logo_geo
ომი და მშვიდობა წიგნებთან ერთად ხუთი ფრაგმენტი
- +

28 ნოემბერი. 2016. 04:32


მე სოხუმში გავიზარდე, სოლიდურ სტალინურ სახლში, რომლის ფასადსაც ნეონის წარწერები ამშვენებდა. კითხვა ვისწავლე და ასოები ფრაზად გადაიქცნენ --„გიყვარდეთ წიგნი --ცოდნის წყარო". არ ვიცი, ვინ და როდის გადაწყვიტა, რომ სოხუმის მთავარი გზაჯვარედინი - ლენინის ქუჩისა და მშვიდობის გამზირის კვეთა --ამ სიტყვებით დაემშვენებინა, მაგრამ ამ შორსმჭვრეტელ ადამიანს მთლიანად ვეთანხმები...


„...მაგრამ მათ  სულის მოკვლა არ შეუძლიათ" 


აფხაზეთის მუხანათური ომის დროს დაცარიელებულ და პატივაყრილ სოხუმში, ყველგან დასადგურებული სიკვდილისა და ნგრევის მიუხედავად, ჯიუტად ვკითხულობდი მაისტერ ეკჰარტის წიგნს - „სულიერი ქადაგებანი და სჯანი". მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ეს ის წლებია, როცა ყველაფერს მძაფრად განიცდი, მაგრამ, ასაკის მიუხედავად, უკვე უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება მქონდა. მე-13 საუკუნის გერმანელი მისტიკოსის (ჩემდა საბედნიეროდ, 1990 წელს გამოცემულ) წიგნს ხელიდან არ ვუშვებდი. ომის დროს „იცლი" ღმერთზე საფიქრელად. საკმარისია, სული ამაღლდეს იმ საშინელებაზე, რომელიც შენ თვალწინ დატრიალდა, რომ მაშინვე პირქვე დაგცემს და ადამიანურ უბედურებათა სიმყრალეში ჩაგაგდებს.


მშვიდობიანი დროის წარმოუდგენელი კონტრასტი, არტილერიის გრუხუნი და ტანკების ღრჭიალი, სულიერების მარცვალს სწრაფად და მადლით აღმოაცენებს, მაგრამ რა დარჩა ჩემში მაისტერ ეკჰარტის წიგნთან გატარებული თვეების შემდეგ? - აი, ეს ფრაზა, რომლის გარეშეც ვერ გადავრჩებოდი: „ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, რამეთუ არ ძალუძთ სულის მოკვლა". ზოგჯერ გენიოსის ერთი ფრაზაც საკმარისია... სოხუმში circa 1992-93-ში ერთხელაც არ შემშინებია. „სული მარადიულია!" - ჩავჩიჩინებდი საკუთარ თავს, როცა ეჭვი მიპყრობდა, გაიხსნებოდა თუ არა ოდესმე ომის ხლართები და საყოველთაო იარა მოშუშდებოდა...

 

„...ჩემთან  ყვავილნი არა ხარობენ"


თბილისში 1993 წელს მოვხვდი და ოჯახის მთელი ოქრო მაშინვე პუშკინის ქუჩაზე მდებარე ლომბარდში ჩავაბარე. ორი სავსე ჯიბე ძვირფასეულობა კუპონებად იქცა (დროებითი მთავრობის დროებითი ფული), მაგრამ საშუალება მომეცა, მეუნარგიას ქუჩაზე მდებარე სარდაფში ერთი კვირით საწოლი მექირავებინა. სადგომი ჭუჭყიანი, ბნელი და საშიში იყო. იმ სახლში ბაზარში მოვაჭრეები ჩერდებოდნენ - ფულიანი, გონებაჩლუნგი რეგვნები. ასე მოხდა, რომ გაყინული თბილისი, სადაც მხედრიონი დათარეშობდა, ერთი სომხის კუთვნილი სახლის სარდაფით გავიცანი, სადაც აზერბაიჯანელი მწვანილით მოვაჭრენი საქონელს ახარისხებდნენ, „პეტრუშკა - ცალკე, ქინძი - ცალკე".


მგელივით კბილებდაკრეჭილ თბილისს „კალაშნიკოვი" მოეღერებინა, მაგრამ „კალაშნიკოვით" რას გამაკვირვებდა. ტრანსულ მდგომარეობაში ვიყავი. ვერაფრით ვერ ვიჯერებდი, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სოხუმი ეცემოდა. „მაგათი დედაც... ადამიანის უნამუსობას არ აქვს საზღვარი..."


ოცდასამი წლის ვიყავი. ღამღამობით ნესტიან სარდაფში, სრულ სიბნელეში, ჭრიალა საწოლზე ვიწექი და ვფიქრობდი, მომავალში რა გამეკეთებინა. იმ საწოლში მთელი აღმოსავლეთის სიბრძნე იყო კონცენტრირებული - მორიგი მარნეულელი მემწვანილის ხვრინვისას მივხვდი, რომ არაფრის გაკეთება საჭირო არ არის. ყველაფერი მთავარი და მნიშვნელოვანი თავისთავად მოხდება. „ბოლოს და ბოლოს, ნაღმები და ჭურვები ხომ არ სკდება, ესე იგი, გაძლება შეიძლება...".


მერე, კუპონები რომ გამითავდა, აქეთ-იქით დავწანწალებდი, იატაკზე მეძინა, სამხედრო საწყობში კარტოფილს ვიპარავდი, ვშიმშილობდი, სიგარეტ „80"-სა და „ასტრას" ვეწეოდი. მაგრამ ოქროსგან მორჩენილი კუპონებით (ვიღას ახსოვს დღეს კუპონები?) ჩემი პირველი თბილისური წიგნი - გუმილიოვის პოეზია ვიყიდე. კრებული სულ სამხედრო ზურგჩანთაში მედო და მთლიანად წავიკითხე. მის შემდგენელს ფურცლებზე უხვად მიმოებნია პოეტის, მოგზაურისა და მეომრის სალონური მარგალიტები.


„ჩემთან ყვავილნი არა ხარობენ,


ჩემთან ყვავილნი არა ხარობენ,


მათი სიტურფე მატყუებს წამით,


ერთ დღეს ჰყვავიან, ჭკნებიან ღამით,


ჩემთან ყვავილნი არა ხარობენ" (თარგმანი ვასილ გულეურისა).


ამ ცარიელი ხაკისფერი ზურგჩანთითა და გუმილიოვის ტომით წავედი სამხატვრო აკადემიაში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად. აკადემიაში ჩემ გარშემო წამიერად შეიქმნა ვაკუუმი. თავგადაპარსული საფრთხობელა უცხო ვიყავი. ვეწეოდი, ნერვულად ვაწვალებდი წიგნს, გუნებაში განუწყვეტლივ ვიმეორებდი გუმილიოვის ერთ სტროფს და თავი მისი პოეზიის ლირიკულ გმირზე უფრო უბედური მეგონა.


გუმილიოვის გმირს ჰქონდა სამყარო, რომელზეც შეეძლო ეთქვა: „ჩემთან... ერთი დღით ჰყვავიან". ჩემთვის კი ის ადგილები, სადაც ყვავილები ხარობენ და ჭკნებიან, ოთახები, ოთახის კუთხეები და რაფები, ბინები, სახლები, სენაკები, - ჯანდაბას! - აღარ არსებობდა. ჯერ დაწყევლილ, მერე კი არამზადა ბოლშევიკების დახვრეტილ პოეტზე უბედური როგორ უნდა გეგონოს თავი? - მაგრამ, შეიძლება, ჩემო ძვირფასებო, თურმე შეიძლება...


„... მტრედი შეება მედგარ ავაზას, როდესაც გახდა ხუთი საათი"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნოემბრის ერთ ცივ დღეს, როცა ტყავის ქურთუკი ამაფცქვნეს, მითხრეს, რომ მიყრუებულ დაბა წყნეთში ოთახის მიღება შემეძლო. ქურთუკი სოხუმიდან მქონდა წამოღებული, მაგრამ ერთ წამში გადამავიწყდა მისი გაქრობა: „ნეტავ, რა არის ეს წყნეთი?" - ვმკითხაობდი, თუმცა წინასწარ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, თუნდაც საწოლი - ჯოჯოხეთში, კუთხე - განსაწმენდელში, რაფა კი სამოთხეში მოეცათ. „სადაც ღმერთი გამიშვებს..." - გავიფიქრე ჩემთვის.


საქართველოს მხატვართა კავშირის დასასვენებელ სახლს უკანასკნელი თავისუფალი ბინა აღმოაჩნდა. ისღა დამრჩენოდა, მის თავმჯდომარესთან, ცნობილ მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელთან შევსულიყავი. იმ დღეს ცრიდა, ქალაქის ცენტრიდან მხატვართა კავშირის სახელოსნოებამდე, სანუკვარ კაბინეტამდე, პერანგით მომიწია მისვლა. გავილუმპე, წყალი ღვარად გამდიოდა, მაგრამ მტანჯველი ახსნა-განმარტებების შემდეგ: „დიახ, ახალგაზრდა ვარ, მაგრამ უკვე მხატვართა კავშირის წევრი", მომცეს ბარათი მინაწერით: „ციცო, ეს ახალგაზრდა მე-5 ბინაში შეიყვანე. ელგუჯა ამაშუკელი".


კაბინეტში თბილისის წვიმის პატარა გუბე დავტოვე - პირველი კონცეპტუალური ჟესტი კავშირის შენობაში. ბედნიერი გავედი მეტროსადგურ „დელისთან". თოვლ-ჭყაპისა და მოღუშული ცის მიუხედავად, მეტროსთან - როგორც „პომპეის უკანასკნელ დღეშია" - ხალხი ვაჭრობდა, ყიდულობდა, ქურდობდა, ჭკუიდან გადადიოდა... ამ დროს მარმარილოს პარაპეტზე ცელოფნის ქვეშ რამდენიმე წიგნი შევნიშნე. „ლორკა!" - შავი ტომი პოეტის კალმის ელეგანტური მონასმებით შესრულებული თეთრი მეზღვაურით. ზუსტად ასეთი წიგნი დარჩა სოხუმის ბინაში, რომელსაც ყველა ჯურის ადამიანისგან არ დააკლდა სოდომი.


წიგნებს ინტელიგენტური გარეგნობის მშიერი მოხუცი ყიდდა. ლოყები ჩაცვივნული ჰქონდა. თვალებით ივედრებოდა ათ კუპონს, რომლებიც ერთი საათის შემდეგ შეგეძლო პურის რიგში „ბუხანკაზე" გაგეცვალა. ჩემი უკანასკნელი სანუკვარი ათი კუპონი ჯიბიდან თვითონ ამოხტა.


მერე უკვე წყნეთში, ცარიელ, უმინო ფანჯრებიან ოთახში, სადაც ონკანში წყალი არ მოდიოდა და არც ორთქლის ბატარეები თბებოდა, იატაკზე დავჯექი და ლორკას ტომი გადავშალე. მთელი ჩემი სიმდიდრე იყო შავი ლორკა და ლურჯი გუმილიოვი - არამზადების მიერ ჩახოცილი პოეტები. შიმშილის შემოტევებს ყურადღებას აღარ ვაქცევდი, ჩავჩერებოდი „იგნასიო სანჩეს მეხიასის დატირებას".


„მტრედი შეება მედგარ ავაზას,


როდესაც გახდა ხუთი საათი


და რქამ მახვილმა მკერდი გაფატრა,


როდესაც გახდა ხუთი საათი.


უეცრად სადღაც ჩამოჰკრეს ზარი...


ეს იყო ზუსტად ხუთი საათი..." (თარგმანი ნანა ხატისკაცისა).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ უფრო ხმამაღლა და ხმამაღლა ვკითხულობდი ამ გრძელ, ლამაზ, იდუმალ პოემას, რომელიც ეძღვნება ხარის მიერ განგმირულ მატადორს, არენაზე სისხლისგან რომ იცლება... ხმა ორღანად იქცა. ცარიელი ოთახის ექო ლორკას სტრიქონებს იმეორებდა.


წყნეთში, ჩაშავებულ, მიგდებულ სოროში, სადაც ყველა მხრიდან ქარი უქშუტუნებდა, ბედნიერი ვიყავი - საკუთარი კუთხე მქონდა, თუმცა შავიზღვისპირა დახვეწილი, „წარმოსადეგი" სოხუმის ნაცვლად, თბილისის გორაკებს მიკრული დაბა, სადაც ნაკელის სუნი ტრიალებდა, კოსმიური მასშტაბის უსამართლობად მეჩვენებოდა.


„ღმერთო, რატომ, რატომ?.." მაგრამ ახალგაზრდა მეხიასის სიკვდილი მაინც უფრო დიდი უსამართლობა იყო:


„რა მეწამული ამოდის მთვარე... / ო, შეაჩერეთ სისხლის მდინარე / იქ იგნასიო ქვიშაზე გდია..."


„თუ წყენასა და ტკივილს ხელოვნებად ვაქცევთ... მაშინ..." - პირველმა გაუბედავმა აზრმა გამიელვა და გამეცალა. მაგრამ ლორკამ, ნათელმა, ტრაგიკულმა ლორკამ, თავისი რიტმული პოეზიით აზრი შესძინა დევნილობის პირველ უღიმღამო დღეებს...


„'Comrade Petrov works at an office. He lives near the office..."


წყნეთში ჩემ შესახებ ბევრი რამ შევიტყვე: ვარ კლასიფიკაციის გარეშე დარჩენილი ადამიანი, მარტოხელა, მთავარი მოქმედი პირი გაურკვეველ ენაზე დაწერილი პიესისა. ჩავარდნილ საწოლზე ვიწექი, ამერიკელების სამხედრო საბანი მეხურა (დროული ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი), წყნეთელი პერსონაჟების პარადი კი არა და არ მშორდებოდა თვალებიდან და არ ვიცი, შიშისა თუ უძლურებისგან, რადგან არაფრის შეცვლა არ შემეძლო, ზოგჯერ ვხარხარებდი ხოლმე. „ენები უნდა ისწავლო... აქ ცხოვრება წარმოუდგენელია, უნდა აიკრა გუდა-ნაბადი და აქედან გადაიხვეწო. ფიასკო, სრული ფიასკო - აი, ჩემი სამშობლოს სახელი..."


დეკემბრის ერთ ჩვეულებრივ, ნაცრისფერ დღეს, როცა გავიღვიძე და ფანჯარაში გავიხედე, თოვლში ჩაფლულ ეზოში ძაღლი დავინახე, რომელსაც თოვლი, რომელმაც თავზარი დამცა, სიხარულით აცქმუტუნებდა. საზაფხულო ესპადრილებით უნდა წავსულიყავი პურზე - „როგორც პიკასო და ჰემინგუეი..." - თავს კი ვიმშვიდებდი, მაგრამ ამ გენიოსებს ესპადრილები ხომ ხმელთაშუა ზღვის ცხელ პლაჟებზე ეცვათ. მე კი თითქმის კილომეტრი უნდა გამევლო ნახევარი მეტრის სიმაღლის ნამქერში. მაგრამ ერთ წამში, როცა დათოვლილ - თამარ მეფის - ქუჩაზე ერთი დღის ფურნის პურისთვის მივდიოდი და ვწყევლიდი დეკემბერს, შევარდნაძესა და სულელ ძაღლს, რომელიც სიხარულისგან უაზროდ ყეფდა, ჩემი ბედის ბორბალი ნელა დატრიალდა. როგორც იქნა, მივაღწიე ავტობუსის გაჩერებამდე.


დაბა დადუმდა. აქა-იქ სახურავების ზემოთ კვამლიღა ჩანდა. მე, სიცივისაგან მოკაკული შავი კითხვის ნიშანი, მარტო ჩავრჩი ვიღაცის მიერ დაწერილ პეიზაჟში. ამასობაში მზემ ღრუბლებიდან გამოანათა, ირგვლივ ყველაფერს შუქი მოჰფინა და სითეთრიდან გამოიტაცა - პირველად ტალახი გეგონებოდა - თოვლზე გაშლილი უყდო წიგნი. კენგურუსავით ვისკუპე, წიგნი ავიღე, თოვლი გადავბერტყე... ეს იყო "Бонк Н.А. Учебник английского языка". წიგნი ჯიბეში ჩავიდე და პურის მაღაზიისკენ სულ ხტუნვა-ხტუნვით გავიარე გზა.


„ბონკი, ბონკი..." - ვიმეორებდი გუნებაში. თავად ფაქტი - ინგლისური ენის სახელმძღვანელოს გამოჩენა - იმედს მისახავდა, რომ ბნელ, გრძელ, გაუსაძლის საღამოებს მეცადინეობაში გავატარებდი. „იქნებ ინგლისური სიტყვების დაზუთხვამ უბნის მშიერი და ავი ძაღლების ყეფა დამავიწყოს და ყურადღება სხვა რამეზე გადამატანინოს?" ხალისი მომემატა. გეგმების დაწყობას შევუდექი - „სკოლის ინგლისური უნდა აღვიდგინო. „ლოდის ქვეშ წყალი უძრავად დგას..." - ვამბობდი გულში.


იმ დღიდან ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ამხანაგი პეტროვი - მომაბეზრებელი საბჭოთა იდიოტი, რომელიც ლონდონში ჩასვლისას, უპირველეს ყოვლისა, კითხულობს, როგორ მივიდეს ინგლისის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, რომელმაც არ იცის, რა უნდა გააკეთოს მსოფლიოს ამ დედაქალაქში.


ფეხბურთი, კონცერტები, მუზეუმები - მეორეხარისხოვანი იყო ინგლისური ენის სახელმძღვანელოში მცხოვრები საბჭოთა ადამიანისთვის, მთავარი სადგურიდან პირდაპირ პარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაქცევა და მხოლოდ სამსახურზე, მუშათა კლასსა და საბჭოური წყობის სოციალიზმის უპირატესობაზე ლაპარაკი იყო - "Comrade Petrov works at an office. He lives near the office. He usually walks there. He only works five days a week..."


უკვე 90-იანების გუგუნი ისმოდა, მე კი წყნეთში ამხანაგ პეტროვთან გავეჩხირე, რომელიც ვახშმობისას ცოლს ეუბნება, რომ 8 მარტს მივლინებაში მიდის და გულდაწყვეტილ არსებას Ту-154-ის ბილეთებს უჩვენებს.


აი, როგორ ტექსტებს ვთარგმნიდი და რატომ ვიყავი მზად, პეტროვი და მთელი მისი ოჯახი დამეხვრიტა. „გადაშენდი, საბჭოთა მაკულატურავ...", - ვფიქრობდი ჩემთვის და ვცდილობდი ეს ფრაზა ინგლისურად მეთარგმნა. მაგრამ, "Die, soviet garbage"-ის გარდა, თავში სხვა არაფერი მომდიოდა...


„16 ივნისი. 1904 წელი..."


დაბა წყნეთის ტოპოგრაფია მარტივია: რამდენიმე ქუჩა და საკურორტო ზონა - ა, ბ და გ. საქართველოს დანარჩენი დაბების მსგავსად, იქაც არსებობდა ქუჩები მეფეების, მხედართმთავრებისა და ისტორიის საეჭვო გმირების პატივსაცემად დარქმეული სახელებით. მე თამარ მეფის ქუჩაზე ვცხოვრობდი, მაგრამ თითქმის მთელი 1995 წლის განმავლობაში ყოველ ღამეს სააკაძის ქუჩაზე მდებარე სახლში მეძინა. მეფის სახელობის ქუჩაზე ვსაუზმობდი და ვსადილობდი, მაგრამ ვახშმობით კი სხვა ქუჩაზე ვვახშმობდი, რომელსაც ეროვნული გმირის სახელი ერქვა. როგორ ვცხოვრობდი ერთდროულად ორ ქუჩაზე? - უბრალოდ. წყნეთში ზაფხულობით თბილისიდან დასასვენებლად ამოდიოდა სიცხისგან გათანგული შეწუხებული ხალხი, რომლისთვისაც თურმე გარეუბანი შეიძლება კურორტად იქცეს: „ბავშვები სუფთა ჰაერზე გავიყვანეთ..." - იმეორებდნენ თბილისელები. ერთ კვირაში იქაურობა პალიმფსესტს ემსგავსებოდა: პირველი შრე - ადგილობრივი, კლდეებს შეზრდილი და ონკანში სასმელი წყლის უქონლობას შეჩვეული უბრალო გლეხობა; მეორე ფენა - აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც მოგონებებისა და ჰუმანიტარული დახმარების რიგში გამართული ჩხუბის სამყაროში ცხოვრობდნენ, სულ უკანასკნელი კი განაზებული, ფულიანი, დაღლილი თბილისელობა. „ქორთუები..." - ბუზღუნებდნენ ჩემი მეგრელები, როცა მზერით აცილებდნენ რომელიმე მიუწვდომელ თბილისელ ლამაზმანს.


ხანდახან სივრცეში პარალელური ხაზები იკვეთება. ვიღაცის საშუალებით მდიდარ თბილისელ ავტოინსპექტორთან - „გაიშნიკთან" მცველად გამიწიეს რეკომენდაცია, სადაც სულ იოლი სამუშაო მელოდა. ყოველღამე სააკაძის ქუჩაზე მდებარე უზარმაზარ სამსართულიან აგარაკზე უნდა დამეძინა.


„წაქცეულს არ ურტყამენ...", - გავიფიქრე ჩემთვის.


ოჯახის უფროსმა, რომელიც სქელ, დამპალ კობრს ჰგავდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და გამომიცხადა:


„ოცი ლარი გექნება. ჩემს საძინებელში დაიძინებ. არაფერს აიღებ. არავის მოიყვან. გაწყობს?"


თბილისურმა აქცენტმა двадцать-ის ბოლოს რბილი "т" აქცია ბგერად, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენი "тццць"-ისგან განასხვავებს.


„ჯანდაბას, ოცი... ერთი შენი დედაც...", - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.


„სექტემბრიდან მოხვალ..."


„კარგი...".

 

 

 

 

 

 

 

 


ეს იყო ულამაზო, უგემოვნოდ მოწყობილი აგარაკი, სავსე ასეთივე უშნო და გონებაჩლუნგი ადამიანებით. ოჯახს ვერც გვარი – ტაბიძე შველოდა. „უიმედო პერსონაჟები...“, – გავიფიქრე, როცა საგზაო პოლიციის თანამშრომელმა, კაპრალმა, ავანსი – ათლარიანის უჩვეულოდ ახალი კუპიურა გამომიწოდა, ისეთი ახალი, თითქოს აგარაკის მფლობელს თვითონ დაებეჭდა ნახევარი საათის წინ.

 

ერთხელაც მეზობლის გამხდარ ბიჭს ჯოისის მდიდრული, სადაფისფერი სამტომეული გაუჩნდა. მას ლიტერატორობის ოდნავი პრეტენზიები ჰქონდა, მაგრამ ქართული სუფრისთვის გამოსადეგ სტროფებს ვერ გასცდებოდა. მეზობლის წარმოსახვითი სამყარო დასახლებული იყო მეფეებით, ლამაზმანებით, ვაზით, მეომრებით, სამშობლოს პეიზაჟებით – ერთი სიტყვით, იმით, რაც ქართულად გაურითმავთ. ჯოისი კი ნამდვილი ჰქონდა. თავდაპირველად წიგნები ხელის შესავლებად მომცა. შურისგან გავფითრდი.

 

„არა უშავს, ძვირფასო, ცოტა წაიკითხე და მერე ამ წიგნებს შენ თვითონ მომიტან...“, გადავწყვიტე, დარწმუნებულმა, რომ „ულისე“ „მელექსის“ საკბილო არ იყო.

 

ერთ კვირაში იქაურობა პალიმფსესტს ემსგავსებოდა: პირველი შრე – ადგილობრივი, კლდეებს შეზრდილი და ონკანში სასმელი წყლის უქონლობას შეჩვეული უბრალო გლეხობა; მეორე ფენა – აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც მოგონებებისა და ჰუმანიტარული დახმარების რიგში გამართული ჩხუბის სამყაროში ცხოვრობდნენ, სულ უკანასკნელი კი განაზებული, ფულიანი, დაღლილი თბილისელობა.

 

მთელი 1989 წელი “Иностранная литература” ჯოისის შედევრს გაგრძელებებით ბეჭდავდა და რამდენიმე თავის წაკითხვის საშუალება მომეცა, მაგრამ თორმეტივე ნომრის შეგროვება და მშვიდად წაკითხვა არ გამომივიდა. ახლა კი „ჩემი ჯოისი“ სულ ახლოს „სახლობდა“. როგორც გამოცდილმა მეთევზემ, ანკესი მოვიქნიე და მშვიდად შევუდექი ნაპირთან ლოდინს.

 

ჯოისის გულისთვის მთელ ოჯახთან – დედასთან, მამასთან, შეუხედავ დებსა და, რა თქმა უნდა, „პოეტთან“ – „არშიყობა“ დავიწყე. გავხდი „ოჯახური ნატურმორტის“ ნაწილი, ოჯახის ახლობელი, მეგობარი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, რომელსაც ესმის, რა საშინელებები გამოიარა ამ ხალხმა, და რომელიც მზადაა შენს მოსასმენად და დარდის გასაზიარებლად. „ულისეს“ წაკითხვა ძალიან მინდოდა. ლამის ოჯახის მომავალ სიძედ შემრაცხეს. შესაშური რეგულარულობით დავდიოდი მათ ბინაში, „ზონა ბ“-ში. სამტომეული დიდი ხნის განმავლობაში კუთხეში ეწყო და სულ ველოდებოდი, „პოეტი“ მას როდის შეეხებოდა. შემოდგომის ერთ მოღრუბლულ დღეს საოცრება მოხდა – „პოეტის“ ოთახში შევედი და ჯოისის მეორე ტომი გადაშლილი დავინახე. ყავის სმისას ძმაბიჭმა შემომიტია: „ეს რა წიგნია?“

 

თუ ჯოისის „ულისეს“ წაკითხვას შეუდგებით, ხეტიალი, ხეტიალისას გასავლელი ტანჯვა-წამებაც დასრულდება, რაც ნიშნავს, რომ თქვენ გქონდათ დრო და ადგილი ამ ხანგრძლივი და თავსამტვრევი პროცესისთვის, უფსკრულში ჩასაშვებად, ევროპის ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე გრძელი დღის განმავლობაში სამოგზაუროდ. 1904 წლის 16 ივნისი – ეს დიდი ხნის წინანდელი ლიტერატურული დღე მთელი 1995 წელი გაიჭიმა. ყოველდღიურ პრობლემებში გახლართული ორი გმირის – სტივენ დედალუსისა და ლეოპოლდ ბლუმის (დედის გარდაცვალება, ცოლის ღალატი, ქალაქის ჭორები, ახალი ამბები გაზეთებიდან), გზები გადაკვეთისთანავე იყრება. „ულისე“ ლიტერატურული გმირების ხეტიალია დუბლინში მიკროფონით თავში. მწერალმა სწორედ ამ რომანში გამოიყენა პირველად „ცნობიერების ნაკადი“.

 

ასე მოხდა, რომ გაყინული თბილისი, სადაც მხედრიონი დათარეშობდა, ერთი სომხის კუთვნილი სახლის სარდაფით გავიცანი, სადაც აზერბაიჯანელი მწვანილით მოვაჭრენი საქონელს ახარისხებდნენ, „პეტრუშკა – ცალკე, ქინძი – ცალკე“.

 

„ულისე“ ხმამაღლა უნდა წაიკითხო, რომ ტექსტს „უსმინო“ და რადგან აგარაკის ინტერიერი რომანს არ უხდებოდა, მედიტაციას მივმართავდი, ყოველ ღონეს ვხმარობდი, რომ საძინებლის კუთხეებში მდგარ პლასტმასის ყვავილებით სავსე ჩინურ ლარნაკებს დუბლინის ქვაფენილისთვის დაეთმოთ ადგილი. აღმოვაჩინე, რომ თბილისელ მეშჩანებს აგარაკებზეც თითქმის ისეთივე სტილის ავეჯი აქვთ, როგორიც სახლებში – მძიმე, მოწიწებით „ანტიკვარიატს“ რომ უწოდებენ, რომელსაც აგარაკის ავეჯისგან მხოლოდ ფერი განასხვავებს – სითეთრე. აი, ასეთი თეთრი სავარძლიდან ან მილიციონერ ტაბიძის ასეთივე თეთრ, ფსევდობაროკულ საძინებელში, ანგელოზებიან საწოლში მწოლიარე საღამოობით ვცდილობდი ჩავწვდომოდი რომანს, ათ-ათი ფურცელი ყოველ საღამოს, ნახევარი საათი კი – კომენტარებს.

 

„ულისეს“ მკითხველი თავისდა უნებურად ეფლობა ლიტერატურულ „ცნობიერების ნაკადში“, რომლითაც მოდერნისტულმა ლიტერატურამ ხელოვნების სხვა დანარჩენ დარგებს გაუსწრო და დიდება მოუხვეჭა. არც ფერმწერს, არც მხატვარს, არც მოქანდაკესა და არც ფოტოგრაფს არ შეუძლია ადამიანის აზრთა მდინარების გადმოცემა, არც ღვთაებრივის მეზობლობისა მდაბალთან; არ შეუძლიათ ერთდროულად გადმოსცენ ფიქრები მარადისობაზე და ბოყინის ან წვნიანის გემო. მწერალმა კი შეძლო ჩვენი არსებობის ყველაზე ინტიმურ ნაწილში შეღწევა, იქ, სადაც მარტონი ვართ, საკუთარ თავთან ვრჩებით და თავს უფლებას ვაძლევთ, ვიაზროვნოთ და ავწონ-დავწონოთ ის, რის თქმასაც ვერასოდეს გავბედავთ, და გულდასმით ავსახოთ ჩვენ ფიქრთა ტალღები. მაგალითად, სახეების ართურმა ბლუმის თავში კატის დანახვაზე: „ამბობენ, რომ ისინი სულელები არიან. მათ უკეთესად ესმით, ჩვენ რას ვლაპარაკობთ, ვიდრე ჩვენ გვესმის მათი. აი ამას ყველა გაიგებს, ვისაც უნდა, მათ შორის, გულღრძოც. ნეტავი, მის თვალებში როგორი ვჩანვარ, კოშკის სიმაღლე? არა, მას შეუძლია ამომახტეს...“

 

იმ ზამთარს, ტაბიძის აგარაკზე, „ცნობიერების ნაკადის“ იმიტირებას შევეცადე: რამდენიმე აბზაცი რვეულში ჩავიწერე, მაგრამ მაშინდელი ჩანაწერები ზაფხულს გაჰყვა. დროის ალში ჩაიწვა. რა გადარჩა? – მოგონება ჩემს პირველ ლიტერატურულ გამოცდილებაზე და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა, რომ ლტოლვილობის კლანჭებისგან თავის დაღწევისთანავე დუბლინში გავემგზავრები სტივენ დედალუსის, ბაკ მალიგანის, ლეოპარდი და მოლი ბლუმების ქუჩებში სახეტიალოდ...

 

 

წყარო: http://indigo.com.ge/

 

 

ტექსტი: ლადო ფოჩხუა, ნიუ იორკიდან; ფოტო: ლადო ფოჩხუა, პირადი არქივი; რუსულიდან თარგმნა რუსუდან დარჩიაშვილმა; 

 

 

 

 

 

 











 

big_banner
არქივი