logo_geo
„ვერც თოვლმა დამძრა გუდამაყრიდან, ვერც - შიმშილმა“
- +

1 დეკემბერი. 2016. 00:58



ყოველ შაბათს, დილის 7 საათზე, გია წიკლაური თავისი წითელი ავტობუსით ლუთხუბიდან თბილისისკენ გამოდის, თუმცა ჯერ გუდამაყრის სოფლებში უნდა გაიაროს: მაქართაში, კიტოხში, ზანდუკში, ჩოხში, იქიდან ისევ დაუყვეს ხეობას და დედაქალაქისკენ წამოვიდეს. ხეობის ზოგიერთ სოფლამდე დღემდე არ მიდის სამანქანო გზა და იქაურებმა მთავარ გზამდე უნდა ჩამოაღწიონ.


ავტობუსს ზაფხულში მრავლად ჰყავს მგზავრები, ზამთარში კი თითო-ოროლა კაცი თუ დაჰყვება, დუშეთ-თბილისში საქმისთვის ან რაიმეს გასაყიდ-საყიდლად მიმავალი. მეზობლებიდან წამსვლელ-მომსვლელზე გაცილებით მეტი მთხოვნელ-დამბარებელია:


„გია, შვილო, წნევის წამალი გამითავდა და იქნებ წამომიღო", - პენსიიდან შემორჩენილ ხურდებს აძლევს მძღოლს მეზობელი ქალი, მეორე პურს აბარებს, მესამე - შაქარს, მეოთხე შვილებთან ჩანთით სოფლის ნობათს ატანს. ყველაზე ხშირად მაინც წამლის ან ფქვილის მოტანას სთხოვენ.



გია წიკლაური 46 წლისაა. ის გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ლუთხუბში ცხოვრობს. წლებია ავტობუსზე მუშაობს. როგორც თავად ამბობს, ხეობის ხალხს ემსახურება. გია და მისი წითელი ავტობუსი გუდამაყარში ფოსტის ფუნქციასაც ასრულებენ, ტელეგრაფისაც და ტელეფონისასაც (გუდამაყარში მობილური ტელეფონი, განსაკუთრებით „მაგთი", ცუდად ან ზოგან არც იჭერს და ამიტომ ხშირად ზონაში გამოსულ გიას აბარებენ ამბებს): საღამოს კი  თბილისიდან მობრუნებულს ხვდებიან მოხუცები კიტოხში, ზანდუკში, გამსში, ჩოხში, ლუთხუბში და გიაც არიგებს პურს, შაქარს, წამლებს, თბილისიდან შვილების მიერ გამოტანებულ წერილებს თუ გზავნილებს.


„შენ გაიხარე, შვილო", - ლოცავენ მძღოლს წიკლაურ-ბექაურ-ჩოხელები. კიდევ კარგი, ავტობუსი სახელმწიფო დოტაციაზეა და კვირაში ორჯერ მგზავრობას რაიონი აფინანსებს, თორემ, ფაქტია, ზამთარში მაინც საწვავის საფასურიც ვერ დაიფარებოდა.


ფასანაურის შესასვლელში, სადაც, ტიციანის არ იყოს, „შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის",   მარჯვნივ უნდა შეუხვიო „ოშპიტელისკენ" (აქ საავადმყოფო იყო და ეს სახელი შემორჩა ფასანაურის ამ უბანს). აქედან იწყება შავი არაგვის ანუ გუდამაყრის ხეობა, რომელიც სულ რაღაც 20 კილომეტრზეა გაშლილი, თუმცა ამ გზის გავლას საკმაო დროს ანდომებს გიას ავტობუსიც და მსუბუქი მანქანაც.


ორი თბილისური რეისის გარდა, კიდევ ერთი აუცილებელი მარშრუტი აქვს გიას: კვირაობით გუდამაყრელები მისი ავტობუსით ფასანაურში, ბაზარში ჩადიან, ჩააქვთ ყველი, რძე, ერბო... ბაზარი 2-3 საათი გრძელდება, რაც იყიდება, ყიდიან, მერე  შავი არაგვის ხეობისკენ მიმავალნი იქვე ყიდულობენ და შინ მოაქვთ ზეთი, პური, შაქარი, ტკბილეული...  ხეობაში ხომ მაღაზიაც არ არის...


იცლება გუდამაყარი, ახალგაზრდები ტოვებენ ხეობას.



„მე ზამთარ - ზაფხულ აქა ვარ.  ვერ დამძრა ვერც თოვლმა, ვერც - შიმშილმა, ვერც -წყურვილმა,  ვერაფერმა დამძრა აქედან",  - ამბობს გია.


17 ნოემბერს მოსული მცირე თოვლიც კი საკმარისი იყო, რომ გუდამაყარში სინათლე გამორთულიყო, გზა ალაგ-ალაგ მოეყინა და თოვლს ხეები ისე ჩაეხერგა ლუთხუბის შესასვლელში, რომ ავტობუსი ვერც წამოსულიყო.


„ზოგადად ზამთარში გზა იწმინდება, ტრაქტორი აქაც არის ხეობაში, თუმცა ხან კვირები ისე გადაებმება ხოლმე,  რეისში ვერ მივდივარ", - ამბობს გია.

 

 

 

არადა, წელს, პროგნოზის მიხედვით, ცივ ზამთარს უნდა ველოდეთ... ფაქტია, იმ დღეს, ჯერ კიდევ ნოემბრის საღამოს გვარიანად ციოდა გუდამაყარში. ალაგ-ალაგ ავტომობილების გადაადგილებაც კი ჭირდა...


 

 

 

 

 

 

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი