logo_geo
25 დეკემბერს ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი სრულდება
- +

24 დეკემბერი. 2017. 21:23

 


25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი სრულდება.


საზეიმო ლიტურგიას პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს. მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს და ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შესრულდა. წელს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლის იუბილეც აღინიშნება, 4 იანვარს კი პატრიარქს 85 წელი უსრულდება.


საზეიმო ღონისძიებები, კონფერენციები და საქართევლოში მართლმადიდებელი ქვეყნების დელეგაციების მოწვევა მთელი წლის განმავლობაში იყო დაგეგმილი, თუმცა მაისში, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით საიუბილეო ღონისძიებები გაუქმდა.

 

„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა", - ნათქვამი იყო საპატრიარქოს განცხადებაში.


ილია II (ერისკაცობაში - ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია, რის შემდეგაც დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1961 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.












big_banner
არქივი