logo_geo
ლოცვა, რომელიც მშობლებმა შვილებს ცხოვრებაში ერთხელ აუცილებლად უნდა წაუკითხონ!
- +

29 მარტი. 2018. 01:20



დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას კაცობრიობა და ყოველი ადამიანი. ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, ეს არის ოჯახის საკითხი, - ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. იმის მაგივრად, რომ შვილები სიყვარულით იყვნენ მშობლების მიმართ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მათ. ასევე მშობლებიც; არის შემთხვევები, როცა მამა სცემს და დედა კი სწყევლის შვილებს, რაც ძალიან საშიშია, რადგან ხშირად წყევლა სრულდება.


მე მინდა შეგახსენოთ ძველი წესი, რომელიც იყო ჩვენს წინაპრებში და რომელიც ახლა მივიწყებულია, - დალოცვა მშობლების მიერ თავისი შვილებისა, უფრო სწორად ყოველი შვილის ცალკე.


ამისათვის დედ-მამამ უნდა აჩუქოს მას მოძღვრის მიერ ნაკურთხი ხატი, რომელიც იქნება მფარველი მთელი სიცოცხლის მანძილზე შვილისა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემმა მშობლებმა დამლოცეს მე და აი ეს პანაღია, რომელიც დღეს მაქვს, მათი დალოცვის პანაღიაა (მაშინ პანაღია არ იყო, ხატი იყო და შემდეგ გახდა პანაღია). ამას აქვს დიდი ძალა.


თქვენ ნახავთ, რომ დალოცვის შემდეგ შეიცვლება ოჯახი, სიყვარული შემოვა, დამშვიდდებიან შვილები, დამშვიდდებიან მშობლები. მაგრამ ღვთის მადლი, რომ გამოითხოვოთ ჯერ თქვენ,- მშობლებიც და შვილებიც, უნდა მოემზადოთ.


შევთხოვოთ უფალს, რომ ძალა ერსა თვისსა მოსცეს და აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბიბლიის ერთ-ერთი მცნებაა: „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა". დაე, უფალმა მოგანიჭოთ ბედნიერება თქვენ, მთელს საქართველოს, მკვიდრთა საქართველოსათა და ყოველ ქართველს, რომელიც უცხოეთშია.


დღეს პირველად მე წავიკითხავ ამ ლოცვას მთელი საქართველოსთვის. შემდეგ იგი დაიბეჭდება სპეციალურ სიგელზე და დაგირიგდებათ. შვილი მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე. ეს დალოცვა ცხოვრებაში ერთხელ უნდა მოხდეს, მხოლოდ ერთხელ ასეთი წესით: შვილს დააყენებთ მუხლებზე ხატების წინაშე და იმ ხატის წინაშე, რომელითაც თქვენ ლოცავთ მას. ორივე ხელს დაადებთ თავზე და წაიკითხავთ ამ ლოცვას:


„ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალო ჩვენო იესო ქრისტე.  სულო წმიდაო, ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცეშვილები ესე საქართველოისა. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება,  სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე,  სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარი სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი  შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული  მშობელთა თვისთა.

 

ჰოი, უფლო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩვენნი სულიერნი ხილული და  უხილავი მტრებისაგან დაღირსყავ ისინი ცათა სასუფევლისა. ლოცვითა და მეოხებითა  ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთაწმიდათა შენთა. ამინ."


შემდეგ შვილს ასხურებთ ნაკურთხ წყალს და გადასახავთ ჯვარს. თუ მთელი გულით შესთხოვთ უფალს და აღასრულებთ ყოველივეს, თქვენც და თქვენი შვილებიც და მთელი ოჯახი იქნებით ბედნიერნი.


ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ.


კონკრეტულად ეს ლოცვა მშობლის მიერ იკითხება ერთხელ, რადგან იგი ხატით დალოცვის ლოცვაა, რაც ნიშნავს მშობლის მიერ ამა თუ იმ წმინდანისადმი (ვის ხატსაც ჩუქნის) შვილის ჩაბარებას, შვილის მინდობას. ეს ხატი კი შვილის მუდმივი თანამგზავრი უნდა გახდეს და იგი პირველ რიგში ამ ხატის წინაშე ლოცვით უნდა გამოითხოვდეს ღვთისგან წყალობას და იხსენებდეს მშობლებს.


საერთოდ კი, რა თქმა უნდა, მშობლები ყოველდღე უნდა ლოცავდნენ თავიანთ შვილებს და ღვთის წინაშე მუდამ ლოცულობდნენ მათთვის, იმ ლოცვებით, რომლებიც საყოველთაოდაა დადგენილი.




წყარო http://sabavshvo.info

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი