დამეკარგა. იმდენად თბილი ხალხი იყო, რომ ეს შეხვედრები მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ამის შემდეგ ჩემს მეუღლესთან, ჟურნალისტ თამაზ ჭეიშვილთან ერთად კიდევ დაგვპატიჟა თავის სახლში და თავისი ნახატები გვაჩვენა. როდესაც მან ფიროსმანის პორტრეტი დახატა, ჯერ არსად ჰქონდა გამოფენილი და კუთხეში, მიმალულში ედო,რომ გვითხრა, ეს ნახატი ძალიან ცოტა ადამიანს ვაჩვენე და თქვენც მინდა რომ ნახოთო. წარმოიდგინეთ, რა განცდა დაგვეუფლებოდა? შეიძლება ითქვას, ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც გუდიაშვილმა თავისი ნახატი „ფიროსმანი“ აჩვენა. ბედნიერი ვარ, რომ ბატონმა ლადომ თავისი გრაფიკული ნახატი გვაჩუქა. საერთოდ ამ მხატვრის ხელოვნებისგან აღფრთოვანებული ვარ, მახსოვს, სიტყვებსაც ვერ ვპოულობდი, რომ მისდამი დამოკიდებულება გამომეხატა. იმ დროს თავში აზრადაც არ მომსვლია, ხელში ფუნჯი ამეღო…


 











 

- სამი პერსონალური გამოფენა გქონდათ, არა?

 


- დიახ და პირველი გამოფენის ორგანიზებაში ბატონი თენგიზ ღვინიაშვილი დამეხმარა. სულ სამი პერსონალური გამოფენა მქონდა. პირველივე გამოფენას საზოგადოებისა და მედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კიდევ ერთმა მხატვარმა, ბატონმა თენგიზ მირზაშვილმა, ცნობილმა ჩუბჩიკამ მომცა ხატვის სტიმული. მახსოვს, მასაც ძალიან მოეწონა ჩემი პირველივე ნამუშევრები. მერე მიგვიწვია თავის სახელოსნოში, რომელიც ვაკის პარკთან, „ენგურჰესის სახლის“ ბოლო სართულზე ჰქონდა. ბატონმა თენგიზმა თავისი ნახატი მაჩუქა. ჩვენთან, აგარაკზე ჩამოსვლაც უნდოდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა.














 

- თქვენ ბისერებითაც ქმნით ნამუშევრებს და ბაღის ლანდშაფტის დიზაინიც გეხერხებათ…

 


- თეფშებზე ბისერებით მოხატვა გაცილებით გვიან დავიწყე. პირველი ნამუშევარი იყო აკვარიუმი, რომელიც შიგნიდან ზამთრის ზღაპრის სიუჟეტით გავაფორმე. რაც შეეხება, რემონტს და ლანდშაფტის დიზაინს, სახლსა თუ ბაღში ყველაფერს მე ვაკეთებ. სპეციალური ცოდნა არ მიმიღია, ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, არც მეტი, არც ნაკლები და თქვენ წარმოიდგინეთ, გამომდის კიდეც!.. ჩვენი ბაღი ჩვეულებრივი იყო, იქ სახლი იდგა. ბაღს წლიდან წლამდე რაღაცას ვამატებდი და ვაუმჯობესებდი. ადრე ორი წლის მანძილზე პომიდორი და კიტრი მომყავდა, მაგრამ ჩვენთან, ფიტავში წყალი არ არის და ამის გამო პრობლემები გვქონდა, რადგან ბაღი, კარგად იცით, მოვლას ითხოვს. ამიტომ თანდათან დეკორატიულ ბაღზე გადავედი. ეს ბაღი შეიძლება ითქვას, თავისებური ოთახია ღია ცის ქვეშ, მის სანახავად ტურისტებიც მოდიან ხოლმე. ამჟამად ძირითადად თეფშებზე ვმუშაობ და ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი ნახელავების გაჩუქება არ მიყვარს, ამის სურვილი არ მაქვს იმიტომ, რომ მათში ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული.თანაც ჩვენთან ხელნაკეთი ნივთები სამწუხაროდ პოპულარული არ არის და თუ შეიძენენ, ძალიან იაფად უნდათ. ჩემს თავს მხატვრად არ ვთვლი, მაგრამ ხატვა სიამოვნებას მანიჭებს. სხვათაშორის ორი შვილიშვილი მყავს, გოგონები, რომლებიც კარგად ხატავენ…











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი