logo_geo
„მიშას, როგორც პაიკს, გაწირავენ“
- +

1 დეკემბერი. 2016. 18:10


 

გაზეთი „ვერსია" სათაურით „უკრაინიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია იგეგმება?", კონფიდენციალურ წყაროსთან ინტერვიუს აქვეყნებს. კონფიდენტი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ სააკაშვილის მდინარეში მეორედ შესვლა თვითგადარჩენის სურვილითაა განპირობებული.


„მიშამ ძალიან კარგად იცის, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან, მაგრამ ცდილობს, ეს ჭეშმარიტება დაარღვიოს და დინების საწინააღმდეგოდ გაცუროს, რადგან თუ ასე არ მოიქცევა, შეიძლება, მარტო პოლიტიკური კარიერა კი არა, ცხოვრებაც დრამატულად დაასრულოს", -  აღნიშნავს კონფიდენტი.

 

ის იარაღით უკანონო ვაჭრობის თემას ეხმიანება, რომელზეც, მისი თქმით, ბევრი დოკუმენტური მტკიცებულება არსებობს.


„იარაღით უკანონო ვაჭრობა ისეთი საკითხია, რომელიც ადრე თუ გვიან, გასკდება. ისე, მე თუ მკითხავთ, „ოცნებას" სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ქაშმირის პალტოებისა და რაღაც სისულელეების კი არა, სწორედ ამ უკანონო ვაჭრობის გამო უნდა აღეძრა, მითუმეტეს, საამისოდ საკმარისზე მეტი დოკუმენტური მტკიცებულება არსებობს.

 

არ ვამბობ, რომ დოკუმენტაციას, რომელიც წესით, თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს არქივში უნდა იყოს დალექილი, ხელს უშუალოდ მიშა აწერს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, უმაღლესი მთავარსარდლის გარეშე ვინმე გაბედავდა, ამ შავბნელ ბიზნესში ჩარეულიყო?

 

დიახ, იარაღის სინდიკატის ავანგარდში სააკაშვილი იდგა. ჩემი ვარაუდით, ამ ბიზნესში ის ბიძამ, თემურ ალასანიამ ჩართო და მტკიცებულებების მოპოვება არც ამ კუთხით გაჭირდება", - განაცხადა „ვერსიის" წყარომ.


ინტერვიუში კონფიდენციალური წყარო იმ კომპანიასაც ასახელებს, რომელიც დავით კეზერაშვილის შუამავლობით იარაღით ვაჭრობაში ჩაერთო.


„მაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, უშუალოდ დავით კეზერაშვილის შუამავლობით, იარაღით ვაჭრობაში „პაზ ლოჯისტიკი" ჩაერთო, რომლის სათავო ოფისიც ისრაელშია და რომელსაც ფილიალი უკრაინაშიც აქვს.  ამ კომპანიამ, რომელიც ამერიკული იარაღის ბროკერია, საქართველოს 70 ათას დოლარად შეფასებულ კონტრაქტში 300 ათასი, 477-ათასიანში კი მილიონი დოლარი გამოართვა. სხვათა შორის, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოხსენებაშიცაა ნათქვამი, რომელიც 2009 წლის აგვისტოთია დათარიღებული.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებით კი, ამ კომპანიამ იარაღის ფასები სხვა შემთხვევებშიც გაბერა. კერძოდ, ლაპარაკია „მარტინ ელექტრონიკ ფლორიდიდან", „პაზ ლოჯისტიკის" შუამავლობით, საქართველოს მიერ შეძენილ M4331 ტიპის 40 მმ-იან 5 ათას ყუმბარაზე. თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, ბერძენიშვილმა, რომელიც 2009 წელს იარაღის შესყიდვაზე იყო პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ „პაზ ლოჯისტიკის" მიერ დასახელებულ ფასს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ამ მასალების ანუ ყუმბარების ყიდვა უმაღლესი პრიორიტეტი იყო", - აღნიშნავს წყარო.

 

„ვერსიის" ფარულ რესპონდენტს მიაჩნია, რომ ის ქართველები, რომლებიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს გაჰყვნენ, მალე საქართველოში დაბრუნდებიან.


„უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც უკრაინაში მიშას დაძახებაზე წავიდა, იძულებული გახდება, სამშობლოში დაბრუნდეს. არ ვამბობ, რომ პოროშენკოს ხელისუფლება მათ პოლიტიკურ დევნას დაიწყებს, მაგრამ ისეთ პირობებს შეუქმნის, რომ იძულებულნი გახდებიან, ასეთი გადაწყვეტილება თავად მიიღონ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ბევრს საქართველოში არ ჩამოესვლება, რადგან აქ დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კი, ვინც ჩამოვა, „შიმშილით სიკვდილი" თუ არა, უმუშევრობა ელის - კოჰაბიტაცია ბობოლებისთვის მოიგონეს, თორემ რიგით ადამიანებს, თუნდაც ისინი პროფესიონალი სამხედროები იყვნენ, ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით არ მიიღებენ, რომ მიშას უკრაინაში გაეკიდნენ.

 

მიშა მოსიარულე ბომბია და ამიტომ, მის მოშორებას ყველა ცდილობს, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტიც. სხვათა შორის, იმ დროს, როცა საქართველოში იარაღის უკანონო ბიზნესი ყვაოდა, პოროშენკო უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა ანუ ქართულ მხარესთან გარიგებებს ხელს სწორედ ის აწერდა. საქართველოსთვის იარაღის მომწოდებელი თითქმის ყველა საეჭვო კომპანიაც უკრაინული იყო.

 

როგორც ჩანს, მიშაც ხვდება, რომ მის გარშემო წრე ვიწროვდება და უკრაინის განმათავისუფლებლის როლს ამიტომ ასრულებს, ანუ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მისი, როგორც უკრაინული ოპოზიციის ლიდერის დაჭერას, შეიძლება, პოლიტიკური სარჩული დაედოს. ერთი სიტყვით, ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური დასაყრდენი სჭირდება", - ამბობს „ვერსიის" ინკოგნიტო რესპონდენტი.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი