logo_geo
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს!
- +

23 ნოემბერი. 2017. 02:07


საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ 6 მაისს და 23 ნოემბერს ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.


წმიდა გიორგი დაიბადა III საუკუნის II ნახევარში კაპადოკიაში. მისი მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. მას მაღალი თანამდებობა ეკავა რომის არმიაში და ერთ-ერთი დევნის დროს მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის სიკვდილის შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა, ქალაქ ლიდის მახლობლად, სადაც იგი ღვთისმოშიშობითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. დედისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ღრმა ერთგულება წმ. გიორგის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.


გიორგი სრულიად ახალგაზრდა გამწესდა სამხედრო სამსახურში. ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში იგი გამოირჩეოდა, როგორც მამაცი, გამოცდილი მეომარი და მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წ.წ.) ყურადღებაც მიიპყრო. იმპერატორმა იგი დაიახლოვა, შვილივით შეიყვარა და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.


თავისი მეფობის პირველ ხანებში დიოკლეტიანე ქრისტიანებს არ სდევნიდა: ნება დართო მათ, აეშენებინათ ეკლესიები და ჩაეტარებინათ ღმრთისმსახურება. ნიკომიდიაში, იმპერატორის რეზიდენციაში, ააგეს უზარმაზარი ქრისტიანული ბაზილიკა, რომელიც ოცი ათას კაცს იტევდა. ხელმწიფის ნათესავთა შორის ბევრი იყო ქრისტიანი. დიოკლეტიანე 15 წელს მყარად იჯდა რომის ტახტზე და მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სამხედრო რეფორმები გაატარა, მაგრამ მალე ერთ უბედურებას მეორე მოჰყვა: შიმშილი, ეპიდემიები და აჯანყებები არყევდნენ იმპერიას. ქურუმები შეაგონებდნენ იმპერატორს, რომ ღმერთების მოსამადლიერებლად და ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელი იყო იმპერიაში მყოფი ყველა ქრისტიანის განადგურება. დიოკლეტიანე, ქვეყნის უზენაესი ქურუმი, თავადაც თვლიდა, რომ რომის დიდება განუყრელად იყო დაკავშირებული წარმართულ რელიგიასთან.


რომის კეისრებს განსაკუთრებით სძულდათ ქრისტიანები, რადგანაც ისინი მათ, როგორც მიწიერ ღმერთებს, მსხვერპლს არ სწირავდნენ. იმპერატორს ჰყავდა ერთგული მეგობარი მაგნეტიოსი, რომელიც განსაკუთრებულად ემტერებოდა ქრისტეს მიმდევრებს. მეფემ და მაგნეტიოსმა განიზრახეს ქრისტიანების სრული განადგურება და სენატის საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება დევნის დაწყების შესახებ. დარბაზში, თათბირზე გამოვიდა იმპერატორი, რომელმაც თავისი სიტყვა ასე დაასრულა:


„ქრისტიანები არ უნდა არსებობდნენ". იმ ღამესვე დაწვეს ხალხით სავსე დედაქალაქის ეკლესია, ხოლო დიოკლეტიანემ წერილები მისწერა იმპერიის ყველა პროვინციის მმართველს, ერისმთავარსა და მხედართმთავარს, რომ თავიანთ საბრძანებელში თუ არ მოსპობდნენ ყველა ქრისტიანს ცეცხლითა და მახვილით, მათაც ისევე დასჯიდნენ, როგორც ქრისტიანებს. როგორც კი ამ წერილებმა თავის დანიშნულების ადგილებამდე ჩააღწია, დაიწყო ქრისტიანთა სამწყსოების მასობრივი და სასტიკი დევნა. მრავალმა ქრისტიანმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას და უარყო ქრისტე.


და აი მაშინ, როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი უკუნეთ ღამეში, გამობრწყინდა ქრისტეს მხნე მხედარი, დიდმოწამე გიორგი, რომელმაც ზეციური საღმრთო სიბრძნით განაქარვა კერპთმსახურების საცთური და თავისი წამების ღვაწლით განანათლა ქრისტიანები.


ჯოჯოხეთის ურჩხულმა დიოკლეტიანემ მიმართა მას: „გიორგი, ვიცით ჩვენ შენი სიბრძნე და მამაცობა და პატივცემულიცა ხარ ჩვენგან, მაგრამ თუ არ შესწირავ მსხვერპლს აპოლონსა და სხვა ღმერთებს, უკეთურად და უპატიოდ მოკვდები, ხოლო თუ დაგვემორჩილები, ჩვენი მეგობრობით განიხარებ და მრავალ სიმდიდრესა და სიკეთეს მიემთხვევი, რადგან აწინდელი ამაო კადნიერება არ არის სასურველი შენთვის". წმ. გიორგიმ მიუგო: „მეფეო, ისმინე ჩემი და ჭეშმარიტი ღმერთი შეიცანი, რათა ღირსი შეიქმნე ცათა სასუფეველისა, ხოლო შენი მიწიერი ხელმწიფება დროებითია.


შენი ტკბილი საუბარი ვერ შეარყევს ჩემში ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას, რადგან ჩემთვის ქრისტე ზეციური მეუფეა და ის მომანიჭებს დიდებასა და გამარჯვებას ეშმაკსა და მის მსახურებზე". მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა მისი ძელზე ჩამოკიდება და ლახვრით დაკოდვა, სანამ მისი ნაწლავები მიწაზე არ დაცვივდებოდა, მაგრამ, როგორც კი მახვილი აძგერეს, ის ასხლეტილი ტყვიასავით იმწამსვე უკუიქცა, ხოლო სანუკვარ სხეულს მხოლოდ სისხლის ცვარი გადმოედინა, წმინდა გიორგიმ კი მადლობა შესწირა ღმერთს. განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა მისი საპყრობილეში წაყვანა, ხუნდებით დაბორკვა და მკერდზე ლოდის დადება. როდესაც ოთხმა კაცმა გაჭირვებით აიღო უზარმაზარი ლოდი და გულზე დაადო. სრულიად უვნებელმა გიორგიმ კვლავ სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს.


მეორე დღეს ეშმაკმა დიოკლეტიანესა და მის მომხრეებს მეტი მზაკვრობა ჩაუნერგა გულში. მათ შიშველი გიორგი დააკრეს მბრუნავ ურმის თვალზე, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილები იყო აღმართული, ხოლო როდესაც ძლიერად დაატრიალეს ბორბალი, წმინდანის სხეული ნაკვეთ-ნაკვეთ დაიჭრა.


როდესაც დედოფალმა ალექსანდრამ კერპების შემუსრვა შეიტყო, მსწრაფლ მივიდა მეფესთან და შესძახა: „უძლეველი მხედრის გიორგის ღმერთო, ნუ გამიხსენებ უმეცრებით ჩადენილ ცოდვებს, უფალო, ღმერთო, გაიხსენე ჩემი უკანასკნელი მოქცევა შენდამი და ადგილი მიმიჩინე ქრისტიანებთან და შენს ერთგულ მონა გიორგისთან". გამძვინვარებულმა მეფემ უკანასკნელად მიმართა წმინდა გიორგის: „უკეთურო გიორგი, შენ შეაცდინე დედოფალი და მიზეზი გახდი მისი დაღუპვისა, ამიტომ ვბრძანებ, რომ მახვილით თავი წარგეკვეთოთ შენც, გალილეველთა მღვდელსა და დედოფალსაც". მხედრებმა მაშინვე წაიყვანეს ისინი ქალაქგარეთ. სიხარულით აღვსილი დედოფალი გულში გამუდმებით ლოცულობდა, ხოლო თვალები ზეცისაკენ ჰქონდა აღპყრობილი. მან გზად ჩამოისვენა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს, ხოლო წმინდა გიორგიმ, როგორც კი ადგილზე მიიყვანეს, სთხოვა მათ, რომ ლოცვის დრო მიეცათ. მიაპყრო თვალები ზეცას, აღაპყრო ხელები, ამოიოხრა და თქვა: „უფალო, ღმერთო ჩემო, რომელიც არსებობ საუკუნეებზე უწინარეს, რომლისკენაც მოვილტვოდი ჩემი სიყრმიდან, რომელი ხარ ქრისტიანთა სასოება, და რომლის არსებობასაც არა აქვს დასასრული, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და სრული მოწამეობა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და განარიდე ეშმაკთა სულებისაგან და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად. აპატიე ამ წარმართებს ის ბოროტება, რაც უყვეს შენს მონებს და გაუნათლე მათ გულები ჭეშმარიტების შესამეცნებელად. უფალო, მოუვლინე შეწევნა ყველას, ვინც კი უხმობს შენს სახელს და დაამკვიდრე მათ შორის შენი შიში, სიყვარული და შენი წმინდანების სურვილი, რათა აღასრულებდნენ მათ დღესასწაულებსა და ბაძავდნენ მათ სარწმუნოებას, რომ მათთან ერთად ღირსნი გახდნენ ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებისა. მოხედე, უფალო, ჩემს სიმდაბლეს და მიეცი მადლი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა. ხოლო თუ ვინმე გასაჭირში იყოს და გამიხსენოს მე, იხსენი ყოველგვარი განსაცდელისაგან. უფალო ღმერთო, ვინც მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიეცი მადლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი და განკურნენ მათი სნეულებანი, რადგან მხოლოდ შენ იცი, მათი მაცთური მტრის სივერაგე, რომელიც ფეხქვეშ შემუსრე და რომლებიც წაიკითხავენ ან მოისმენენ ჩემს წამებას, განწმიდე ბიწიერებისაგან". და როგორც კი ლოცვა დაასრულა, უფალი გამოეცხადა და უთხრა: „მოდი ჩემო სარწმუნო მონაო და შედი მამაჩემის ზეციურ სამკვიდრებელში. ხოლო რაც მთხოვე, აღგისრულებ და ვინც შენს სახელს მოიხსენებს, ვიხსნი ყოველგვარი განსაცდელისაგან". და როდესაც სიტყვა დაასრულა, ამაღლდა ზეცად. მაშინ წმინდა გიორგიმ მოიდრიკა მუხლი და მიუშვირა ქედი. ჯალათმა დაჰკრა მახვილი და დასრულდა დიდმოწამის წამება 303 წელს, 23 აპრილს, პარასკევ დღეს, დილის 7 საათზე.


ანდერძის თანახმად წმინდა გიორგის ცხედარი დაკრძალეს პალესტინაში, ქალაქ რამალაში და იგი შეიქმნა კურნებებისა და სასწაულების წყაროდ. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს, იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლიდში (დიოსპოლისი) წმინდა გიორგის სახელზე ააშენეს დიდი ტაძარი და მისი წმინდა ნაწილები საზეიმოდ იქ გადაასვენეს.


 

big_banner
არქივი