logo_geo
გახსოვდეს წყენა და ლოცულობდე, იგივეა, რაც ზღვაში დათესო და მოსავალს ელოდე...
- +

12 მაისი. 2018. 13:49

 

 

ჩვენმა სინანულმა უნდა შეაღწიოს ჩვენი სულის სიღრმეში, შეძრას და სრულებით შეცვალოს იგი აზრებით, გრძნობებითა და მისწრაფებებით.

 

როგორ ვისწავლოთ სულისათვის სასარგებლო გლოვა? ვისაც წინ ახლობელი მიცვალებული უსვენია, განა დასჭირდება ტირილის სწავლა? შენს წინ ცოდვებით მკვდარი შენი სული ასვენია, იგი შენთვის მთელ ქვეყანაზე ძვირფასია. ნუთუ არ იტირებ მისთვის?

 

საკუთარი არარაობის შეცნობა - ამაზე უნდა ვიფიქროთ არა თვეში ან კვირაში ერთხელ, არამედ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად, სანამ სინანულის გრძნობა არ შეერწყმება ჩვენს არსებას, არ გაგვიჯდება ძვალსა და რბილში, არ გახდება ჩვენი სულის განუყოფელი ნაწილი; და როდესაც შევიძენთ ამ უხრწნელ საგანძურს, სიცოცხლის ბოლომდე თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ მას.

 

სქემიღუმენი საბა

 

ხედვა თვისთა ცოდვათა და მისგან შობილი სინანული არის საქმე, რომელსაც მიწაზე დასასრული არა აქვს. ცოდვის ხედვით იბადება განმწმედი სინანული; თანდათანობით განწმედილი გონების თვალი იწყებს ადამიანის არსების ისეთი ნაკლოვანებებისა და დაზიანების დანახვას, რომელსაც ადრე თავისი დაბინდული გონებით სრულებით ვერ ამჩნევდა.

 

ღმერთო, მოგვანიჭე დანახვა თვისთა ცოდვათა, რათა ჩვენმა გონებამ ვეღარ დაინახოს ახლობელთა შეცოდებანი. მოგვანიჭე სინანულის უდიდესი ნიჭი, წინამორბედი და მშობელი საკუთარი ცოდვის ხედვის უნარისა, დაგვიცავი ამ მადლით შენსკენ მომავალ გზაზე და მოგვეც უნარი, მოგეახლოთ შენ...

 

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

შევედ საკუთარ (თავში) გულში, მოიკრიბე მაცხოვნებელი გულისსიტყვანი და მით ეცადე განფიცხებული გულის დამსხვრევას... სინანული ის მომენტია, როცა განახლებული ძალით და ხელახლა უნდა დავფიქრდეთ ცხოვრებასა და საკუთარ თავზე. ცხოვრებაზე - როგორი ჩაიფიქრა ის უფალმა ჩვენთვის, და საკუთარ თავზე - როგორი ცხოვრება შევქმენით ჩვენ. სინანული სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ერთგვარად შევაფასოთ განსხვავება უფლის მიერ ჩაფიქრებულსა და ჩვენს მიერ განხორციელებულს შორის; ჩვენთვის მოცემულსა და ჩვენს მიერ გამოყენებულს შორის, შესრულებულსა და შეუსრულებელს შორის.

 

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

 

ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული იმაში მდგომარეობს, რომ თავი შეიკავოს სამართლიანი შურისძიებისგანაც კი და იგი ღმერთს მიანდოს. "ჩემი არს შურისმიგებაი და მე მივაგო, - იტყვის უფალი" (რომ. 12,19).

 

პროტოპრესვიტერი ი. ტოლმაჩოვი

 

მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და განარისხო თავად ღმერთი.

 

წმინდა ეფრემ ასური

 

როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.

* რაც უფრო მეტად სცოდავს ვინმე ჩვენს წინაშე, მით მეტად უნდა ვესწრაფოდეთ მასთან შერიგებას, რადგან ამისათვის უფრო მეტი ცოდვა მიგვეტევება.

* შენდობის მიუცემლობით სხვას იმდენად ვერ ავნებ, როგორც საკუთარ თავს.

* თუ მოყვასმა ძალიან გაწყენინა, რაც მეტს შეუნდობ, მით მეტად შენდობილი იქნები ღმერთისგან.

 

წმინდა იოანე ოქროპირი

მოწყალების მრავალი სახე არსებობს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ღვთისაგან საკუთარი ცოდვების შენდობა მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მთავარი უფლის სახელით მიტევებაა.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

მტერსაც უნდა შეურიგდე, თუკი იგი მშვიდობას გთხოვს. რადგან ვინც სხვას არ შეუნდობს, მას ვერ ასცდება ღვთის სასჯელი.

 

ღირსი ისიდორე პელუსიოტი

 

ნუ იტყვი: "მტერს სამაგიეროს მივუზღავო", რადგან ზეცაში გყავს მართლმსაჯული.

 

წმინდა ნილოს სინელი

 

წყენა კი არ არის უბედურება, არამედ ის, რომ იგი სიძულვილს გვიჩენს მის მიმართ, ვინც გვაწყენინა და ჩვენი გულისთვის ნაცნობი ხდება სიძულვილის, ბოროტებისა და შურისძიების გრძნობა.

* მოყვასს წყენისათვის სანაცვლოს ნუ მიაგებ, არამედ მიუტევე, რამეთუ თვითონ საჭიროებ მიტევებას უფლისაგან.

* ვისაც სურს, მოვალეს მკაცრად მოჰკითხოს, ახსოვდეს, რომ თვითონაც ღმერთის მოვალეა.

* წყენის მიტევება უცილობელი პირობაა იმისა, რომ ღვთისაგან საკუთარი ცოდვებისთვის შენდობა მივიღოთ, შეუძლებელია მეორე პირველის გარეშე. "ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ" (ლუკ. 6, 37), - ბრძანებს უფალი.

 

მთავარეპისკოპოსი მაკარი

 

მიუტევე მოყვასს ასი ლეპტა, რათა უფალმა ტალანტების გროვა მოგიტევოს.

 

წმინდა ტიხონ ზადონელი

 

დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ.

 

წმინდა ანტონი დიდი

 

გახსოვდეს წყენა და ლოცულობდე, იგივეა, რაც ზღვაში დათესო და მოსავალს ელოდე.

 

წმინდა ისააკ ასური

 

ძლიერი ქარი ღრუბლებს გადაყრის, ბოროტების ხსომა კი კეთილ გრძნობებს განდევნის სულიდან.

 

ამბა ევაგრი

 

მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება.

 

ამბა ისაია

 

თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ, მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს.

 

წმინდა ეფრემ ასური

 

 

 

სტატიის ავტორი: ლელა ჩხარტიშვილი

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი