logo_geo
რატომ არის ვალენტინობა სიყვარულის დღე?!
- +

14 თებერვალი. 2018. 01:01



14 თებერვალს ვალენტინობის დღესასწაულის აღნიშვნა საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მიზეზი ხშირ შემთხვევაში ამ დღის შინაარსის არცოდნა და ხალხში გავრცელებული არასწორი ინფორმაციაა.


ზოგჯერ აგრესიულ უარყოფასაც ვაწყდებით, ამ დროს კი წმიდა ვალენტინი ქრისტიანული წმიდანია და ქრისტიანული შინაარსით მისი ხსენების აღნიშვნაში ცუდი არაფერია.


„ამბიონი" ვალენტინობის დღისა და წმიდა ვალენტინის შესახებ თეოლოგიის დოქტორს საეკლესიო სამართალში, მღვდელ ალექსი ქშუტაშვილს ესაუბრა:

 

„წმიდა ვალენტინი გახლდათ რეალურად ისტორიული პიროვნება, წმიდანი, რომელიც ცხოვრობდა მესამე საუკუნის შუა წლებში, ქალაქ ტერნისში, დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე. იყო ინტერამის ეპისკოპოსი. იგი 270 წელს მოწამეობრივად აღესრულა.


ვიცით, რომ 1054 წლამდე, სანამ კათოლიკური ეკლესია არ გამოეყო მართლმადიდებლურ ეკლესიას, ყველა წმიდანი, რომელიც მოღვაწეობდა დასავლეთ ევროპაში, ჩვეულებრივად მართლმადიდებელ წმიდანად მიიჩნევა. შესაბამისად, წმიდა ვალენტინი, რომლის ხსენებასაც დღეს უკვე კათოლიკური ეკლესია აღნიშნავს 14 თებერვალს, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი - ძვ.სტილით 30 ივლისსა და ახ.სტილით 12 აგვისტოს, მართლმადიდებელი წმიდანია, ერთ-ერთი პირველთაგანი მოწამე მართლმადიდებელი ეკლესიისა. მას ვალენტინ იტალიელსაც უწოდებენ."

 

- რამდენად შესაძლებელია, ერთი და იმავე წმიდანის ხსენებას სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესია განსხვავებულ კალენდარულ დღეს აღნიშნავდეს?


- ასეთი რამ პრაქტიკაში მომხდარა და გასაკვირიც არაფერია. ოფიციალურად წმიდა ვალენტინის დღესასწაული 494 წელს დაინიშნა რომის ეპისკოპოსის გელასის დროს. იმ პერიოდიდან დასავლეთ ევროპაში წმიდა ვალენტინობას 14 თებერვალს ზეიმობდნენ. აღმოსავლეთში ამ წმიდანის ხსენების აღნიშვნა მოხდა უფრო მოგვიანებით და დაინიშნა ძველი სტილით 30 ივლისს.


- არსებობს ბევრი მაგალითი იმისა, რომ ერთი და იმავე წმიდანის ხსენება სხვადასხვა რიცხვში აღინიშნებოდეს.


- მაგალითად, წმიდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს აღნიშნავს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი - 26 ივნისს. მსოფლიო საქრისტიანო გიორგობას აღნიშნავს მაისში. მაისში ჩვენც ვდღესასწაულობთ გიორგობას, მაგრამ ძირითადი გიორგობა ჩვენთან ნოემბერშია. ნიკოლოზობას მართლმადიდებელი საქრისტიანო წელიწადში ერთხელ აღნიშნავს - დეკემბერში, საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიები კი ნიკოლოზობას მაისშიც დღესასწაულობენ.


სპეციალისტების უმრავლესობა თანხმდება იმ აზრზე, რომ ის წმიდა ვალენტინი, რომლის ხსენებასაც დასავლეთ ევროპაში 14 თებერვალს აღნიშნავენ, არის იგივე წმიდანი, რომელსაც ჩვენ, მართლმადიდებლები ძვ. სტილით 30 ივლისსა და ახ. სტილით 12 აგვისტოს მოვიხსენიებთ (იხ. შენიშვნა).


- რატომ დადგინდა წმიდა ვალენტინის ხსენების დღედ 14 თებერვალი?


- არსებობს ორი ვერსია. პირველი ის, რომ რეალურად წმიდანი მოწამეობრივად აღესრულა 270 წელს, 14 თებერვალს.


მეორე ვერსიით, მაშინ, როცა დასავლეთ ევროპის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდანის ხსენების დღედ 14 თებერვალი დააწესა,


ამით სურდათ, ქრისტიანული შინაარსით ჩაენაცვლებინათ წარმართული დღესასწაულის - ლუპერკალების აღნიშვნა. ცნობილია, რომ საუკუნეების განმავლობაში, რომის იმპერიაში 14 თებერვალს აღინიშნებოდა წარმართული დღესასწაული, რომელსაც ლუპერკალები ერქვა, ანუ მგლის ღვთაების დღესასწაული.


რომში იდგა მგლის ღვთაების წარმართული ტაძარი, სადაც ეწყობოდა რიტუალი: ამ დღეს ტაძარში იკვლებოდა ორი ცხოველი - თხა და ძაღლი. მათ ატყავებდნენ, მათი ტყავიდან კი ჭრიდნენ გარკვეულ მათრახებსა და ქამრებს.


ტაძარში შედიოდა ორო ქურუმი - შიშველი მამაკაცები. ისინი იმოსებოდნენ ამ ქამრებით, რა ტყავიც დარჩებოდათ, გამოვიდოდნენ გარეთ და ტაძრის გარშემო რიტუალურ სირბილს იწყებდნენ. ამ დროს ტაძართან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. სირბილის დროს ისინი ამ მათრახებს ხალხს ურტყამდნენ და განსაკუთრებით ქალები ცდილობდნენ, მათაც მოხვედროდათ. წარმართული წარმოდგენით, ვისაც ეს მათრახი მოხვდებოდა, მას ექნებოდა იღბალი სიყვარულში, ოჯახის შექმნაში, ბავშვების გაჩენაში... ანუ მგლის ღვთაების დღესასწაული დაკავშირებული იყო ნაყოფიერებასთან, სიყვარულთან...


14 თებერვალს ვალენტინობის დღის აღნიშვნით, წარმართი ქურუმების მოსმენის ნაცვლად, ხალხი ეკლესიაში მიდიოდა, ღვთისმსახურებას დაესწრებოდა და მართლმადიდებელი მღვდლების ქადაგებას ოჯახის, ქრისტიანული სიყვარულის, ბავშვების აღზრდის შესახებაც მოისმენდა.


- რამდენად ხშირად ვხვდებით წარმართული დღესასწაულების ქრისტიანული დღესასწაულებით ჩანაცვლებას?


- საუკუნეების განმავლობაში ეკლესიაში ასეთი რამ პრაქტიკაში არაერთხელ ყოფილა. მისიონერული მიზნით, წმიდა მამები სპეციალურად ამთხვევდნენ სხვადასხვა ქრისტიანულ დღესასწაულებს რომელიღაც წარმართულ დღესასწაულების დღეებში.


ამის თვალსაჩინო მაგალითია 25 დეკემბერს ქრისტეს შობის აღნიშვნა. ვიცით, IV ს.-მდე ქრისტეს შობა მართლმადიდებელ ეკლესიაში საერთოდ არ აღინიშნებოდა. მეოთხე საუკუნის დასაწყისში ქრისტეს შობის აღნიშვნა დაიწყეს მწვალებლებმა, უშუალოდ გნოსტიკოსებმა, ცხადია, მწვალებლური შინაარსით. მათი სწავლების მიხედვით, მატერია ბოროტებას წარმოადგენდა. ქრისტეს შობაში ისინი გლოვის მიზეზს ხედავდნენ. ბოროტმა ძალამ შთანთქა ღვთაება, - ასე უყურებდნენ მწვალებლები ქრისტეშობას.


ხალხისთვის ქრისტეშობის სწორი გაგება რომ მიეწოდებინათ, ამისათვის წმიდა მამებმა მართლმადიდებელ ეკლესიაშიც ქრისტეშობის აღნიშვნა 25 დეკემბერს დაადგინეს. მათ სურდათ განემარტათ ხალხისთვის, რომ ქრისტეშობა არათუ გლოვის, არამედ დღესასწაულისა და კაცობრიობის ხსნის დასაწყისია. 25 დეკემბერს კი წარმართები აღნიშნავდნენ მზის დაბადების დღეს. ამავე რიცხვში ქრისტეშობის აღნიშვნით მართლმადიდებელი ეკლესია ქადაგებდა, რომ ჭეშმარიტი ღმერთი არის არა ხილული მზე, არამედ მაცხოვარი იესო ქრისტე, რომელიც საკუთარ თავზე სახარებაში ამბობს: მე ვარ მზე სიმართლისა.


ამგვარად ხდებოდა ქრისტიანული შინაარსით წარმართული დღესასწაულის მსოფლმხედველობის ჩანაცვლება.


- რატომ ასოცირდება ვალენტინობასთან სიყვარულის დღე?


- არსებობს მხოლოდ ზეპირი გადმოცემა. იმ დროს, როდესაც წმიდა ვალენტინი ციხეში იყო და იცოდა, მეორე დღეს უნდა მოეკლათ და მოწამეობრივად აღესრულებოდა, თავის ცოლს მიწერა დასამშვიდობებელი წერილი, რომელსაც ასრულებს სიტყვებით: შენი ვალენტინი (მეშვიდე საუკუნის ჩათვლით ცოლები ეპისკოპოსებსაც ჰყავდათ. მე-6 მსოფლიო კრებამ დაადგინა, რომ ეპისკოპოსებისთვის აუცილებელია ცელებატობა, ანუ არ უნდა ჰყოლოდათ ოჯახები). იგი ამ წერილში მეუღლის მიმართ სიყვარულს გამოხატავს. ამიტომ წმიდა ვალენტინი ასოცირდება სიყვარულთან, შეყვარებულებთან, ოჯახის მფარველობასთან... ხალხისთვის ის გახლდათ წმიდანი, რომელსაც უყვარდა თავისი ოჯახი და მეუღლე გარდაცვალების წინაც არ დაივიწყა.


- როგორ უნდა აღვნიშნოთ სწორად ვალენტინობა?


- პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ წმიდა ვალენტინი არის არა კათოლიკე, არამედ მართლმადიდებელი წმიდანი. მართლმადიდებლები ვალენტინობას, ინტერამის ეპისკოპოსის, წმიდა ვალენტინის ხსენებას 14 თებერვალს, თუ 30 ივლისს (ანუ 12 აგვისტოს ახალი სტილით - ს.ფ.) ქრისტიანული შინაარსით აღვნიშნავთ, ამაში ცუდი არაფერია. შეგვიძლია მივიდეთ ტაძარში, წავიკითხოთ დაუჯდომელი და შესაძლებელია, მოძღვრებმა ამ დღეს პარაკლისი, ან თუნდაც წირვა აღავლინონ.


ადამიანებს, მრევლს უნდა ავუხსნათ, რომ ვალენტინობის დღესასწაულის აღნიშვნა არ უნდა იყოს აღვირახსნილობის, ღრეობის, მრუშობის, ცოდვის მიზეზი. მათ უნდა ვესაუბროთ ქრისტიანული ოჯახის, სიყვარულის შინაარსის შესახებ. თუ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ, სიყვარული იმისთვის არსებობს, რომ ოჯახი შეიქმნას და ადამიანები ურთიერთსიყვარულით ერთმანეთს ცხონების გზაზე სიარულში დაეხმარონ. სიყვარული და ოჯახი იმისთვისაა, რომ ბავშვები გაჩნდნენ და ისინი ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით აღვზარდოთ.


დღეს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც ვალენტინობა, სამწუხაროდ, არა ქრისტიანული დღესასწაულის, ლოცვის მიზეზია, არამედ - ხორციელი აღვირახსნილობის. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ხალხი არ არის ეკლესიური და არაეკლესიური ადამიანებისთვის ქრისტიანული დღესასწაული მხოლოდ დროსტარების საბაბია. ხშირად ჩვენ, სასულიერო პირებსაც არ გვაქვს სწორი ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით. თუ საზოგადოებას ქრისტიანული შინაარსით მივაწოდებთ ინფორმაციას ვალენტინობის შესახებ, გაუგებრობაც აღარ იქნება.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი