logo_geo
ჯემალ გამახარია: რუსეთი აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებას არ აპირებს
- +

4 ივლისი. 2017. 13:16


ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი რუსეთის, აფხაზებისა და ოსების წარმომადგენლების დემარშით დასრულდა. დევნილთა საკითხებზე საუბრის დაწყებისთანავე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს. ასე ხდება მოლაპარაკებათა მთელი 40 რაუნდის განმავლობაში, როდესაც ისინი ანტიჰუმანურ ქმედებებს ავლენენ. ამ საკითხს „ახალ თაობასთან" აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია აანალიზებს.


„ჟენევის დისკუსიების „საიუბილეო" მე-40 რაუნდი უშედეგოდ და რუსეთის მტრული დემარშით რომ დასრულდა, მოულოდნელობას სულაც არ წარმოადგენს. მოსკოვის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნების, ისევე, როგორც სხვა აქტუალური საკითხების მიმართ, უცვლელი რჩება.  სავარაუდოდ, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, კრემლის პოზიცია იგივე იქნება 50-ე, მე-100 და შემდგომ რაუნდებზეც. ოკუპანტი არ აპირებს აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებას. უფრო მეტიც, მას აღნიშნული საკითხის განხილვაც კი არ სურს. მერე რა, რომ საუბარი აფხაზეთის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, ასეულ ათასობით ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხს ეხება.

 

რუსეთს ტერიტორია სჭირდება და არა იქ მცხოვრები ხალხი. პირველ რიგში, რუსეთს აფხაზეთში ქართველები არ სჭირდება. ცოტა ხნის შემდეგ აფხაზებიც აღარ დასჭირდება. აფხაზებმა ეს უნდა გაითვალისწინონ...

 

რუსეთის დელეგაციის მიერ ჟენევაში დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვაზე უარის თქმა და სხდომათა დარბაზის დემონსტრაციულად დატოვება აფხაზეთში განხორციელებული გენოციდის შედეგების დაკანონების პოლიტიკის მორიგი თავხედური გამოვლინებაა. ამ პოლიტიკას კიდევ უფრო თვალნათელს ხდის ოკუპირებული გალის რაიონის საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევა და ათეულ ათასობით ეთნიკური ქართველის მიმართ ადამიანის ყველანაირი უფლების არაადამიანური, ველური მეთოდებით დარღვევა.

 

ვფიქრობ, დადგა შესაფერისი ჟამი, რათა სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ გაკეთებული ობიექტური შეფასებები განახლდეს და აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკას კიდევ ერთხელ თავისი ნამდვილი სახელი - გენოციდი - დაერქვას", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი