logo_geo
მეუფე შიო: ჯვარი არის ჩვენი ჯანმრთელობაც, სნეულებაც... მას უფალი გვიგზავნის განსაწმენდად და გადასარჩენად
- +

11 მარტი. 2018. 18:48



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ჯვართამაღლების ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის სახელით ჯვრის თაყვანისცემის დღე მიულოცა. მან წირვა მამა თეოდორე გიგნაძესთან ერთად აღავლინა.


„დღეს არის პატიოსანი ჯვრის თაყვანისცემის კვირა და მინდა, გადმოგცეთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, დალოცვა და მოლოცვა. განსაკუთრებით მოხარული ვარ დღეს, რადგან ვარ თქვენს ტაძარში და ვმსახურობ თქვენთან ერთად წმინდა ლიტურგიას. მამა თეოდორე, მინდა დაგლოცოთ დიდი სიყვარულით, ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, რომ თქვენი ტაძარი გამოირჩევა ასეთი ღვაწლით და მსახურებით, რომელიც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი ეკლესიისთვის. ეს არის მისიონერული ღვაწლი, დიდ შრომას ეწევით და ძალიან გვახარებს ეს ჩვენ. დღეს ჯვრის თაყვანისცემაა და წმინდა ეკლესია გვანუგეშებს ჩვენ ამ მარხვის შუა პერიოდში, რომ ჯვარი არის ჩვენი სარწმუნოების და გამარჯვების სიმბოლო. ყველა სფერო ადამიანის ცხოვრების უნდა იყოს ქრისტესთვის და მის სადიდებლად, არა მარტო სატაძრო, არამედ პირადი ცხოვრებაც. ეს არის აზრი ქრისტიანული ცხოვრების. ყველას არ უნდა, რომ ქრისტეს გაჰყვეს, ყველასთვის არ არის ეს. უფრო სწორად, ყველასთვის არის და ყველა არის მოწოდებული, მაგრამ რჩეულია ცოტაა. ყველას არ უნდა ეს, თორემ უფალი ყველას მოუწოდებს. ბევრ ადამიანს არ უნდა ღმერთის ნების შესრულება. არამედ უნდა ისე, როგორც თვითონ მოსწონთ, თვითონ როგორც ურჩევნიათ და წარმოუდგენიათ. უფალი კი ამბობს, რომ თუ გინდა შენ იყო ჩემი მოწაფე, უნდა უარყო საკუთარი თავი. ეს არ არის ყველაფრის უგულვებელყოფა, რაც შენშია, არამედ ეს არის უარყოფა ცოდვის. ცოდვები და ვნებები იმდენად გათავისებული გვაქვს, რომ ჩვენი მეორე ბუნებასავით გახდა. თავის უარყოფის პირველი ნაბიჯი კი მარხვაა, როდესაც მე მინდა რამე საჭმელი შევჭამო, მაგრამ თავს ვიკავებ ამისგან. თუ მე ვერ დავამარცხე ნაყროვანება, როგორღა დავამარცხებ უფრო რთულ ვნებებს, როგორიც არის ტყუილი, შური, ამპარტავნება, სიძვა, ვერცხლის მოყვარება, სევდიანობა და ა.შ.", - განაცხადა პატრიარქის თანამოსაყდრემ.


მისივე თქმით, ჯვარი არის ყველაფერი ის, რასაც წუთისოფელი გვთავაზობს.


„ადამიანებს სურთ, რომ კომფორტულად იყვნენ და კომფორტულად მოეწყონ წუთისოფელში, თუმცა, ქრისტიანული მიზანი არის სულ სხვა - აიღო ცხოვრების ჯვარი და იცხოვრო ქრისტიანულად. ჯვარი არის ჩვენი ჯანმრთელობაც, სნეულებაც, გარეგნობაც, ჩვენი ნიჭიც, ნაკლოვანება, ჩვენი სახელმწიფოში არსებული პრობლემები, ასევე ცხოვრებასა თუ პირად ცხოვრებასა და ოჯახში არსებული პრობლემები. მას უფალი გვიგზავნის ჩვენს განსაწმენდად და გადასარჩენად", - აღნიშნა მეუფემ.


 

big_banner
არქივი