logo_geo
საინგილოში ქართული ტაძრები შეურაცხყვეს, საპატრიარქო აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს
- +

18 ივნისი. 2017. 17:45



ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარის გარშემო კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. ეკლესიაში, რომელიც მართლმადიდებლებისთვის წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღე იღება, აზერბაიჯანელებმა გასართობი ღონისძიება გამართეს.


ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე იყო.


მან „ახალ თაობასთან" საუბარში განაცხადა, რომ ტაძარში ცეკვა-თამაში გაიმართა. ამის ამსახველი ვიდეო მას მეგობრებმა მიაწოდეს. აღნიშნული ვიდეო მოგვიანებით ინტერნეტშიც გავრცელდა.


ტაძრის შეურაცხყოფაზე საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის გარდა, ზაქათალას რაიონში მდებარე კიდევ ერთი ტაძრის შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი.

 

„გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს იმ დამოკიდებულების გამო, რაც საინგილოში, კახის რაიონში, მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმართ განხორციელდა. კერძოდ, აზერბაიჯანული გასართობი ტელეკომპანია არბ-ის ეთერში გავიდა გადაცემა „ფერნანდო ქალაქშია", რომლის ერთ-ერთი სიუჟეტი გადაიღეს ქურმუხის ტაძარში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ტაძრის საკურთხეველში შეუფერებელი მანერით „ასრულებს" შუბერტის „ავე მარიას".

 

სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვენთვის ცნობილი მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ ძეგლს უდიერად ექცევიან. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ტელეკომპანია „ატვ"-მ მკრეხელური შინაარსის კლიპი სწორედ აქ გადაიღო.

 

ქურმუხის ეკლესია უდიდესი მადლისა და ძალის სალოცავია და ეს აღიარებულია, როგორც მართმადიდებლების, ისე მუსლიმთა მიერაც. ამიტომაც გაუგებარია და დიდად საწყენი, რომ შეუფერებელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში და მის საკურთხეველში.

 

ახლახან ინტერნეტ სივრცეში დაიდო ინფორმაცია იმის შესახებაც, როგორი დაუცველი და შეურაცხყოფილია ზაქათალის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ტაძარიც", -  ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.


საპატრიარქო იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანის სულიერი ლიდერები და ხელისუფლება ამ პრობლემას მოაგვარებენ.


„მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფალთ და ვთხოვთ სულიერ ლიდერს, მის აღმატებულება შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება არსებული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად.

 

ვიმედოვნებთ, ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მდგომარეობის დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება", - აღნიშნულია განცხადებაში.


და აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, საქართველოში მეჩეთში რომ გამართულიყო მსგავსი კონცერტი. ნანუაშვილი და არასამთავრობოები მთელ სამყაროს ფეხზე დააყენებდნენ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი