logo_geo
ზურაბ ოდილავაძე: იგორ გიორგაძე მთხოვდა, ყველაზე დაახლოებული ხარ და მითხარი, ზვიადი სადააო…
- +

1 დეკემბერი. 2016. 18:06



მწერლი და ექიმი ზურაბ ოდილავაძე გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ იგი „მხედრიონელებმა" დააკავეს და სამტრედიის ციხეში ჩასვეს. როგორც თავად ამბობს, ციხეში ყოფნის პერიოდში ზვიად გამსახურდიას წერილი მისწერა, რის შემდეგაც, იგორ გიორგაძე მივიდა მასთან და სთხოვდა, მისთვის ზვიადის ადგილსამყოფელი ეთქვა.


 

„სამ-ოთხ დღეში ერთხელ სამტრედია ხან „მხედრიონის" ხელში იყო, ხან „ზვიადისტების" და თუ არც ერთ მხარეს არ ხარ, ეს ჩვეულებრივი ადამიანისთვის მაგარი ამოვარდნაა. ე.წ. სამთავრობო ჯარიც მეჩხუბებოდა. „ზვიადისტებიც", როგორც კი ლაპარაკს გაიგონებდნენ, ა, ბიჭო, შენ თბილისელი ხარო და... დახვრეტასაც გადავურჩი", - ამბობს ზურაბ ოდილავაძე.


- დახვრეტას „მხედრიონელები" გიპირებდნენ თუ „ზვიადისტები"?


- რაღაც მთვრალური სიგიჟე ჩავიდინე, დამაკავეს... სამტრედიის ციხიდან ზვიადს წერილი მივწერე.


- ამ დროს გამსახურდია პრეზიდენტია?

 

- აღარ, გროზნოდან სამეგრელოშია ჩამოსული... სამტრედიასთან ბრძოლები მიდის... მოკლედ, „ზვიადისტები" შემოვიდნენ და ვითომ ზვიადთან დაახლოებული პირი ვიყავი, მეგობარს გავყევი.


- არადა, ზვიადს არ იცნობდით, არა?


- ეზოდან ვიცნობდი - აკაკი გაწერელიასთან კონსტანტინეც მოდიოდა ხოლმე. მოკლედ, ომია, მეგობარმა მთხოვა, მილიციაში ჩემი მანქანაა და გამომაყვანინეო. წავყევი. არ შემიშვეს, ნასვამი ვიყავი, ვიღაცამ ავტომატი მომიშვირა და... კონფლიქტი მოხდა, რაღაც საშინელება ჩავიდინე და დამაპატიმრეს.


მოკლედ, კამერაში ვზივარ... ერთხელ, დილაა. გარედან ხმას მესმის. ერთი სამტრედიელი მილიციელი იყო, „ნუ პაგადის" ეძახდნენ, რადგან სახიფათო დავალებებზე უშვებდნენ - ომის დროს გაიხარა, ავტომატი მისცეს. ამ „ნუ პაგადის" ვიღაც ტიპი მოჰყვება, ტყავის „კურტკა" აცვია, თავი ნაპოლეონი ჰგონია... მერე გავიგე, ლოთი ქობალია ყოფილა... სიგარეტს ეწეოდა. „კლეტკასთან" მივვარდი და დავუძახე, აუ, ძმა, სიგარეტი მომაწევინე-მეთქი. მეუბნება, თბილისელი იქნები შენ, ტო, გიყვარს ხო, „მალბოროო". უკან დახევა არ გამოდიოდა და, კი, მიყვარს-მეთქი. რო არ მოგცე, რას იზამო. აი-მეთქი და, როგორც არის, ხომ იცით, ლაპარაკს შევყევით, ქობალიამ „მაუზერი" ამოიღო და ჰაერში ისროლა, შემაშინასავით. მოკლედ, ზვიადს წერილი მივწერე, ექიმი ვარ, გამოგადგები-მეთქი, გიჟური რაღაცები დავწერე, ფილოსოფიური გადახვევებით და წერილი „ნუ პაგადის" მივეცი.


- ეს ბარათი ზვიადთან მოხვდა?


- გეტყვით, ვისთანაც მოხვდა - ზუსტად ერთ დღეში ხელისუფლება შეიცვალა და „ნუ პაგადიმ" წერილი ახალ ხელისუფლებას გადასცა. ამის მერე, ორი კვირა გენერალ იგორ გიორგაძესთან ვიყავი, რომელიც ზვიადს მისდევდა.


- ანუ ერთი კვირა „ზვიადისტების" ტყვეობაში იყავით, ორი კვირა კი - გიორგაძის?


- იცით, როგორ იყო? - სამთავრობო ჯარებმა გამომიშვეს, სახლში გმირივით ვიწექი, ვიღაცები მოდიოდნენ, რაღაცებს მეკითხებოდნენ და მეც ვყვებოდი. ერთ მშვენიერ დღეს, 6 „ავტომატჩიკი" შემოვარდა და წამიყვანა.


- მაშასადამე, ახლა უკვე ისე დაგიჭირეს, როგორც „ზვიადისტი", არა?


- დიახ. ამ უტვინო გიორგაძეს უფიქრია, შანსი არაა, ეს დაშიფრული წერილიაო... მახსოვს, მეუბნებოდა, ზუგდიდში საემიგრაციოდ ემზადებოდი და ზვიადის აგენტი ხარო. ისე ცუდად ვიყავი, ხმას ვერ ვიღებდი. ვატყობდი, ამ აბსურდს ვეღარ ვუძლებდი - თურმე, ჩემს სახლში ჩხრეკა ჩაუტარებიათ. იდიოტები იყვნენ, აბა, სხვა რა ვთქვა? - ზემო სართულზე არაფერი გვქონდა, გიორგაძე როლში ისე იყო შესული, ამას „კამუფლაჟად" თვლიდა, თან წერილში რაღაც ინტიმური დეტალები ეწერა, გახსოვთ, ეზოში რომ შევხვდით და ასე შემდეგ-მეთქი. მოკლედ, მთხოვდა, შენ ყველაზე დაახლოებული ხარ და მითხარი, ზვიადი სადააო. ერთხელაც, დილის ხუთი საათი იქნებოდა, ვუთხარი, დასალევი მომიტანე და ყველაფერს გეტყვი-მეთქი. გიორგაძეს გაუხარდა და ასე მოვილაპარაკეთ, ერთ საათში დავსხდეთ და წყნარად ვილაპარაკოთო...


ფართო მაგიდასთან ვსხედვართ. წინ ერთი ლიტრი სამედიცინო სპირტი უდგას და ცოტა ისე მიყურებს, თან მახსენებს, რომ ექიმი ვარ და საშინლად მეფერება. სპირტი ჭიქაში ჩამოასხა და მაწვდის, მაგრამ მივხვდი, ეს ერთი და ბოლო ჭიქა იქნებოდა - მეტი არ მერგებოდა. უცებ, ბოთლს ვწვდი და მთლიანად ამოვიპირქვავე. მიხვდა, რომ „ჭამა"... როგორც კი სპირტმა იმოქმედა, რა საემიგრაციოდ ვემზადები-მეთქი და ერთი ამბავი ავტეხე.


- შეაგინეთ?


- დიახ, ამხელა კაცი რამ გამოგა...ვა, კაგებე-ს გენერალი ხარ, ზუგდიდში საემიგრაციოდ რა მინდა, შენ ხომ არ უბერავ-მეთქი... ისევ მცემეს...




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი