logo_geo
დავით ნარმანია: ზოოპარკის ბოლოში დარგულ ხეებს „ნარმანიას ვენახები“ დაარქვეს
- +

21 ივნისი. 2017. 02:55


 

„ჩემი მერობის პერიოდში მასობრივი და მასშტაბური გამწვანების პროექტები განხორციელდა, რომლის შედეგადაც ძალიან ბევრი ხე დაირგო, ბევრი პარკი განახლდა და რომლის ნაყოფსაც ცოტა უფრო მოგვიანებით ნახავს და იგემებს ჩვენი თანაქალაქელები" - განაცხადა „აიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.


- როგორ ფიქრობთ, იტყვიან ეს ნარმანიას ხეებიაო, დაარქმევენ ამ ხეებს თქვენ სახელს?


- მაგალითად, ზოოპარკის ბოლოში დარგულ ხეებს ნარმანიას ვენახებიც კი დაარქვეს, იმიტომ რომ ასეთი პრინციპით არის დარგული ეს ხეები და ასე ეძახიან გარკვეული ჯგუფები.


- „მილიონი ხე" თქვენი წინასაარჩევნო სლოგანი იყო და ფაქტია, მართლაც ბევრი ხე დაირგო დედაქალაქში. მაგრამ, როცა თქვენი ოპონენტები გეუბნებიან, საიდან გავიგოთ ეს ხე მილიონია თუ 700 000 - იო, თქვენ პასუხობთ დათვალეთ ბატონო თუ არ გჯერათო. მეტი დამაჯერებლობა რომ შესძინოთ თქვენს სიტყვებს, ასე ძნელია რუკის შექმნა, სადაც დატანილი იქნება ეს ლოკაციები, ოპონენტები ამ პასუხით რომ არ გაისტუმროთ ხოლმე? ოპონენტებსაც რომ თავი დავანებოთ, აჩვენეთ ადამიანებს, რომლებსაც შეპირდით ამას.


- ეს არის პასუხი იმ ოპონენტების მიმართ, რომლებსაც არ უნდათ თეთრი დაინახონ თეთრად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ და ვამწვანებთ ქალაქს. ისინი ამას სათანადოდ ვერ ხედავენ, ან ხედავენ, მაგრამ უარყოფენ, შესაბამისად, მათთვის პოლიტიკური პასუხი არის ის, რომ მიბრძანდნენ და დაითვალონ. დიახ, ეს ესეა.


რაც შეეხება, მოქალაქეებს, რომლებსაც რეალურად აინტერესებთ რა გააკეთა ქალაქის მერიამ მილიონი ხის დარგვის დანაპირებთან დაკავშირებით, მათთვის ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ინფორმაცია. მათ ვეუბნებით, რომ 3000 -ზე მეტი ხე-მცენარე დაირგო კონკრეტულად იმ გზის მონაკვეთზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ანუ გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელ გზაზე, 2000-ზე მეტი დაირგო ზოოპარკის უკანა ნაწილში, 12 000 ძირი ზეთისხილი დაირგო მხოლოდ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მსხმოიარე ზეთისხილია, დენდროლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და თვითონ დენდროლოგიურ პარკში 50 000 ძირზე მეტი ხე-მცენარე დაირგო...


ასე რომ, საზოგადოება რომელიც ქალაქის სხვადასხვა უბნებში გადაადგილდება, ამას სათანადოდ ხედავს, ისევე როგორც ჩვენ მათ პერიოდულად ვაწვდით ამ ინფორმაციას. მე, რასაკვირველია, გავაკეთებ შემაჯამებელ ანგარიშს და ანგარიშში იქნება კონკრეტული ლოკაციები რამდენი ხე დაირგო. ასე ვთქვათ, ჩვენ ვუახლოვდებით ერთი მილიონი ხის ნიშნულს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შემოდგომაზე საკმაოდ მასშტაბური გამწვანების ღონისძიებებია დაგეგმილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი