logo_geo
გია მურღულია: ასეთი ფიქრი მძლავრობს...
- +

1 ივნისი. 2017. 17:59


 

ჩვენი სტანდარტები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად მაღალია მთელ მსოფლიოში, მაგრამ ამას რომ შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებლები, შესაბამისი პროგრამები და სახელმძღვანელოები სჭირდება, ყურადღების მიღმა გვრჩება", - განაცხადა პედაგოგმა, ექსპერტმა განათლების სფეროში გია მურღულიამ გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბრისას.

 

სახელმწიფო მუდმივად უნდა აპელირებდეს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პრიორიტეტული განათლებული ადამიანის ცხოვრების წესია. რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთ ტოქშოუში ვმონაწილეობდი და წამყვანს ვკითხე: „თქვენ შეგიძლიათ, ჩამოთვალოთ მესამეხარისხოვანი პოლიტიკოსი რამდენიც გაგიხარდებათ, იმდენი, მაგრამ შეგიძლიათ თუ არა ერთი კარგი მასწავლებელი მაინც დამისახელოთ, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს?" ამ საქმის პოპულარიზება არ ხდება. დეკლარირებულია, რომ ჩვენს ქვეყანაში პედაგოგიკა პრიორიტეტულია, მაგრამ ეს რეალური პრიორიტეტი უნდა იყოს და არა სიტყვიერი. მასწავლებლების მოტივაცია საკმაოდ დაბალია. მასწავლებელი ჩვენთან უზრუნველყოფილად და კარგად ვერ ცხოვრობს. მასწავლებლობა ისეთი პროცესი არ არის, რომელსაც ადამიანისთვის სათანადო და ღირსეული შემოსავალი მოაქვს. ეს ცნობილია, ახალს არაფერს ვამბობ. მარტო ფულზეც არ არის საქმე. მასწავლებლის სოციალური სტატუსი უფრო მარალი უნდა იყოს. ვინ აამაღლებს მას? - უპირველესად, თავად მასწავლებელი, რადგან ვინც კარგად ასწავლის, ის პოპულარულია. მაგრამ სახელმწიფო უნდა ირჯებოდეს, რომ ასეთი ადამიანები წინა პლანზე წამოსწიონ და საზოგადოებისთვის ცნობილი გახადონ. მასწავლებელი არ ჩანს, თითქოს ამ ქვეყნისთვის სულერთი იყოს, ვინ როგორ რას და რატომ ასწავლის. შემდეგი მიზეზი გაცდენებს უკავშირდება. სწავლების დასკვნით საფეხურზე გაკვეთილების გაცდენათა რაოდენობა ძალიან დიდია და სახელმწიფო ამ პრობლემას უყრუებს. გამოდის რაიმე ბრძანება, სადაც წერია, რომ ესარ"-ები უნდა ეპატიოთ, ჩამოეჭრათ. დღეს მოთხოვნა არ არის და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვახსენოთ მასწავლებელთა კომპეტენციაც. მასწავლებელსა და მოსწავლეს ძალიან მაღალ მიზნებს ვუსახავთ. ჩვენი სტანდარტები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად მაღალია მთელ მსოფლიოში, მაგრამ ამას რომ შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებლები, შესაბამისი პროგრამები და სახელმძღვანელოები სჭირდება, ყურადღების მიღმა გვრჩება. მასწავლებელთა დაბალი კომპეტენცია ერთი უსერიოზულესი მიზეზია იმ შედეგის, რაც ჩვენ გვაქვს. ამას უნდა დაემატოს მშობელთა დაბალი ჩართულობა. მშობელი სკოლას რომ არ უდგას გვერდით, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხანდახან თავის შვილსაც არ უდგას გვერდით. ასეთი ფიქრი მძლავრობს, რომ ჩემი შვილი სკოლაში მივიყვანე და მთელი პასუხისმგებლობა მასწავლებლებზეა. თავისი შვილის მოტივაციის გასაზრდელად თვითონ არაფერს აკეთებს", - განმარტა გია მურღულიამ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი