logo_geo
23 წლის ქართველი ინოვატორის შექმნილი ხელნაკეთი საათი ამერიკელ სენატორებს ამშვენებთ
- +

11 ივნისი. 2017. 18:02



ახალგაზრდა ინოვატორმა ნიკა გიგაიამ მეგობართან ერთად საკუთარი გატაცება შემოსავლის წყაროდ აქცია.

 

ნიკა გიგაია

 

უკვე ერთი წელია ნიკა გიგაია და სოფო გურასაშვილი ხელნაკეთ ხის მაჯის საათებს აკეთებენ. მათ მიერ შექმნილი საათებით ამერიკის სამი სენატორი იწონებს თავს. ამის შესახებ ნიკა თვითონ მოგვიყვება.


- როდის დაიწყეთ ამ იდეაზე ფიქრი და როგორ განახორციელეთ?


- მე და ჩემს მეგობარს სოფო გურასაშვილს გვინდოდა რამე საინტერესო და განსხვავებული შეგვექმნა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოგვწონდა მაჯის საათები, გადავწყვიტეთ, გვეცადა და ხელნაკეთი, ხის მაჯის საათი გაგვეკეთებინა. მით უმეტეს, საქართველოში ასეთი საათები აქამდე არ იყო, ასე ვთქვათ, ანალოგი არ აქვს. პირველი გამოფენა გვქონდა „თბილისი მოლში" და ჩვენმა საათებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ გადავწყვიტეთ უფრო სერიოზულად მივდგომოდით ამ საქმეს. თითოეული საათი ხისგან და ნატურალური ტყავისგან მზადდება.

 

ხისგან და ნატურალური ტყავისგან დამზადებული საათი

 

- აქვს მნიშვნელობა, რომელი ხის მასალისგან აკეთებთ საათს?


- ძირითადად ვმუშაობთ კაკალზე, მაჰაგონზე, წიფელზე, ბზასაც ხშირად ვიყენებთ, თუმცა ბზა ცოტა ძვირი ღირს. ახლო მომავალში ვაპირებთ ისეთი ტროპიკული ხეები გამოვიწეროთ, რომლებიც საქართველოში არ იშოვება. გვინდა ჩვენი შექმნილი პროდუქტი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.


- საუკეთესო და ძვირადღირებული მასალა რომელია?


- ყველაზე ძვირადღირებული მასალა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის ბზა და მაჰაგონი. ამ მასალით გაკეთებული საათის ფასი გაცილებით ძვირია, ვიდრე დანარჩენი მასალისგან გაკეთებული საათებისა.


- სასურველ ფერს როგორ აძლევთ?


- სამწუხაროდ, ჯერ ფერის ფართო არჩევანი არ გვაქვს. ჯერჯერობით ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს, როგორი ფერის საშუალებაც გვაქვს. საერთაშორისო ბაზარზე არის ფერების ფართო არჩევანი, არსებობს ვარდისფერი, შავი და სხვა ფერის ხეები. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს მასალები არ იშოვება და ჩვენ თვითონ ვთავაზობთ მომხმარებელს ფერებს. ჯერჯერობით 5-6 ფერის არჩევანი გვაქვს.

 

ხისგან და ნატურალური ტყავისგან დამზადებული საათი

 

- როგორ იქმნება ხის მაჯის საათები?


- უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკის სამინისტროს აქვს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო, რომელიც დაგვეხმარა ჩვენი იდეის განხორციელებაში. მათ აქვთ დანადგარი, ჩარხი, ლაზერი და მათი დახმარებით მოხდა ყველაფერი.


საათის კორპუსი იჩარხება დაზგა-დანადგარზე, შემდეგ მუშავდება ხელით, პრიალდება, სუფთავდება. დანარჩენი სამუშაოც ხელით კეთდება. ხელით ვაყენებთ მექანიზმს, ისრებს, შუშას და ა.შ. საათის სხვადასხვა ნაწილებს - მექანიზმს, ისრებს, შუშას ვიწერთ იაპონიიდან, ყველაფერი არის მაღალი ხარისხის. გვყავს ჩვენი მკერავი, რომელიც კერავს ნებისმიერი დიზაინის, ფერის ქამრებს. გვყავს ასევე მესაათე. რაც მთავარია, საათები მუშავდება 3D-ში. ყველაფერი დახაზულია და შემდეგ უკვე მუშავდება დაზგა-დანადგარზე. ჩვენი პროდუქტის უპირატესობა ის არის, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია საკუთარი დიზაინით შექმნას მაჯის საათი.


- ხის მასალა მაჯაზე დისკომფორტს არ ქმნის?


- 3D პროგრამაში ისე მუშავდება, რომ არანაირ დისკომფორტს არ ქმნის. იმდენად კომფორტულია, რომ არ გაწუხებს და არ გტკენს ხელს.


- ფასები რა დიაპაზონშია?


- ფასები მერყეობს 100-დან 200 ლარამდე. ფასი იზრდება ხის მასალის ხარისხიდან გამომდინარე.

 

ხისგან და ნატურალური ტყავისგან დამზადებული საათი

 

- სახელი რის მიხედვით შეურჩიეთ?


- გვინდოდა დაგვერქმია ისეთი სახელი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ხელით მუშაობასთან. როგორც მოგეხსენებათ Hendy ნიშნავს ხელით გაკეთებულს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საათები ხელნაკეთია, ეს სახელი შევურჩიეთ.


- ყველაზე წარმატებულ ნაბიჯად რას მიიჩნევთ თქვენ საქმიანობაში?


- პირველ იანვარს იყო გამოფენა საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში, სადაც მოწვეული იყვნენ აშშ-ის სენატორები ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი, ემი კლობუჩარი. საქართველოს სახელით სამივე სენატორს საჩუქრად ჩვენი საათები გადაეცა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული და უფრო მეტი პასუხისმგებლობა იყო. დაახლოებით ერთ თვეში დანადგარი ჩამოგვივა და შეგვეძლება ჩვენი პროდუქტი დიდ წარმოებაში ჩავუშვათ. დაახლოებით ორ თვეში ვგეგმავთ თბილისში რამდენიმე მაღაზია გავხსნათ. ასევე ვაპირებთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც.

 

ხისგან და ნატურალური ტყავისგან დამზადებული საათი

 

- როცა საათების შექმნას იწყებდით, წარმოიდგენდით, რომ თქვენი ბრენდი ასეთი წარმატებული იქნებოდა?


- სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ასეთი წარმატებული იქნებოდა. როგორც უკვე გითხარით, ხელნაკეთი ხის საათები საქართველოში არ იყო და არ ვიცოდით, ამას როგორ მიიღებდა მომხმარებელი. ცოტა გვეშინოდა, თუმცა პირველი გამოფენის მერე დავრწმუნდით, რომ თუ თავდაუზოგავად ვიშრომებთ, სამომავლოდ დიდ წარმატებას მივაღწევთ. დღეს მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით ვაგრძელებთ მუშაობას.


- ანუ, ქართულ ბაზარზე დამკვიდრება რთული არ იყო?


- როცა ჩვენ დავიწყეთ ხის საათების კეთება, ხე უკვე აქტუალური იყო ქართულ ბაზარზე და ძალიან მოსწონდათ, შესაბამისად, ჩვენი შექმნილი მაჯის საათებიც დადებითად შეაფასეს და ძალიან კარგად მიიღეს.

 

ხისგან და ნატურალური ტყავისგან დამზადებული საათი

 

- რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?


- ხშირად დაუსვამთ ეს კითხვა. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ, საათს, სამკაულს, ავეჯს თუ სხვას, მთავარია, გიყვარდეს შენი საქმე. გსიამოვნებდეს და ბედნიერებას განიჭებდეს ის, რასაც აკეთებ. მთელი შრომა და მთელი გული უნდა ჩადო საქმეში, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ადამიანი ვერ გააკეთებს.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი