logo_geo
რამ განაპირობა ტრამპის გამარჯვება - მამუკა არეშიძე ტრამპსა და ამერიკულ არჩევნებზე
- +

15 ნოემბერი. 2016. 12:16


გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, ექსპერტი მამუკა არეშიძე აშშ-ში ჩატარებული არჩევნების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ ტრამპის გამარჯვების წინაპირობად, მისი ეკონომიკური დაპირებები იქცა.


„ჩემი აზრით, სწორედ ეკონომიკური დაპირებები იქცა ტრამპის გამარჯვების წინაპირობად. ასევე დიდი როლი ითამაშა მისმა ტრადიციონალისტურმა მიდგომებმა რელიგიასთან თუ ოჯახთან დაკავშირებით. საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი, ტრამპის განცხადებებს და საზოგადოდ, ფიგურას, ყოვლად არასერიოზულად აღიქვამდა, ფაქტობრივად, გიჟად მიიჩნევდა, რაშიც ძალიან შეცდნენ", - აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

ექსპერტის მოსაზრებით, ტრამპის წარმატებას სერიოზული საფუძვლები აქვს და მის მოღვაწეობასაც 90-იანი წლებიდან ადევნებს თვალყურს. 1991 წელს კი, ტრამპს საკუთარ ოფისშიც კი შეხვდა. მამუკა არეშიძე, ახლა უკვე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნაშრომებზეც საუბრობს, რომელთაგან რამდენიმე ბესტსელერად იქცა ეკონომიკაში.


„ნუ დაგავიწყდებათ, რომ მას გამოცემული აქვს 10-ზე მეტი სერიოზული ნაშრომი ეკონომიკაში, რომელთაგან რამდენიმე ბესტსელერად იქცა. ის მეტად ეპატაჟური პიროვნებაა, თუმცა მისი განვლილი ცხოვრების გზა არ გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ არასერიოზული ადამიანია", - აღნიშნა ექსპერტმა.

 

მამუკა არეშიძე ტრამპის მიერ მიგრანტებთან დაკავშირებულ წინასაარჩევნო განცხადებებსაც შეეხო.


„მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა სერიოზულად შეუტია ემიგრაციასა და ემიგრანტებს, მოხდა პარადოქსული რამ - ესპანურენოვანმა ამერიკამ, რომელიც ყველას ეგონა, ტრამპს მხარს არ დაუჭერდა, სწორედ ის აირჩია. არადა, ეს ხალხი გუშინდელი ემიგრანტების შთამომავალია. მათთვის გადამწყვეტი ტრამპის რელიგიური მიმართულებით გაკეთებული განცხადებები და ქრისტიანობის ხმალამოღებული დამცველის იმიჯი გახდა. მოკლედ, ტრამპი, ერთი მხრივ, ემიგრაციას უტევდა, მეორე მხრივ კი ქრისტიანული ფასეულობების დაცვაზე ლაპარაკობდა. სწორედ ასეთი პარადოქსული პოზიციების დემონსტრირებამ მოუტანა ტრამპს წარმატება", - დასძინა არეშიძემ.

 

ექსპერტმა ინტერვიუში, აშშ-ში რადიკალური კონსერვატიზმის საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამერიკას მსგავსი რამ არ ემუქრება და ნებისმიერს, ვინც აშშ-ის სათავეში მოვა, აუცილებლად მოუწევს, გაითვალისწინოს ის ფასეულობები, რომლებიც იქ წლების განმავლობაში იქმნებოდა.


„დარწმუნებული ვარ, აშშ-ს რადიკალური კონსერვატიზმი არ ემუქრება, ამას ვერცერთი ხელისუფლება ვერ მოახერხებს. ნებისმიერს, ვინც მოვა აშშ-ის სათავეში, აუცილებლად მოუწევს, გაითვალისწინოს ის ფასეულობები, რომლებიც ამერიკაში წლების განმავლობაში იქმნებოდა. თუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია არ გაითვალისწინებს ამ ფასეულობებს, ამერიკას არა მხოლოდ საზოგადოების გახლეჩა, არამედ, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაც დაემუქროს. უბრალოდ, ახალი ხელისუფლება შეეცდება, ზოგან კოსმეტიკური, ზოგან კი ფუნდამენტური ცვლილებებით მოატრიალოს ამერიკელები კონსერვატორული ფასეულობებისკენ", - განაცხადა ექსპერტმა.

 

რესპონდენტის აზრით, ტრამპის სიძლიერეზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ მას წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, საკუთარი პარტია გვერდით არ ედგა და მიუხედავად ამისა, მან გამარჯვება მაინც მოახერხა.


„ტრამპმა საარჩევნო კამპანია ისე ჩაატარა, საკუთარი პარტია გვერდით არ ედგა. ესეც ტრამპის სიძლიერეზე მიუთითებს. მან საკმაოდ იოლად მოახერხა ამ წინააღმდეგობების დაძლევა. ის არ მოსწონდათ რესპუბლიკურ პარტიაში, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ დღეს ტრამპი უკვე პრეზიდენტია, მან რესპუბლიკურ პარტიას გამარჯვება მოუტანა, რომლითაც დიდ დივიდენდებს მიიღებენ. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მოუწევთ პოზიციის შეცვლა. მოკლედ, შიდაპარტიული ბრძოლის დრო დასრულდა, ახლა მუშაობის დროა და ეს რესპუბლიკურ პარტიაში, დარწმუნებული ვარ, კარგად ესმით", - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი