logo_geo
გიორგი ვოლსკი: ქვეყანას გვინდა ავარიდოთ დესტაბილიზაცია, პოლიტიკური კრიზისი...
- +

9 ივნისი. 2017. 18:16


„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე საუბრისას ყურადღება ე.წ. ბონუსების სისტემაზე გაამახვილა. როგორც თავად აღნიშნა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არსებობს.


„ძალიან მკაფიოდ იყო საზოგადოების დაკვეთა საერთო სახალხო განხილვებზე ჩამოყალიბებული. ჩვენ მოვისმინეთ, გავიგეთ, ხაზგასმით ვამბობ ამას, საზოგადოებისგან ყველა იმ საკითხის შესახებ, რაც მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია... კონსტიტუცია ერთი პარტიისა და ერთი პერიოდისათვის არ იწერება. ამიტომ არის ის ქვეყნის მთავარი, უზენაესი კანონი.

რაც შეეხება კონკრეტულად ბონუსების სისტემას, მე არ მიმაჩნია, რომ სწორი, სამართლიანი იყოს, რომ არჩევნებზე, ნებისმიერმა პარტიამ, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, „ქართული ოცნება" თუ სხვა, უამრავი რამ შეიძლება შეიცვალოს, დაბალი პროცენტი აიღოს და გაუორმაგდეს პარლამენტში მანდატების რაოდენობა. თუმცა, მეორე მხარეს არის ძალიან ბევრი არგუმენტი. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შერეული სისტემა სამართლებრივადაც და მორალურადაც გაცილებით გამართულია.

რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ყველაფერი ერთი მთავარი ამოცანისკენ არის მიმართული, რასაც არავინ ითვალისწინებს და ბონუსის სკანდალურობაზე აკეთებს აქცენტს. ეს არის უმრავლესობის შესაძლებლობა, რომ მთვარობა დააკომპლექტოს. ამას არავინ აქცევს ყურადღებას. თუ მთავრობას ვერ დააკომპლექტებს უმრავლესობა, წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება...კოალიციური მთავრობა ძალიან სათუოა, რომ შეიქმნას. ჩვენ ქვეყანას გვინდა ავარიდოთ დესტაბილიზაცია, პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ ვამბობთ, რომ გამარჯვებულ პარტიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მთავრობა ჩამოაყალიბოს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი