logo_geo
ლია კრიალაშვილი: ეს, მგონი, ბავშვმაც კი იცის…
- +

30 ნოემბერი. 2016. 15:52



„მუხროვანის ამბოხის" შემდეგ ძებნილი და მოკლული გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ძმის დაღუპვის დეტალებზე საუბრობს. როგორც თავად ამბობს, გია კრიალაშვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზიით გაიგო. აქვე დასძენს, რომ მისი მოკვლის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.  

 

„ხუთ მაისს, გამთენიისას დაურეკეს და სახლიდან ადრიანად გავიდა. ვიფიქრე, მცხეთაში თავის მამაოსთან წავიდა-მეთქი. მალე ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ, თურმე, შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე ყოფილა.

 

მას შემდეგ გიასთან კონტაქტი აღარ მქონია. ძალიან მიჭირს იმ საშინელი დღეების გახსენება. მთელ ოჯახს ფეხდაფეხ დაგვყვებოდნენ, უბანი ალყაში იყო მოქცეული. სახლთან ახლოს კბილებამდე შეიარაღებული ხალხით სავსე „მერსედესის" ტიპის სამარშუტო ტაქსი იდგა. ჩემს ზემოთ მცხოვრები ქალი 7 საათის განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი, რომ რაიმე ინფორმაცია მიეღოთ. ერთხელ მეზობლის ბიჭიც დაიჭირეს იმის გამო, რომ მელოტია და გია ეგონათ.

 

20 მაისს, საღამოს, ტელევიზიით შევიტყვე, რომ ბიჭები ჩაცხრილეს. მაშინვე წავედი საავადმყოფოში. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, როგორღაც შევაღწიე შენობაში და ექიმს ფეხებში ჩავუვარდი - მითხარით, ჩემი ძმა ცოცხალია თუ არა-მეთქი. თურმე, უკვე ყველა ჩემმა ახლობელმა იცოდა, რომ გია ადგილზევე გარდაიცვალა. ტყვია პირდაპირ გულში ჰქონდა მოხვედრილი.

 

გიას ლიკვიდაციის ბრძანება რომ მიშასგან იყო გაცემული, ეს, მგონი, ბავშვმაც კი იცის. თავისი პირით თქვა - მიწიდან ამოიღეთ კრიალაშვილიო. აღარაფერს ვამბობ ცნობილ კადრებზე, სადაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს და სანაცვლოდ თანამშრომლებს დიდ პრემიებს ჰპირდება. ისიც კი არის ცნობილი, გიას სიკვდილში ვის რამდენი პრემია აქვს აღებული", - განაცხადა ლია კრიალაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი