logo_geo
NASA-ს ბავშვები – ინოვაცია, რომელიც მეწყრის მოახლოებას წინასწარ გაიგებს
- +

30 მაისი. 2017. 15:42


 

ახალგაზრდა გამომგონებლების კიდევ ერთი გუნდი, რომელიც NASA-ში გაემგზავრა და NASA- კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე გახდა, „Smart Kids"-ია.

სენაკელი მოსწავლეების მიერ შემდგარმა გუნდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვება მოიპოვა პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები". გამარჯვებული გუნდის წევრები სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეები არიან: ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ალექსი ტყებუჩავა, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი.

„პრაიმტაიმი" NASA-ს კოსმოსური ცენტრიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს დაუკავშირდა და ინოვაციური პროექტის შესახებ დეტალების გარკვევას შეეცადა.

როგორც „პრაიმტაიმს" გამარჯვებულმა გამომგონებლებმა აუხსნეს, მათ შექმნეს შეტყობინების სისტემა სპეციალურად მეწყერსაშიში ზონებისთვის, რომლის მიზანია, წინასწარ გაიგოს მეწყრის მოახლოება და მიიღოს შესაბამისი ზომები ბუნებრივი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

ალექსი ტყებუჩავა: „გრუნტზე დგება მაგნიტი, რამდენიმე მილიმეტრის დაცილებით მაღლა მოთავსებული იქნება ჰოლისენსორი. გრუნტის მოძრაობა იწვევს მაგნიტის მოძრაობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგნიტური ველის ინტენსივობა იცვლება, რასაც ჰოლისენსორი აღიქვამს და მიკროპროცესორს გადასცემს. ეს უკანასკნელი გვატყობინებს ჩვენ, ცენტრალურ სერვერსა და პლანშეტებს. ჩვენ გეოლოგებთან გვაქვს შეთანხმება და როდესაც დამონტაჟებას დავასრულებთ, ზღვარი დაწესდება და ამ ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში მოსახლეობასთან SMS-ები გაიგზავნება GSM მოდულის სახით".

მეწყრის შეტყობინების სისტემის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოვარდნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა საქართველოში რამდენიმე დასახლებას პრობლემა შეუქმნა, მათ შორის სენაკსა და სურამს.


ნათია შამათავა: „2016 წელს მოვარდნილმა ღვარცოფმა და წყალდიდობამ ჩვენი სკოლა-გიმნაზიის წინ ჩაანგრია მისასვლელი საავტომობილო გზა, რის გამოც სკოლაში უკანა შემოსასვლელით სარგებლობა გვიწევდა. ასევე, რიკოთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა დიდი ზარალი გამოიწვია და ბევრი ადამიანი დაიღუპა. ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ ადამიანების სიკვდილიანობა და ეს უდევს ჩვენს იდეას საფუძვლად".


მათ პროექტში, იდეასთან ერთად, ინოვაციური იყო მეთოდი - ჰოლისენსორის გამოყენება, რომელიც, როგორც მოსწავლეები ამბობენ, მეწყერსაშიში ზონებისთვის არასდროს გამოუყენებიათ.
„Smart Kids" ამჟამად საკუთარი გამოგონების დატესტვისა და დახვეწის რეჟიმშია. მათ, გეოლოგებთან ერთად, უკვე რამდენიმე მეწყერსაშიში ზონა მოინახულეს. ისინი შეისწავლიან იმ ტერიტორიებს, სადაც მეწყრის მოახლოების შეტყობინების სისტემა საცდელად უნდა დამონტაჟდეს.

გვანცა ჩიქოვანი: „ვაპირებთ, ჩვენი ხელსაწყო ნოქალაქევის ტერიტორიაზე დავამონტაჟოთ, გავიარეთ კონსულტაციები გეოლოგებთან და დავათვალიერეთ ნოქალაქევის ტერიტორია".

ერთ-ერთი გამარჯვებულის ლიკა კოკაიას თქმით, ხელსაწყო საკმაოდ ეფექტურია: „ჩვენი სენსორი ყველაზე მგრძნობიარეა, რომელიც მინიმალურ ბიძგებსაც აღიქვამს და ხელსაწყოს დასამონტაჟებლად სწორედ ისეთი ადგილი შევარჩიეთ, რომელიც რეაგირებას უცებ მოგვცემს და გავიგებთ, მუშაობს თუ არა დამუშავების შემდეგ ჩვენი ხელსაწყო".

„პრაიმტაიმი" ნოვატორების სკოლისგარეთ ცხოვრებით დაინტერესდა და გაარკვია, რომ ბავშვები არა მარტო სკოლაში, არამედ სკოლის გარეთაც აქტიურები, კრეატიულები და შემოქმედებითები არიან.

ლიკა კოკაიასა და ალექსი ტყებუჩავას ერთნაირი ინტერესები აქვთ. ორივე მუსიკაზე დადის და ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობს.
გვანცა ჩიქოვანი და ნათია შამათავა სპორტით არიან გატაცებული, კონკრეტულად კი კალათბურთით. რაც შეეხება დეა ჩიტაიას, ის ფორტეპიანოზე დაკვრასაც ეუფლება და კალათბურთსაც. ასევე, უკრავს გიტარაზე.
მოკლედ, ბავშვებს, ფიზიკის გარდა, ბევრი რამ აერთიანებთ. ახალგაზრდა გამომგონებლები საკუთარი ხელსაწყოს დახვეწას განაგრძობენ და იმასაც გვპირებიან, რომ არ გაჩერდებიან, სხვა პროექტებშიც ჩაერთვებიან და ნოვატორების სტატუსს შეინარჩუნებენ.



ავტორი: სალომე ჩადუნელი


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი