logo_geo
„მაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ…“ - ინკოგნიტო რესპონდენტის ინტერვიუ
- +

1 დეკემბერი. 2016. 18:07



ისტორია მეორდება - სააკაშვილი ისევ ბარიკადებზე დგას და როგორც ახალგაზრდობაში, ახლაც კორუფციას ებრძვის. სწორედ ამიტომ ზოგი მიიჩნევს, რომ მეორე სუნთქვა გაეხსნა. ისინი კი, ვინც საქმეში უკეთ ერკვევა, ირწმუნებიან, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს კრიტიკული დღეები უდგას.


„დიახ, მიშამ ძალიან კარგად იცის, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან, მაგრამ ცდილობს, ეს ჭეშმარიტება დაარღვიოს და დინების საწინააღმდეგოდ გაცუროს, რადგან თუ ასე არ მოიქცევა, შეიძლება, მარტო პოლიტიკური კარიერა კი არა, ცხოვრებაც დრამატულად დაასრულოს", - ასეთ დასკვნას აკეთებს „ვერსიასთან" ოპერატიულ კავშირზე მყოფი პიროვნება, რომელიც საკუთარ თავს არც „ნაცს" ეძახის და არც „ქოცს".

 

„მე სიმართლეს ვამბობ და სულ არ მაინტერესებს, ვის ეწყინება და ვის გაუხარდება", - აღნიშნავს კონფიდენტი.


და მაინც, რა ხდება მიხეილ სააკაშვილს თავს? - ამ კითხვაზე პასუხი მრავალწახნაგოვანია. „ვერსია", ცხადია, ნოსტრადამუსობას არ იჩემებს, მაგრამ შეეცდება, პირადი კავშირებით მოპოვებულ ინფორმაციებს თავი მოუყაროს და ის ვითარება აღწეროს, რაშიც ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება ან სულაც უახლოეს მომავალში აღმოჩნდება.


დავიწყოთ იმით, რომ სააკაშვილი, რომელიც დასავლეთმა თავის დროზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში „ხავერდოვანი რევოლუციების" პატრიარქად აღიარა, ამჯერად უკრაინის კორუფციისა და სხვა მანკიერებებისგან გასათვისუფლებად იბრძვის, თუმცა კულუარებში მუსირებს ვერსია, რომ ეს ბრძოლა, უბრალოდ, შირმაა და მიშა ცდილობს, თავი მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დაიცვას.


ისე, სენატორ მაკ-კეინის შვილობილზე სამშობლოში, ანუ საქართველოში ე.წ. შიდა ძებნა დიდი ხანია, გამოცხადებულია. ანალოგიური გადაწყვეტილება მალე შესაძლოა, უკრაინაშიც მიიღონ. ყოველ შემთხვევაში, ქალაქ დნეპრის მერმა ბორის ფილატოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინიდან მიშას ექსტრადირება უნდა მოხდეს. თუკი მოვლენები მართლაც ამ სცენარით განვითარდა, მაშინ გამოვა, რომ ექს-პრეზიდენტი ერთგვარ სამართლებრივ ჩიხში აღმოჩნდება, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არაა და, მისი საქმიანობით უკრაინელი სამართალმდაცავებიც რომ დაინტერესდნენ, იძულებული გახდება, უკრაინაც დატოვოს. ასეთ დროს თავს, ალბათ, აშშ-ს შეაფარებს, მაგრამ „ვერსიას" ეუბნებიან, რომ სააკაშვილს არც ოფიციალური ვაშინგტონი შეიფარებს.


„მართალია, როგორც კი პრეზიდენტი გახდა, მიშამ სოციალურ ქსელში ტრამპთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, მაგრამ ეს სურათი, უბრალოდ, ტკბილი მოგონებაა და მეტი არაფერი", - ეუბნება „ვერსიას" კონფიდენტი, რომელიც არცთუ შემთხვევით, ჰააგის ტრიბუნალს ახსენებს და მიანიშნებს, რომ საერთაშორისო გამოძიებას ამ საკითხზე ჩვენება, შესაძლოა, თვითონაც მისცეს.


„იარაღით უკანონო ვაჭრობა ისეთი საკითხია, რომელიც ადრე თუ გვიან, გასკდება. ისე, მე თუ მკითხავთ, „ოცნებას" სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ქაშმირის პალტოებისა და რაღაც სისულელეების კი არა, სწორედ ამ უკანონო ვაჭრობის გამო უნდა აღეძრა, მით უმეტეს, საამისოდ საკმარისზე მეტი დოკუმენტური მტკიცებულება არსებობს. ახლა, არ ვამბობ, რომ დოკუმენტაციას, რომელიც წესით, თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს არქივში უნდა იყოს დალექილი, ხელს უშუალოდ მიშა აწერს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, უმაღლესი მთავარსარდლის გარეშე ვინმე გაბედავდა, რომ ამ შავბნელ ბიზნესში ჩარეულიყო? დიახ, იარაღის სინდიკატის ავანგრადში სააკაშვილი იდგა. ჩემი ვარაუდით, ამ ბიზნესში ის ბიძამ, თემურ ალასანიამ ჩართო და მტკიცებულებების მოპოვება არც ამ კუთხით გაჭირდება", - აღნიშნავს „ვერსიის" კონფიდენტი, რომელიც ირწმუნება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი, თავიდან ბოლომდე, იარაღის უკანონო ბიზნესის „გათეთრებას" ემსახურებოდა.


„მაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, უშუალოდ დავით კეზერაშვილის შუამავლობით, იარაღით ვაჭრობაში „პაზ ლოჯისტიკი" ჩაერთო, რომლის სათავო ოფისიც ისრაელშია და რომელსაც ფილიალი უკრაინაშიც აქვს. ამ კომპანიამ, რომელიც ამერიკული იარაღის ბროკერია, საქართველოს 70 ათას დოლარად შეფასებულ კონტრაქტში 300 ათასი, 477-ათასიანში კი მილიონი დოლარი გამოართვა. სხვათა შორის, ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოხსენებაშიცაა ნათქვამი, რომელიც 2009 წლის აგვისტოთია დათარიღებული. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებით კი, ამ კომპანიამ იარაღის ფასები სხვა შემთხვევებშიც გაბერა. კერძოდ, ლაპარაკია „მარტინ ელექტრონიკ ფლორიდიდან", „პაზ ლოჯისტიკის" შუამავლობით, საქართველოს მიერ შეძენილ M4331 ტიპის 40 მმ-იან 5 ათას ყუმბარაზე. თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, ბერძენიშვილმა, რომელიც 2009 წელს იარაღის შესყიდვაზე იყო პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ „პაზ ლოჯისტიკის" მიერ დასახელებულ ფასს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ამ მასალების ანუ ყუმბარების ყიდვა უმაღლესი პრიორიტეტი იყო...


2009 წლის სექტემბერში, ჩემი ინფორმაციით, საქართველოში NATO-ს ინსპექტორთა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამეფებული კორუფციითა და პროტექციონიზმით, ასევე, ფუნქციებისა და პარამილიტარისტული საკითხების აღრევით. NATO-ს, ამერიკელების მსგავსად, თავდაცვის მინისტრების ხშირი ცვლილებაც აღელვებდა. ამასთან, აშშ-მ შეშფოთება ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის გამოც გამოთქვა იმიტომ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაზე რომ აღარაფერი ვთქვა, „ჰუმან რაით ვოთჩისა" და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიც არსებობდა, რომლებშიც ციხეში გამეფებულ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე იყო ლაპარაკი", - იხსენებს „ვერსიის" წყარო და დასძენს, რომ სააკაშვილის დროს თავდაცვის მინისტრების ხშირ ცვლას შეიძლება, ორი მოტივი ჰქონდა: ერთი, ყველას გასვრა და მეორე, სქემის გასაიდუმლოება.


ზოგადად, იარაღით უკანონო ვაჭრობა დიდი და ბურუსითმოცული თემაა, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ამ კრიმინალურ სინდიკატს საქართველო ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, ანუ მაშინ შეუერთდა, როცა ქვეყნის თავდაცვის უწყებას ვარდიკო ნადიბაიძე ჩაუდგა.

 

„ისე, მიშამ არაპირდაპირ დაადასტურა, რომ ამ ბიზნესში იყო ჩართული: პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე, „ბელტრეიდინგის" ყოფილი ხელმძღვანელი, ბონდარჩუკი საქართველოში ჩამოიყვანა და მედალი ჩამოკიდა", - ამბობს კონფიდენტი, რომლის განმარტებითაც „ბელტრეიდინგი" იარაღის ტრაფიკში ერთ-ერთი გავლენიანი და საკვანძო კომპანიაა.

 

„დღეს სააკაშვილი პოლიტიკური გვამია", - აცხადებს „ვერსიასთან" საუბრისას კონფიდენტი და ყურადღებას ერთ გარემოებაზეც ამახვილებს. კერძოდ, ამბობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური ავანტიურა ყველაზე ძვირად იმ ქართველებს დაუჯდებათ, რომლებიც ყოფილ პრეზიდენტს სიტყვაზე ენდნენ და უკრაინაში „გადაპორტირდნენ".

 

„ახლა, ისე არ გამიგოთ, რომ დავით საყვარელიძესა თუ ხატია დეკანოიძეზე ვწუხვარ - ეგენი არ დაიკარგებიან და თავს უშველიან. მე იმ ქართველ ოფიცრებსა და რიგით სამხედროებზე ვამახვილებ ყურადღებას, რომლებიც მიშას დაძახილზე, უკრაინაში წავიდნენ და სამსახური იქაურ შეიარაღებულ ძალებში დაიწყეს. ჯერ ერთი, რუსეთ-უკრაინის ომში, ამ წლებში განმავლობაში, არაერთი ქართველი დაიღუპა. მეორეც, ახლა, როცა სააკაშვილის პოზიციები შესუსტებულია და ოფიციალური კიევის ელიტას მისი ატანა აღარ აქვს, როგორ წარმოგიდგენიათ, „მიშას ხალხს" უკრაინაში გააჩერებენ?

 

პირადი წყაროებით მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს გარკვეული პრობლემები უკვე შეექმნათ - ზოგი სამსახურიდან დაითხოვეს, ზოგს კი ღია ტექსტით უთხრეს, რომ მხოლოდ სამსახური კი არა, ქვეყანაც უნდა დატოვოს. ასე რომ, უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც უკრაინაში მიშას დაძახებაზე წავიდა, იძულებული გახდება, სამშობლოში დაბრუნდეს. არ ვამბობ, რომ პოროშენკოს ხელისუფლება მათ პოლიტიკურ დევნას დაიწყებს, მაგრამ ისეთ პირობებს შეუქმნის, რომ იძულებულნი გახდებიან, ასეთი გადაწყვეტილება თავად მიიღონ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ბევრს საქართველოში არ ჩამოესვლება, რადგან აქ დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კი, ვინც ჩამოვა, „შიმშილით სიკვდილი" თუ არა, უმუშევრობა ელის - კოჰაბიტაცია ბობოლებისთვის მოიგონეს, თორემ რიგით ადამიანებს, თუნდაც ისინი პროფესიონალი სამხედროები იყვნენ, ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით არ მიიღებენ, რომ მიშას უკრაინაში გაეკიდნენ", - ეუბნება „ვერსიას" ინფორმირებული კონფიდენტი და ისევ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს უბრუნდება, ანუ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სააკაშვილს ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომა შეიძლება, ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ პოროშენკომ კუთხეში მიაყენა და აიძულა, ეს გადაწყვეტილება მიეღო.


„მიშა მოსიარულე ბომბია და ამიტომ, მის მოშორებას ყველა ცდილობს, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტიც. სხვათა შორის, იმ დროს, როცა საქართველოში იარაღის უკანონო ბიზნესი ყვაოდა, პოროშენკო უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა ანუ ქართულ მხარესთან გარიგებებს ხელს სწორედ ის აწერდა. საქართველოსთვის იარაღის მომწოდებელი თითქმის ყველა საეჭვო კომპანიაც უკრაინული იყო. მართალია, ჰააგის ტრიბუნალისგან დიდი ხანია, არაფერი გვესმენია, მაგრამ ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, თბილისში პროკურორი ბენსუდა ჩამოვიდა და ისიც ღიად ითქვა, რომ ჰააგამ აგვისტოს ომის გამოძიება დაიწყო, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ტრიბუნალი იარაღის ტრაფიკზეც გავა. შეიძლება, ამ კუთხით გარკვეული სიახლეები არის, რაც პოროშენკოსთვის კულუარულად გახდა ცნობილი და სააკაშვილის თავიდან მოცილებაც ამიტომ გადაწყვიტა.

როგორც ჩანს, მიშაც ხვდება, რომ მის გარშემო წრე ვიწროვდება და უკრაინის განმათავისუფლებლის როლს ამიტომ ასრულებს, ანუ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მისი, როგორც უკრაინული ოპოზიციის ლიდერის დაჭერას, შეიძლება, პოლიტიკური სარჩული დაედოს. ერთი სიტყვით, ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური დასაყრდენი სჭირდება", - ამბობს „ვერსიის" ინკოგნიტო რესპონდენტი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავის გადარჩენის მიზნით, სააკაშვილმა შეიძლება, თავისი ყველა ყოფილი ბიზნესპარტნიორი „ჩაუშვას", მაგრამ მის ნათქვამს მტკიცებულებად კი არა, უფრო შურისძიებად ჩათვლიან, რადგან იგივე იარაღის უკანონო ტრაფიკი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან და მომგებიან ბიზნესად ითვლება, რომელშიც არაერთი ცნობილი და პატივსაცემი ადამიანია ჩართული.


„ამიტომაც ვამბობ, რომ მიშას, როგორც პაიკს, გაწირავენ", - მიიჩნევს „ვერსიის" კონფიდენტი.



ავტორი: ნინო დოლიძე


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი