logo_geo
წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერი
- +

9 იანვარი. 2018. 12:34



ხირსის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, სიღნაღიდან აღმოსავლეთით 11 კმ-ის დაშორებით. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ღირსმა სტეფანემ (552-557წ.წ.). ისტორიკოს-გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი ხირსის მონასტერზე წერს: "კვალად ხორნაბუჯის ჩრდილოთ არის ხირსას მონასტერი, რომელი ჰყო 13 მამათაგანმან წმიდა სტეფანემ, დიდ კეთილ-შენი. დაფლულ არს მუნვე წმიდა სტეფანე. ზის წინამძღვარი". ღირსმა სტეფანემ თავისი  ღვაწლისათვის შეარჩია ცივგომბორის ქედზე მცირე ფერდი, რომელიც იმ დროს ტყით იყო დაფარული. აქ მან აღაშენა თავისი ზეციური მფარველის წმინდა პირველმოწამე სტეფანეს სახელზე მცირე ეკლესია, რომელიც, როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, კახეთის მეფე კვირიკე I-ის (893-918) შრომით შეცვლილა საკმაოდ მოზრდილი ტაძრით. სახელ "ხირსის" წარმომავლობა უცნობია. ზოგს ის გამოჰყავს ქართული სიტყვიდან "ღირსი". ზოგნი კი მას უკავშირებენ მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას, რომელიც იმ დროს, როდესაც გარშემო მთები დაფარული იყო ხშირი ტყით, საკმაოდ წყალუხვი ყოფილა. თუმცა ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მდინარეს შეეძლო მიეღო სახელი მონასტრისგან. არსებობს ვარაუდიც, რომ სახელი "ხირსა" შესაძლოა თვით ღირს სტეფანეს შემოეტანა მცირე აზიიდან საქართველოში და ეწოდებინა თავისი განმარტოებული მოსაგრეობის ადგილისთვის.





ხირსის მონასტერი აგებულია ქართული სტილით. შემოსასვლელი კარი ორი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან, რომელიც ჯერ წმინდა ნიკოლოზის ეკვდერისკენ მიემართება, ხოლო იქიდან - მთავარ ტაძარში. მთავარი საკურთხევლის მარჯვნივ, სამხრეთით არის კამარიანი ეკვდერი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, მარცხნივ კი, ჩრდილოეთით მეორე ეკვდერია, რომლის შესასვლელშიც არის სამარხი ღირსი სტეფანე ხირსელისა. აღნიშნულის გარდა, ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით არის წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკვდერიც, რომელსაც გარედან, მღვდელმონაზონ ფილადელფოს კიკნაძის მიერ, მიდგმული აქვს პატარა ოთახი ღამისმთეველთათვის.


1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ხირსის სტეფანწმინდა ქართლ-კახეთის ერთ-ერთი მონასტერთაგანი იყო, რომელშიც აღესრულებოდა ღვთისმსახურება.


XIX ს-ის დასაწყისისთვის წმინდა სტეფანეს ტაძარი ნგრევის პირას იყო მისული. იგი კაპიტალურად გარემონტდა 1822 წელს, ეგზარქოს იოანეს (1821-1832) დროს. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა ფილადელფოს კიკნაძე (1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე).


მონასტრის დასავლეთით აღმართულია საკმაოდ მაღალი გალავანი, რომელიც პლატონ იოსელიანის მოწმობით, კახეთის მეფე ლეონს შეუკეთებია. ხირსის მონატრის დასავლეთით მდებარეობს სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც იღუმენ ალექსანდრეს (საყვარელიძე) აუგია საკუთარი სახსრებით XIX ს-ში. მონასტრის ტაძარს ადრე თავისი გალავანი ჰქონია, რომელისგანაც ამჟამად მცირე ნაშთებია დარჩენილი. მონასტრის ეზოში მდებარეობს საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა და მარანი, რომელიც არქიმანდრიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე, 1893-1897) დროსაა აგებული. აქვეა ბერების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.


ხირსის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიონერული ცენტრი იყო. მისი მესვეურნი დაუღალავად იღვწოდნენ ქრისტიანობის გასავრცელებლად დაღესტანში, ოსეთში, ინგუშეთში, ასტრახანში, დერბენტში და სხვ. ამ მონასტრის წინამძღვართაგან სამისიონერო სარბიელზე განსაკუთრებით იღვაწა წმინდა იოანე მანგლელმა (სააკაძე, 1751), რომლის წმინდა ნაწილების თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში განისვენებენ.


2001 წლის ნოემბრიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ლაზარე (გრძელიშვილი). მისი ძალისხმევით დაიწყო მონასტრის ტერიტორიის მოწესრიგება. 2002 წლის გაზაფხულზე განახლდა წმინდა ნიკოლოზის ეკვდერი.

2004 წლისათვის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ტაძარს კიდევ ორი მოქმედი ეკვდერი შეემატა - ღვთისმშობლის მიძინებისა და წმინდა სტეფანე ხირსელისა.


***

წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონატრის შესახებ საუბარი ვთხოვე მონასტრის ატქიმანდრიტ ლაზარეს (გრძელიშვილი):




არქიმანდრიტი ლაზარე მეუფე იაკობთან ერთად


- მამაო დაგვლოცეთ და გვაკურთხეთ...

- ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგახაროთ.

ცნობილია, რომ თავიდან წმინდა სტეფანე ხირსელმა ააგო მცირე ზომის ეკლესია, მონასტრის ძმობის სიმრავლის გამო საჭირო გახდა დიდი დარბაზული ეკლესიის აგება. როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, კახეთის მეფე კვირიკე I-ის დროს (893-918 წ.წ.) აიგო საკმაოდ მოზრდილი გუმბათიანი ტაძარი. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მამები, როგორებიც იყვნენ: წმინდა იოანე მანგლელი, წმინდა ლეონიდე ოქროპირიძე, წმინდა გიორგი მხეიძე და სხვები. მონასტერი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა კომუნისტების პერიოდში. აქ შეწყდა  მონასტრული ცხოვრება. გაიძარცვა ყველაფერი, საფლავებიც კი. თავად ტაძარი გადაიქცა საქონლის და ცხვრის თავშესაფარად. ხოლო XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მონასტერმა განაახლა ფუნქციონირება. ღვთის წყალობითა და წმინდა სტეფანე ხირსელის მეოხებით დღეს მონასტერში მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები, მთლიანად გადაიხურა და კეთილმოეწყო დიდი ტაძარი, გამაგრდა დაზიანებული კედლები, განახლდა სამრეკლო, სატრაპეზო, მონასტრის წევრებისთვის შეკეთდა საცხოვრებელი კელიები.


მინდა აღვნიშნო, რომ მონასტერს საკმაოდ ბევრი მრევლი ყავს. ძალიან თბილი და კეთილი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. როგორც შეუძლიათ გვერდით გვიდგანან მონასტრის წევრებს. მადლობა მინდა ვუთხრა მათ ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის.

ცამეტი ასურელი მამა საქართველოში ქვეყნის ძნელბედობის ჟამს ჩამოვიდნენ და თავიანთი ლოცვითა და მოღვაწეობით გააძლიერეს და განამტკიცეს ქვეყანა. ახლაც არანაკლები განსაცდელის წინაშე დგას ჩვენი სამშობლო. ინებოს ღმერთმა, რომ მათი ლოცვა-კურთხევა არ მოაკლოს ქართველ ერს და სრულიად საქართველოს. გაიხარეთ და გწყალობდეთ ღმერთი.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი