logo_geo
„მერი გალაკტიონის ოცნების ქალი იყო და არა...“
- +

1 დეკემბერი. 2016. 14:48



ჯერ კიდევ შეუსწავლელი და ამოუცნობი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებიდან რამდენიმე საინტერესო ეპიზოდზე ფილოლოგმა და პოეტმა შარლოტა კვანტალიანმა ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა.


მისი თქმით, გალაკტიონი თბილი, მეგობრული, მზრუნველი, მოსიყვარულე მეუღლე იყო, თუმცა გადარეული სიყვარული და რომანტიზმი მას არც მეუღლის და არც სხვა ქალის მიმართ არ გააჩნდა. ასეთი გრძნობები გალაკტიონის გამოგონილ ლეგენდაშია გადმოცემული, რომელსაც „მერი" ჰქვია.


„პოეტებს უყვართ ლეგენდები, რომლებსაც თავიანთ გარშემო ქმნიან და ამით პოეზიას უფრო ცნობილს ხდიან. „მერი" ხალხში სიყვარულის ლეგენდად დარჩა. ამ თემის გარშემო თავად გალაკტიონი დუმილს ამჯობინებდა, როცა შეეკითხებოდნენ, ეს ქალი მერი შარვაშიძეა თუ არაო, არც უარყოფდა და არც ადასტურებდა. „მერის" შესახებ არაერთი მოსაზრება არსებობს, თუმცა ჩემი კვლევის მიხედვით, იმის თქმა შემიძლია, რომ მერი გალაკტიონის ოცნების ქალი იყო და არა - კონკრეტულად ვინმე", - განაცხადა კვანტალიანმა.


შარლოტა კვანტალიანმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა ლექსის „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი" შექმნის ისტორიაზე. პოეტის შთაგონება ქეთევან თურქია გამხდარა, რომელიც გალაკტიონმა სოხუმში სტუმრობისას გაიცნო და გოგონამ მისი 2 ლექსი წაიკითხა.


„გალაკტიონს სოხუმში აგარაკი ჰქონდა, სადაც ყოველ ზაფხულს ისვენებდა. სოხუმში პოეტ ნაზი კილასონიას ოჯახი ცხოვრობდა. მისმა მშობლებმა გალაკტიონი და რამდენიმე მეზობელი ვახშმად მიიპატიჟეს. სტუმრებს შორის აღმოჩნდა ქეთევან თურქია, რომელიც ახალი გათხოვილი იყო და ვახშამს მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. ვახშმობისას დიდ პოეტს უკითხავს, აქ ვინმემ ჩემი ლექსი ხომ არ იცისო. ამ დროს წამომდგარა ქეთევან თურქია, რომელმაც ლექსი წაიკითხა, აღფრთოვანებული პოეტი გოგონას ხელზე ეამბორა. ცოტა ხნის შემდეგ გალაკტიონმა ისევ იკითხა, ჩემი ლექსი კიდევ ხომ არ იცითო. ქეთევანმა ამჯერადაც წაიკითხა და ამან პოეტი ორმაგად გააოცა, რადგან ლექსი გამოუქვეყნებელი იყო. ქეთევანს კი, ის მეგობრისგან ჩუმად გადაუწერია. ზაფხულის გასვლის შემდეგ გალაკტიონის ლექსი, „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი" დაიბეჭდა. თურქიების ოჯახშიც წაიკითხეს ლექსში გამოყენებული სტრიქონი - „სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი". ამ ფრაზით ადვილია მივხვდეთ, რომ ეს მშვენიერი ქალი სწორედ ქეთევანია", - განაცხადა შარლოტა კვანტალიანმა.


ფილოლოგის თქმით, გალაკტიონს მოწონების ობიექტები ჰყავდა, რომელთაც ულამაზეს რომანტიკულ სტრიქონებს უძღვნიდა, თუმცა შინაგანი სითბოს და სიყვარულის დეფიციტი მუდამ ჰქონდა. 


 

 

 

big_banner
არქივი