logo_geo
მამა ანტონ გულიაშვილის მოგონება პატრიარქზე
- +

27 დეკემბერი. 2017. 12:46



..მერე შემემთხვა უსიამოვნება უკვე მღვდლად ყოფნის დროს, დამაპატიმრეს და იქაც ჩემი პატიმრობის პერიოდში არ მახსოვს ჩამოსვლა დედაჩემის პაემანზე, რომ არ ეთქვა მადლიერების სიტყვები მეუფე ილიასადმი.

მიზეზი იყო ის, რომ ბათუმში ყოფნისას ჩვენთან ჩამოვიდა მეუფე ნესტორი კიევიდან. ვინაიდან გაგვაგებინეს, რომ მობრძანდება ეპისკოპოსი, ამ დროისათვის მეუფე ილია მიბრძანებოდა როდოსის კუნძულზე შეკრებაზე და დამავალა მე მასთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, დავხვდი, როგორც წესი და რიგია. გავისტუმრეთ. რომ მიბრძანდებოდა, მეუფე ნესტორი სახლში დამპატიჟა თავისთან სტუმრად, თუ გექნება საშუალება, ჩამოდი ჩემთანო. მართლაც გადავწყვიტე წასვლა. სექტემბერში წავედი კიევში. მე ვიყავი ალექსანდრე ნათლობით. უწმიდესისგან ავიღე ლოცვა-კურთხევა, რომ 8 სექტემბერს პოჩაევოში ღვთისმშობლის დღესასწაულისთვის წავსულიყავი. წადიო მითხრა, მაგრამ 10 სექტემბრისთვის საქართველოში იყავიო. და ჩემი ანგელოზის დღისთვის აქ იყავიო. უკან რომ ვბრუნდებოდი ავტობუსის სადგურში იმ დროისათვის ათეისტური პროპაგანდისტული ბუდე იყო. ერთ-ერთ ათეისტთან შეხლა-შემოხლა მომივიდა და სახეში გავარტყი. რაზე გავარტყი? მე არასდროს არ მიჩხუბია ცხოვრებაში, მაგრამ არც მაშინ გავარტყამდი. რაღაცაზე რომ შეველაპარაკე, შემომაფურთხა ანაფორაზე.

როდესაც უწმიდესმა ეფრემმა მაკურთხა მითხრა, ეს ანაფორა ან სიკვდილმა ან ციხემ უნდა გაგხადოსო. იმიტომ, რომ ეს არის ღვთისმშობლის ტანისამოსი და მისი შეურაცხყოფა დასჯადიაო. ეს მახსოვდა კარგად. სასამართლოზეც ვთქვი, მას, რომ შეეგინებინა ჩემთვის დედაც კი, რაც საქართველოში მიუღებელია, შეიძლება მომეთმინა. მაგრამ რომ შეურაცხყო ჩემი ღვთისმშობლის შესამოსელი ერთხელ გავარტყი. ამისათვის მომისაჯეს ერთი წელი. ათეისტური ჯგუფის ხელმძღვანელი იყო პოჩაევოში. ეს იყო მიზეზი და მომისაჯეს ერთი წელი პოჩაევოს ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დანაშაული განისაზღვრებოდა ჯარიმიდან წლამდე და მომცეს ერთი წელი, ვინაიდან სასულიერო პირი ვიყავი. მოსამართლე დამემუქრა კიდეც, რომ ეს ერთი წელი გაფიქრებინებს რომ ეს ძონძიც გაიხადოო. დაშინების მსგავსად მითხრა, რომ მოგცემთ ერთ წელს და იქნებ იფიქრო, რომ უარი თქვა ღმერთზე. მადლობა ღმერთს, კარგად გადავიტანე ღვთის წყალობით, პატრიარქი ეფრემის და მეუფე ილიას ლოცვა-კურთხევით. მინდა გაუსვა ხაზი, რომ ამ პერიოდში დედაჩემი რა დღეშიც იქნებოდა, წარმოგიდენიათ. მეუფე ილიამ ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა იმითაც, რომ ამხნევებდა დედას.


 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი