logo_geo
ვაჟა-ფშაველას გერმა მწერლის შვილი მოკლა
- +

29 ნოემბერი. 2016. 12:12


 

ჩარგლის სასაფლაოზე (რაზიკაშვილთა გვარის პანთეონში) ლუკა რაზიკაშვილის საფლავის გვერდით 25 წლის ბიჭის, მიხა ხელაშვილის საფლავია, თავისი ძალმოსილი სიტყვითა და ცხოვრების წესით სიცოცხლეშივე რომ იქცა ლეგენდად. სამწუხაროდ, ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ საყოველთაოდ ცნობილი ხალხური ლექსი „ლექსო, ამოგთქომ, ოხერო" მიხა ხელაშვილს ეკუთვნის. რატომ გახდა საჭირო მისი შემოქმედების გახალხურება, რატომ იყო აკრძალული მისი ხსენება, რომელმა ქართველმა მწერალმა გაისვარა მისი სისხლით ხელები? გვესაუბრება იმ პიროვნების შვილი, ვისი წყალობითაც გადარჩა მიხა ხელაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა. „პრაიმტაიმის" სტუმარია მწერალი გიგი ხორნაული:


- შუა ფხოვს რომ გაივლით, არაგვის ხეობა საგრძნობლად ვიწროვდება, გზა მიდის გაღმა-გამოღმა აყუდებულ ფრიალოებს შორის. გვხვდება დასახლებული ადგილები და სალოცავები, ზარისჭალა, გოგოლაურთა, ხოშარა, ლაშარი, მის მოპირდაპირედ ღელის, თამარის სალოცავია. ღელისა და ახადის გორის შუა მდინარე წაწადა მიიკვლევს გზას. წაწადის მარჯვენა ნაპირას მიემართება ახადში ასასვლელი ბილიკი. სწორედ ამ სოფელ ახადში დაბადებულა და გაზრდილა მიხა ხელაშვილი, უფრო სწორად, ხელაიშვილი, მიხას წინაპრები ხელაიშვილები იყვნენ, მიხას მამა ზურაბი დაიწერა ხელაშვილად. მიხა ხელაშვილი დაიბადა 1900 წლის 25 იანვარს, ბედნიერმა ზურაბმა და მისმა მეუღლემ თამარმა ხატს ზვარაკი შესწირეს შვილის ბედნიერებისთვის, მიხამ ბავშვობა ახადში გაატარა. გამორჩეული ბავშვი ყოფილა გარეგნობით, ნიჭიერებით, ბავშვობიდანვე ვერ იტანდა დაუმსახურებლად სხვის დაჩაგვრას და ყველას ესარჩლებოდა. მიხას სოფლის ეკლესიაში მიუღია დაწყებითი განათლება და ღვთისმსახურობა გადაუწყვეტია. ახადიდან მიხა ჩარგალში დიაკვნად გაამწესეს, სწორედ აქ დაუახლოვდა ვაჟა-ფშაველას ოჯახს, გამორჩეულად ჰყვარებია მისი ვაჟი ლევანი. აქვე გაუცნია მეზობელი სოფლიდან კაწალხეველი ვანო ხორნაული, მამაჩემი, რომელმაც შეინახა მიხა ხელაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა.


- რატომ და როგორ იქცა სოფლის დიაკვანი საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად?


- როგორც გითხარით, მიხა ბავშვობიდანვე ვერ იტანდა ვინმეს დამცირებას და დაჩაგვრას, მიუხედავად იმისა, რომ დიაკვანი იყო, ყველგან იარაღასხმული დადიოდა. ამაზე კიდეც საყვედურობდა ბარისახოს მღვდელი, ღვთისმსახური მეომარივით რატომ დადიხარო. ამაზე მიხა ღიმილით პასუხობდა, - მთიელ კაცს ყოველთვის სჭირდება სავაჟკაცო ზნესა და საქმეში იარაღი, რას მერჩით, არავის ვუშავებ და არავის ვაწუხებო. საერთოდ, მთიელი მოწინავე ახალგაზრდები, რომლებიც მიხას გარშემო იყვნენ შეკრებილნი, ხშირად ბჭობდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და მამულის გათავისუფლების გზების შესახებ. მიხა თავისუფალ საქართველოზე ოცნებობდა, რადგან ის თავის ზნე-ხასიათით იყო თავისუფლების მოყვარე, მებრძოლი, ბობოქარი სულის კაცი. ჩარგალში ცხოვრების დროს, მიხას შეუყვარდა ჩარგლელი მდიდარი მეცხვარის, ფოცხვერა ბაჩიაშვილის უმცროსი ქალიშვილი დედუნა, სხვებისგან თვალ-ტანადობით გამორჩეული, მიხას პოეზიაზე შეყვარებული გოგო. ვაჟა-ფშაველას მეზობლად ცხოვრობდა დედუნას ოჯახი. მიხამ ხელი სთხოვა დედუნას, ფოცხვერამ უარით გაისტუმრა, გოგოს ყმაწვილქალობა მოიმიზეზა, სინამდვილეში კი, თავისი ოჯახის შესაფერის სასიძოს ეძებდა. მიხას მაინც არ დაუყრია ფარ-ხმალი და გადაუბირებია კიდეც დედუნა, რომ მამის ჩუმად გაჰყოლოდა ცოლად, მაგრამ ვერ მოუსწრიათ დაოჯახება, ისე გარდაცვლილა ფოცხვერა ბაჩიაშვილი. დედუნას მამის დაკარგვამ დააბრკოლა მათი ქორწინება, შემოდგომა იყო, ვაჟა-ფშაველას შვილს - ლევან რაზიკაშვილს კომისარი კოლა ჯანგნელიძე ესტუმრა მილიციელებით. თანასოფლელი ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სროლაში, ეს არ მოეწონა კომისარს, რა სროლა გაგიმართავთო, უსაყვედურა მასპინძელს. შეჯიბრება-გართობა გვაქვსო, თავი იმართლა ლევანმა. მილიციელებმა იქ ახლო მყოფ ქალებს, რომლებიც ცხენებს აძოვებდნენ, ლაზღანდარობა დაუწყეს. სწორედ ამ ქალებს გამოესარჩლა და მილიციელებს შეეკამათა მიხა ხელაშვილი. კომისარი მიხას მიუხტა და მაუზერი წაართვა. ამ დღიდან გახდა მიხა ხელაშვილი მილიციელებისთვის ხალხის მტერი. მიხა იძულებული გახადეს, ტყეში გასულიყო. მთავრობას ერიდებოდა, თუმცა ხალხს არაფერს უშავებდა. სწორედ ამავე პერიოდში გახდა მიხა ხელაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი და ქაქუცასთვის გამორჩეული და ნდობით აღჭურვილი ადამიანი. შორიდან უწევდა მიხას დედუნასთან ურთიერთობა, მისთვის თვალის შევლება. მას ოფიციალურად ცოლ-შვილი არ ჰყოლია, მაგრამ დედუნამ მიხასგან გააჩინა თამარი, რომელსაც მამის მზრუნველობა და მოფერება არ ღირსებია. მიხა ჭოგრიტით უყურებდა ოჯახს, რომ მისგან ათასჯერ აწიოკებული ოჯახი კიდევ არ შეეწუხებინათ. ქაქუცას რაზმის წევრი იყო ლევან რაზიკაშვილიც, მიხასთვის ყველაზე სანდო, საიმედო და თანამოაზრე მეგობარი... მწყემსები და მგზავრები თვითონვე აწვდიდნენ სარჩოს, მიხა არავის აწუხებდა. პირადი ცხოვრება და ბედნიერება შორს დარჩა, ჩუმი და მოპარული გახდა მისთვის წუთისოფლის ლხენა და ნეტარება, მაგრამ დედუნასა და მის პატარა ბავშვს ხშირად აწიოკებდა მილიცია. ავტორიტეტით, გარეგნობით, ძალ-ღონით, სისწრაფით, სროლითა და მელექსეობით გამორჩეულმა მიხამ ძალაუნებურად დაჯაბნა და დაჩრდილა ჩარგლის ახალგაზრდობა, ამიტომაც ემტერებოდა მას ზოგიერთი მათგანი.


მოღალატეთა რიცხვში იყო ვაჟა-ფშაველას შვილად ცნობილი, მწერალი ვახტანგ რაზიკაშვილი, რომელსაც დედუნაზეც დაედგა თვალი და ეს გარემოებაც იყო მიხა

ხელაშვილის მტრობის მიზეზი. ლექსად შეუთვალა ტყიდან:


„ეგრე უთხარით ვახტანგსა, ხელაშვილ დაგმდურებია,

ჩემგან რა გინდა, რას მეძებ, რაისთვინ მიმზირდებია,

იცოდე, იქ ნუ გაივლი, სადაც ხელაის გზებია,

თავის გვარდავიწყებულო რაზიკაშვილი ხდებია..."


რატომ იყო ვახტანგ რაზიკაშვილი გვარდავიწყებული მიხასთვის და საერთოდ, ჩარგლის საზოგადოებისთვის, ეს ცალკე თემაა და ვფიქრობ, საგანგებოდ ამ თემაზე საუბრისთვისაც მოვიცლით. იცოდა მიხა ხელაშვილმა, კომუნისტები დიდხანს რომ არ აცოცხლებდნენ, ვაჟა-ფშაველას შვილსაც არ აპატიეს თავისი გიმნაზიელი მეგობრის ქაქუცას ფშავიდან გაცილება. მიხას კი აშკარა თანამებრძოლეობას, იარაღით ხელში ბრძოლას ვინ აპატიებდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელს შეეწირა ვაჟა-ფშაველას სიძე, უფროსი ქალიშვილის, თამარის ქმარი - შალვა უწუკლიშვილი. მას პეტერბურგის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და ბრწყინვალედ სცოდნია გერმანული ენა. ერთხელ, შალვა ერწოდან თიანეთში მიდიოდა ცხენით, ივრის პირას თიანელ კომუნისტ-კომკავშირლებს სუფრა ჰქონიათ გაშლილი. მოუწვევიათ შალვა და უთქვამთ, - ისეთი სადღეგრძელო გვითხარით, ჩვენ რომ არა გვქონდეს დალეული, ჭკვიანი კაცი ხარ, კარგ რამეს იტყვიო. შალვას უთქვამს, - მოდი მაშინ, ქაქუცა ჩოლოყაშვილს გაუმარჯოს, ვიცი, თქვენ იმას არასდროს ადღეგრძელებთო. მეორე დღესვე დაუპატიმრებიათ შალვა და გადაუკარგავთ. მიხას უამრავჯერ აუწიოკეს სიძე-დის ოჯახი სოფელ აფხუშოში. დედასაც მივარდნიან, გვითხარი, სად არის შენი ყაჩაღი შვილიო. მიხას დედა, რომელიც არაერთხელ აუწიოკებიათ, აფხუშოში შვილ-სიძესთან გახიზნულა. დის და სიძის ოჯახიდან ყველაფერი წამოუღიათ, რისი წაღებაც შეიძლებოდა, საქონელი გაურეკავთ, ხოლო მიხას მოხუცი დედა, მაშინ, როცა მიხას და და სიძე არ იყვნენ, წამებაში შემოკვდომიათ. გვითხარით, სად არის შენი ყაჩაღი შვილიო. ვერ ბედავდნენ ჩარგლელები მიხას დედის დასაფლავებას, მიხამ გააბედვინათ. ტყიდან დაუნახავს, საფიხვნოში ყოფილან რაღაცაზე სათათბიროდ შეკრებილნი, მივარდნილა ორივე ხელში იარაღშემართული, დედა მომიკალით და დამარხვა აღარ გინდათ, დამარხეთ, როგორც წესია, თორემ განანებთო. ჩარგლელებს ყველა წესი დაუყენებიათ მიხას დედისთვის და საფლავიც ეკლესიასთან გაუთხრიათ. საფლავში ჩასვენების წინ მოსულა მიხა, დედა დაუტირია და წასულა. იმ იმედით მოვიდა დედის დაკრძალვაზე, იქნებ ვინმემ ზურგში მესროლოსო. უთქვამს კიდეც ვიღაცას, მოდი, ვესროლოთო. ვიღაცა გასჯავრებია, ასე საჯაროდ კაცის კვლაში ნაშოვნ ფულს ღმერთი არ შეგვარჩენსო. ხელაშვილის დასაჭერად და ხელში ჩასაგდებად ჯილდო იყო დაწესებული, კომუნისტებმა მისი მეგობრების მოსყიდვა დაიწყეს.


1925 წლის 25 იანვარს ყინვისგან შეწუხებული მიხა დაღამებას ვეღარ დაელოდა და თავისი ძმადნაფიცის სახლში, რომელთანაც ფიცვერცხლი ჰქონდა ნაჭამი, შებინდებისას მისულა. ლუკა მარცვალაშვილს მეტისმეტად „გახარებია" ძმადნაფიცის მისვლა, მაშინვე ხინკლის თადარიგს შესდგომია და მისი მეორე მკვლელისთვის, ლევან გარსევანიშვილისთვისაც შეუტყობინებია, რომ მიხა მასთან იყო. ფშაური წესის თანახმად, სტუმრის პირის გაპარსვა პატივისცემად ითვლებოდა, ეს წესი დაუყენებია ლუკას. სხვა ყველაფერთან ერთად, მიხა ხელაშვილი წინათგრძნობის ნიჭითაც გამოირჩეოდა და დარწმუნებული იყო, რომ ეს მისი საბედისწერო სტუმრობა იყო. უთქვამს კიდეც, გული მიგრძნობს, ღალატს მიპირებ, ბარემ ყელში გამამისვი ეს სამართებელი, ლუკავ, და აქვე დამამთავრეო. ლუკას ტირილი დაუწყია, რის თქმას მიბედავ, როგორ ვიკადრებ მაგ ზნედაცემულ საქმესო. ხინკლის ჭამის დროს უმატა ღვინის დალევას, როგორც ჩანს, საკუთარ თავს ამხნევებდა სიკვდილის მოლოდინში. ახლა ვაზნა მიუწვდია ლევან გარსევანიშვილისთვის და უთქვამს, - ტყვია დამკარი და უცებ გამათავებსო. ვითომ იმანაც ძალიან გაიხარა მიხას ნახვით, არაყს აძალებდა, სიცივეა და გაგათბობსო. გვიან გაჭრა პურის არაყმა, მაგრამ, როცა გაჭრის, დაბანგულივით დააგდებს კაცს. მთვრალი მიხა, ვითომდა მეტი სიფრთხილისთვის, ემანდ მოღალატეები მოსაკლავად არ მოსულიყვნენ, საბძელში დაუძინებიათ. მართლაც დააყენეს თავზე მათ ის აქტივისტი კომკავშირლები, რომელთაც ხელაშვილის დედის ცოდვა ედოთ და ახლა მიხას მოკვლითაც იყვნენ დაინტერესებულნი. ლუკა წინ გაუძღვა ლამპით, უკან ლევანი მიჰყვა ფეხზე შემდგარი თოფით, ლუკამ მიუნათა, ლევანმა თავში დაჰკრა. ზოგის თქმით, ლევანს ხელი აუკანკალდაო და ბოლო მომენტში იქვე მყოფმა, კაცის კვლაში გაწაფულმა კომკავშირელმა დაჰკრაო. ეს კომკავშირელი კი ვახტანგ რაზიკაშვილი გახლდათ. მიხას მოკვლის ამბავი იმ დღეს დამალეს. ვახტანგი გაიქცა მაღაროსკარში მილიციისთვის შესატყობინებლად, მეორე დღეს ჩუმად მოვიდნენ, ყასიდად ატეხეს თურმე სროლა, ვითომდა, მიხა ჩვენ მოვკალითო. გამთენიისას ჩამოიტანეს მისი ცხედარი და საფიხვნოში დადეს ხალხის საჩვენებლად და დასაშინებლად. თან იძახდნენ, მოკვლა არ გვინდოდა, მაგრამ გაქცეულს შემთხვევით მოხვდა ტყვია შუბლშიო. მერე ცხენგამობმულ ყალზე დააკრეს და იქ დააგდეს მილიციის ეზოში. იმდენხანს ეგდო, ვიდრე მისმა ტანსაცმელმა ფერი არ დაკარგა და ცხედარი არ გაიხრწნა, ნახევრად შეჭმულს მილიციამ გადაგდება არ დაუპირა. ძმაზე მლოცველმა აფხუშეველმა დამ - სალომემ, რომელიც ზაზა და ლელა რაზიკაშვილების ბებია გახლავთ, გასაოცარი სიმტკიცით ცნობილმა ქალმა, საბძელში გაბნეული მიხას ტვინი და სისხლი მოკრიფა და დედის საფლავთან დაფლა. საიდუმლოდ ჩავიდა დუშეთში, ღამე მიხას ბარისახოელი მეგობრის, მილიციაში ჩამდგარი ხევსურის დახმარებით მოიპარა ძმის ცხედარი, ხურჯინით აჰკიდა ცხენს და მალვითა და ღამე მოგზაურობით აიტანა ჩარგალში. აიტანა მიხას ცხედარი და დედის საფლავის გვერდით თავის ტვინ-სისხლთან ერთად დამარხა.


გასაოცარი დამთხვევაა, მიხა ხელაშვილი 1925 წელს 25 იანვარს მოკლეს, რა დღესაც მას 25 წელი შეუსრულდა. გასაოცარი გამბედაობით გამოირჩეოდა მიხას საქმეები, ის საბჭოს შენობაში შეუვარდა კომკავშირლებს, ლენინის სურათი ჩამოიღო კედლიდან და ფეხით დაამტვრია. იმ დროს, როცა ლენინს კაცობრიობის ბედნიერების მომტანად და ამომავალ მზედ ხატავდნენ. მან კი დაცინვით დაწერა და „ახალი ქრისტე" უწოდა:


შენ სურათს, „ახალო ქრისტევ", ერს თაყვანს აცემინებენ,

ვით პირველყოფილ კერპისთვის ყველას თავს ახრევინებენ,

შენი სახელის წიგნაკებს სოფლებში არბენინებენ,

ვინც არ გილოცავს, იმ პირებს, „ჩეკაში" აქნევინებენ.

მარქსისტთა სახარებასა წირვაზე ასმენინებენ,

თვითონ სახსნილოს მიირთმევ, სხვებს მარხვას აჭერინებენ,

მზაზედა სვლეპენ სხვის შრომას, მშრომელს კი აცქერინებენ,

შენი მიმდევნი შენს სიტყვით ხალხს ერთურთს ათელვინებენ...


მიხა ხელაშვილს დააბრალეს კომისარ მისრიაშვილის სიკვდილიც, ამაზე მიხამ არაჩვეულებრივი შედევრი დაწერა, სადაც გარკვეულია, რომ მისრიაშვილის სიკვდილთან მიხას საერთო არ ჰქონია:


„შენს მოკვლას მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო,

გაზაფხულ როდის დადგება, შაშხანავ აგახმიანო,

ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკო დავაჭკვიანო,

კომუნისტების მტერი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო..."


- როგორც ჩანს, კომუნისტები არ იცნობდნენ მიშას ლიტერატურულ მემკვიდრეობას, ამიტომაც, გაბედა მამათქვენმა ვანო ხორნაულმა მისი ლექსების შენახვა, შემდეგ კი დაბეჭდვა და გამომზეურება.


- მიხა ხელაშვილის „ლექსო, ამოგთქომ ოხერო", პირველად ვახტანგ კოტეტიშვილს შეუტანია ხალხურ პოეზიაში. ეს ლექსი მისთვის მამაჩემს, ვანო ხორნაულს მიუწოდებია. რა თქმა უნდა, ვახტანგ კოტეტიშვილმა იცოდა, რომ ლექსი ხალხური არ იყო, მაგრამ იმისთვის, რომ ეს შედევრი და საკუთარი თავი გადაერჩინა, ავტორი შეგნებულად არ დაუსახელებია. თუმცა დიდი გამბედაობა იყო მისი მხრიდან ამ ლექსის ხალხურ პოეზიად გამოცხადება. აკი, ამისთანა გაბედვებს შეეწირა კიდეც სიცოცხლე ვახტანგ კოტეტიშვილისა. მახსოვს, შინაურ სტუმრიანობისას მამაჩემი მიხა ხელაშვილის ლექსებს მღეროდა ფანდურზე და მის შესანდობარსაც თვალცრემლიანი ამბობდა. ჩვენთან კი არასოდეს წამოსცდენია, რომ მიხას ნაწერები სწორედ მასთან ინახებოდა. სახლში არავინ მიპოვოსო, წაუღია და ერთი დიდი ხის ფუღუროში დაუმალავს და ჩვენთან გაავრცელა ამბავი, ის ხე მოსადევრიანია, საშიში ადგილია, ეშმაკის საბუდარია, იქ არ გაიაროთ, თორემ დაიხელთებით, ანუ გაგიჟდებითო. ჩვენც გვეშინოდა და სათოფეზე არ ვეკარებოდით იმ არე-მარეს, სადაც თურმე მიხას ლექსები ინახებოდა.


მიხას თავისი მოკვლის წინა დღეს დისთვის, სალომე ხელაშვილისთვის უთქვამს, თუ მომკლეს, ჩემი ნაწერები ვანო ხორნაულს ჩააბარეთ, ის მიმიხედავსო. რა ნდობა ჰქონდა ასეთი 19 წლის ბიჭისა, არ ვიცი. მამას წამოუღია ის ნაწერები სალომესგან და თვითონ რაც ჰქონდა სახლში, ისიც დაუმატებია. მეტად საიმედოდ შეუფუთავს, ისე, რომ ხანგრძლივ ჟამთასვლას გაუძლო და ვერც ქარმა და ვერც წვიმამ ვერაფერი დააკლო.


1965 წელს მიხას ქალიშვილი, თამარ ხელაშვილი, რომელიც ქვემო ქედში იყო გათხოვილი, მისულა მამაჩემთან და უთქვამს, - მამიდა სალომესგან ვიცი, რომ მამაჩემის ლექსები ჩაგიბარებია და თუკი სადმე გაქვს, გადამაწერინეო. ვისთანაც კი მეგულებოდა, ყველას კომუნისტების შიშით ცეცხლში ჩაუწვავსო. მამაჩემს მიუსწავლებია გაღმა ეხში, სადაც ინახებოდა მიხას ნაწერები და თან უთქვამს თვალცრემლიანს, - იქნებ დადგეს დრო და გამოცემაც მოხერხდეს, ახლა კი ამ ამბავს ნურავის ეტყვიო.


1961 წელს კახეთში დიდ ფოლკლორისტულ ექსპედიციაში მონაწილეობის დროს პანკისში, ჩემი ბიძაშვილის, გოდერძი ხორნაულის ოჯახში აღმოვაჩინე მიხა ხელაშვილისა და მისი ძმის, პავლე ხელაშვილის ლექსების რვეული, გასაიდუმლოების მიზნით პირველი ფურცელი ამოხეული ჰქონდა, ასევე, საიდუმლოდ გადმოვწერეთ მე და მაშინ ჩემმა საცოლემ - ნანა კოტეტიშვილმა. ჩემი ბიძაშვილის მეუღლე ბაბალე, მიხა ხელაშვილის ნათლული იყო. სწორედ მას უჩუქებია ეს რვეული მიხასთვის. ასე გავხდი მიხა ხელაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობის გამომქვეყნებელი და სამზეოზე გამომტანი. საავტორო უფლებაც მივიღე მიხა ხელაშვილის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე. რადგან უკვე ხელთ გვქონდა მიხას ნაწერები, ფოლკლორის განყოფილების არქივშიც მოვძებნეთ მიხას ხალხურად დაბეჭდილი ლექსებიც, დავუკავშირდი ბაჩანას შვილიშვილებს, ლელა და ზაზა რაზიკაშვილების ოჯახებს, მათი ბებია იყო მიხა ხელაშვილის და - სალომე.

 

- რა ბედი ეწიათ იმ ადამიანებს, როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრების გზა, ვინც ხელი გაისვარეს მიხა ხელაშვილის სისხლში?


- მიხა ხელაშვილის მკვლელს ჰპირდებოდნენ იარაღს, სამსახურს, ას მანეთსა და ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლებას, მაგრამ მკვლელები მხოლოდ თოფით დასაჩუქრებულან. თანაც, მხოლოდ ლევან გარსევანიშვილს მიუღია კაცის კვლაში ჯილდო, მეტს არავის. იგი მოსისხლეებმა მოკლეს იმავე ზაფხულს. ლუკა მარცვალაშვილი გამოცდილ ძებნილს, გოგია ჭიჭოშვილს მოუკლავს შირაქში, ტარიბანაში. ლუკას უთქვამს შეიარაღებული კაცისთვის, ვინა ხარო. გოგიას უპასუხია, მიხა ვარ ხელაშვილი, მოვიდა შენი აღსასრულის დღეო. წამებად იქცა ვახტანგ რაზიკაშვილის ცხოვრებაც, რომელიც საოცრად დახლართული ჯაჭვით არის გადაბმული მიხა ხელაშვილის ბედთან. ყველაზე ტრაგიკული კი ის გახლავთ, რომ მიხას საყვარელი დედუნა ვახტანგ რაზიკაშვილის შვილის დედაც გახდა... აღსრულდა მიხას წინათგრძნობა, „ცოტა ხანშია ცოლიცა, სხვისა ჭირს გაალხინებსო", თუმცა ჭირიც არის და ჭირიც...


ავტორი: ნათია მარგველაშვილი


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი