logo_geo
„მკლელებისათვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, ლაშა და გურამ შარაძეების სისხლით რომ ექნებათ ხელები შეღებილი“
- +

4 ივნისი. 2017. 10:29



„ასავალ-დასავალი" გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს და 1998 წელს გამოსულ 34-ე ნომერს იხსენებს, სადაც გურამ შარაძემ აღნიშნა, რომ თუ მას მოკლავდნენ, მისი მკლელები არ უნდა დაესაჯათ. 9 წლის შემდეგ გურამ შარაძე მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს.


„1998 წლის აგვისტოში, როცა გურამ შარაძემ „ასავალ-დასავალის" ფურცლებზე დაწერა - ჩემს მკლელებს ნუ დასჯითო, - ეროვნული სულისკვეთებით ლამპარივით ანთებულ აკადემიკოსს საყვარელი ვაჟი ლაშა შარაძე სულ ახალი გარდაცვლილი ჰყავდა.

 

გურამ შარაძის ვაჟი, როგორც იტყვიან, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. იმჟამინდელი გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ლაშა შარაძემ თავი მოიკლა, თუმცა, გურამ შარაძეს ეს ვერსია კატეგორიულად არ სჯეროდა და დარწმუნებული იყო, რომ მას შვილი მოუკლეს.

 

სწორედ ამ დიდი ტრაგედიით იყო დაღდასმული გურამ შარაძის მთელი არსება, როცა მან „ასავალ-დასავალის" ფურცლებზე დაწერა - ჩემს მკლელებს ნუ დასჯითო!

 

დაუდგრომელი ბუნების აკადემიკოსი ეგებ, წინდაწინ გრძნობდა კიდეც, რომ მას ბუნებრივი სიკვდილი არ ეწერა და აუცილებლად მტრების - საქართველოს მტრების ტყვიას უნდა გაეცივებინა.

 

აი, სიტყვასიტყვით რა დაწერა გურამ შარაძემ „ასავალ-დასავალის" ფურცლებზე 1998 წლის აგვისტოში:

 

„მე ილია ჭავჭავაძეზე მონოგრაფია დავწერე... ალბათ, ისიც იცით, ილიას მეუღლემ ოლღა გურამიშვილმა რომ მოითხოვა, მკვლელები სიკვდილით არ დაესაჯათ. მე სწორედ მისი მიმდევარი ვარ... ჩემს ცოლს ანდერძი დავუტოვე, მე თუ მომკლავენ, მკვლელებს მადლობა უთხარით, რადგან ჩემს შვილთან მისასვლელ გზას შემიმოკლებს. პასუხი იმას მოსთხოვეთ, ვინც ჩემი და ჩემი შვილის მოკვლა დაავალა, ოღონდ, სიკვდილით არც ის დასაჯოთ. მკვლელებისათვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, ლაშა და გურამ შარაძეების სისხლით რომ ექნებათ ხელები შეღებილი", - წერს „ასავალ-დასავალი". 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი