logo_geo
საქართველოს საპატრიარქო: „მასალა მეუფე თეოდორეს შესახებ ჟურნალისტური სიცრუის ნიმუშს წარმოადგენს!“
- +

3 დეკემბერი. 2016. 20:10



მეუფე თეოდორესთვის საცხოვრებელი ბინის ჩამორთმევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს საპატრიარქო განმარტებას ავრცელებს:


„28 ნოემბერს გაზეთ „პრაიმ-ტაიმით" გავრცელდა წერილი სათაურით: „მეუფე თეოდორეს მილიონ-ნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს", რომელიც ჟურნალისტური სიცრუის ნიმუშს წარმოადგენს.

 

გვინდა, განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ბინა რეალურად მეუფის არასოდეს ყოფილა და ამიტომ ვერც ჩამოერთმეოდა. ეს იყო საპატრიარქოსთვის განკუთვნილი შპს MGI-ს 35%-ის შესაბამისი ფართი, რომელიც დროებით გაფორმდა მეუფე თეოდორეზე, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელზე, ხოლო მშენებარე ობიექტის იპოთეკისა და სხვა ვალდებულებებისაგან განთავისუფლების შემდეგ გადაეცა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოს.

 

ეს ბინა პენტჰაუსი არ არის (როგორც მას ავტორი სტატიაში ხშირად აღნიშნავს); იგი ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაშია. მისი მთლიანი ფართი 269კვმ-ია და, რა თქმა უნდა, ღირებულებაც მილიონ-ნახევარზე ბევრად ნაკლებია.

 

ამ ბინაში კათოლიკოს-პატრიარქი ორი წლის წინ ბრძანდებოდა, ხოლო მეუფე თეოდორე არასდროს ყოფილა. წერილში კი ნახსენებია შენობის დარაჯი, რომელიც თითქოს ადასტურებს აღნიშნულ ფართთან მეუფის კავშირს.

 

ასე რომ, არანაირ „კორუფციულ გარიგებას" და „ამ გზით ფართის დაუფლების ფაქტს" ადგილი არ ჰქონია. შემოთავაზებული ინტერპრეტაცია კი უხეში ცილისწამებაა.

 

არასწორი ინფორმაცია წერილში სხვაც ძალიან ბევრია და მათზე აღარ შევჩერდებით, დავძენთ მხოლოდ ერთს: სტატიის ავტორი დასაწყისში ამბობს, რომ ინფორმაცია მიიღო რამდენიმე თვის წინ საპატრიარქოში შექმნილი ჯგუფისაგან, რომელსაც დავალებული აქვს „მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი სასულიერო პირების ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა".

 

ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოში ასეთი დავალების მქონე არც პიროვნება და არც ჯგუფი არ არსებობს. საინტერესოა, საიდან იღებს ინფორმაციას და ვისთან აქვს კავშირი „პრაიმ-ტაიმის" ჟურნალისტს?!

 

როგორც განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, არსებობენ ადამიანები, რომელნიც მიზანმიმართულად თხზავენ და ავრცელებენ ცილისმწამებლურ სტატიებს ეკლესიის წიაღში მყოფი ამა თუ იმ პიროვნების „დანაშაულებრივ გარიგებებზე" ეკლესიის ქონებასთან მიმართებაში.

 

გავიხსენოთ „სნოს" წყლის ამბავი და 15 მილიონად მისი „გაყიდვა", ან ხაშმის ღვინის ქარხნის „სარფიანი გასხვისება" და სხვა...

 

ჟურნალისტები სარგებლობენ იმით, რომ სასულიერო პირებს არ სჩვევიათ თავის მართლება და მოთმინებით იტანენ პირად შეურაცხყოფას, მაგრამ აღნიშნულიც და სხვა მრავალი ფაქტიც უკვე დიდი ხანია პირადულ ფარგლებს გასცდა და შავი პიარის სახე მიიღო;

 

ამით გარკვეულ პიროვნებებს აქვთ მცდელობა, ერთი მხრივ, ეკლესიის დისკრედიტაციისა და მისი ავტორიტეტის შერყევისა და, მეორე მხრივ, ეკლესიაში შიდა დაპირისპირების შექმნისა.

 

ამ ადამიანებს ტყუილად გონიათ, რომ ასეთი ქმედება მათთვის სასურველი შედეგის მომტანი იქნება. საზოგადოების დიდი ნაწილი დღესაც კარგად ხვდება, რაშიცაა საქმე. რა თქმა უნდა, დროებითია ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელთა ინკოგნიტო მდგომარეობაც.

 

სახარება ბრძანებს და ცხოვრებაც ადასტურებს, რომ „არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს", ხოლო ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს", - ნათქვამია განმარტებაში.




 

big_banner
არქივი