logo_geo
წმინდა პაისი: ვინც სხვების დასადანაშაულებლად ჩემთან მოდის, ვუყვები ამ მაგალითს...
- +

25 აპრილი. 2018. 11:32

 

 

ერთხელ ჩვენი დროის ცნობილ ათონელ ბერს, წმ. პაისის ჰკითხეს:

– მამაო, ხშირად მოდიან ადამიანები და მორწმუნეებს გვეუბნებიან: ესა და ეს მღვდელი საიდუმლოებების აღსრულებაში ბევრ ფულს ითხოვს, სხვა კი სიგარეტს ეწევა, სხვაზე ამბობენ, ამორალურიაო და საერთოდ, ღვთისმსახურებს ადანაშაულებენ და მოაქვთ დამადასტურებელი საბუთები… რა უნდა ვუპასუხოთ ამ ადამიანებს?

ბერმა უპასუხა:

– საკუთარი გამოცდილებიდან დავასკვენი, რომ ცხოვრებაში ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან. მესამე არ არსებობს. ადამიანების ერთი კატეგორია ბუზის მსგავსია. ბუზს ასეთი თვისება აქვს: ყოველთვის ჭუჭყს ეძებს. მაგალითად: როდესაც ბაღში ბევრი სურნელოვანი ყვავილია და იქვე ღობის ძირში საქონლის ნეხვი, ბუზი გადაუფრენს ყველა მშვენიერ ყვავილს და არც ერთ მათგანზე არ შეჩერდება. მაგრამ როგორც კი დაინახავს უწმინდურებას, მაშინვე მისკენ გაფრინდება და დაიწყებს მის ქექვას. ის ტკბება იმ სიმყრალით, რომელიც ქექვისას წარმოიქმნება და ამ საქმიანობისგან მოწყვეტა არ შეუძლია. ამ ბუზს საუბარი რომ შეეძლოს, კითხვაზე - იცის თუ არა ან სად არის ვარდები, გიპასუხებდათ: „არც კი ვიცი, ეს რა არის, სამაგიეროდ ვიცი, სად არის ნაგავსაყრელები, საპირფარეშოები, სასადილოები, ჭუჭყი“. ადამიანის ერთი ნაწილი სწორედ ბუზს ჰგავს. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც ისწავლა მხოლოდ ცუდზე ფიქრი და ეძებს მას, ამასთან არც იცის და არც სურს სიკეთეში ყოფნა.

ადამიანების მეორე კატეგორია ფუტკრის მსგავსია, რომლის თვისებაა, იპოვოს სილამაზე და სიტკბო. ვთქვათ, შენობაში, რომელიც უწმინდურებითაა სავსე, ვიღაცამ კუთხეში შარბათი დადგა. თუ ფუტკარს მივიყვანთ, ის იფრენს და არსად შეჩერდება, სანამ შარბათს არ იპოვის.

თუ ახლა ამ ფუტკარს დაიჭერთ და ჰკითხავთ, სად არის სიბინძურე, ის გიპასუხებთ, რომ არც კი იცის, ეს რა არის. ფუტკარი გეტყვით: „იქ – ვარდებია, იქ – იებია, იქ – თაფლია, იქ – შაქარია, იქ – შარბათია“, – და საერთოდ იქნება ყველაფერი კარგის მცოდნე და არანაირი წარმოდგენა არ ექნება ბოროტებაზე. ეს ადამიანების ის კატეგორიაა, ვისაც კეთილი ზრახვები აქვთ და მხოლოდ კარგს ხედავენ.

ბერმა საუბარი ასე დაასრულა:

– მათ, ვინც სხვების დასადანაშაულებლად ჩემთან მოდის, ვუყვები ამ მაგალითს და ვთავაზობ, გაერკვნენ, თუ ადამიანების რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ საკუთარ თავს და რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრალს სდებენ.

 

 

big_banner
არქივი