logo_geo
ილია მეორე: მჯერა, საქართველო ყოველგვარ გაჭირვებას გაუძლებს!
- +

1 მარტი. 2018. 03:45



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და  უნეტარესი ილია მეორე:


„როდის მოხდება მეორედ მოსვლა, არავინ იცის, მაგრამ როგორც საღვთო წერილი გვაუწყებს, ის მაშინ იქნება, როცა ადამიანი სულიერად ისე დაეცემა, რომ გაქრება სიყვარული თვით უახლოესთა შორისაც კი და სარწმუნოება დაიკარგება. მაგრამ ნაწინასწარმეტყველებია, რომ საქართველო, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, უკანასკნელ ჟამს გაბრწყინდება. საოცარი და ენით უთქმელი წყალობაა - მაშინ, როცა მთელი ქვეყნიერება სარწმუნოებას დაკარგავს, საქართველო, როგორც ეს ღვთისმშობელმა ათონის მთაზე ივერიის მონასტრის ბერს, გაბრიელს აუწყა, გაბრწყინდება. ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს: მაცხოვრის კვართის მცხეთაში ჩამობრძანება, ღვთისმშობლის წილხვდომილება და სხვა. ალბათ ამით უნდა ავხსნათ იოანე-ზოსიმეს სიტყვები იმის თაობაზე, რომ მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითა განისჯება. ეს იქნება ალბათ ჯილდო იმისთვის, რომ საქართველო თვით უკანასკნელ ჟამსაც კი შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს.

 

როგორც მწყემსი არჩევს ცხვართა და თიკანთა, ასე უფალი მეორედ მოსვლისას მარჯვნივ კეთილთა დაიყენებს, ხოლო მარცხნივ - უკეთურთ. მარჯვნივ მყოფთ ეტყვის: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით. თუ რის გამო უნდა დაიმკვიდრონ მათთვის ქვეყნის დასაბამითგან განმზადებული სასუფეველი, ეს მაცხოვრის მომდევნო სიტყვებშია განმარტებული: რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ და მოხუედით ჩემდა. ე.ი. იმას კი არ ეკითხება, ვინ რა შეიძინა და მოიხვეჭა, ვის როგორ სწამდა და ლოცულობდა, არამედ იმას, ვინ რა კეთილი საქმე გააკეთა, ვინ დაეხმარა და გაუწოდა ხელი გასაჭირში ჩავარდნილს, რადგან როცა ამბობს, მშიერი ვიყავი და დამაპურეთ, მწყუროდა და წყალი მომაწოდეთო, გაჭირვებულთ გულისხმობს. მარცხნივ მდგომთა სასუფეველი სწორედ იმიტომ დაკარგეს, რომ მშიერ-მწყურვალთა და სნეულთა მიმართ უგულობა გამოიჩინეს.

 

ივერიის ღვთისმშობლის ხატს უკვე ველოდებით საქართველოში... ჟამი არს ახლო, უფალი უკვე მარჯვნივ და მარცხნივ აყენებს თავის შვილებს.

 

ჯერ კიდევ I საუკუნეში მაცხოვრის მოწაფეები ხედავდნენ ბოლო ჟამის მთელ სიმძიმეს, ამიტომაც გვაფრთხილებს წმინდა პავლე მოციქული: „საზარელი ჟამი დადგება... ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადლონი, უღირსნი, უმადურნი, უწმინდურნი, უსიყვარულონი, უწირავნი (ულოცველნი), დამსმენნი, მოუთმენელნი, სასტიკნი, მშფოთვარენი, სიმშვიდის უქონელნი, კეთილის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, აღზევებულნი, გულისთქმათა მოყვარენი!" (2 ტიმ. 3, 1-5).

 

მჯერა, საქართველო გაუძლებს ყოველგვარ გაჭირვებას, ყოველგვარი მტრის ყოველგვარ ზეწოლას, საქართველო გაუძლებს თვით ანტიქრისტეს შემოტევას, რადგან ჩვენი გული, გონება და სული ღვთის რწმენით იქნება აღვსილი და იგი იქნება განმსაზღვრელი ჩვენი ყოფისა, აზროვნებისა და მოქმედებისა".



 

big_banner
არქივი