logo_geo
მეუფე შიო: ეს არის ცხოვრების აზრი, იპოვო ქრისტე, როგორც მესია, აღიარო და ემსახურო მას სულითა და ჭეშმარიტებით
- +

12 მაისი. 2018. 13:51

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრე მეუფე შიომ სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვის შემდეგ მოციქულების, მათ შორის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ღვაწლის შესახებ ისაუბრა და მათ ერთგულებაზე ქრისტეს მიმართ.

 

აქვე, მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა.

 

„უფალს უნდა, ჩვენ სასუფევლისთვის ვიცხოვროთ. ადამიანი მარადიული არსებაა. ის არ არის დროებითი არსება, ამიტომაც უფალს უნდა, ჩვენ მეტი გვასწავლოს და ცათა სასუფეველი მოგვმადლოს. ამიტომაც გვიგზავნის ჩვენ წმინდა ანდრია პირველწოდებულს, რომელიც მოდის და ქადაგებს ქრისტეს შესახებ. აარსებს ჩვენთან საქართველოში ეკლესიას, ქადაგებს სხვადასხვა კუთხეებში, აშენებს ეკლესიებს და ადგენს სამღვდელოებას. ამგვარად, წმინდა ანდრიამ მოიტანა ჩვენთან ყველაზე მთავარი“, - განაცხადა მეუფე შიომ.

 

მეუფე შიოს თქმით, ჩვენ უნდა ვმადლობდეთ უფალს ამისთვის და გვახსოვდეს დღევანდელი დღე, რომელიც არის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე.

 

მისივე თქმით, საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია, მაგრამ უფალმა საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოაგზავნა. მან მოიტანა საქართველოში ღვთის სიტყვა.

 

მეუფის განცხადებით, ჩვენი ერისთვის სარწმუნოება ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო.

 

„ჩვენი ერის საუნჯე, მიუხედავად მრავალი სირთულისა და დაცემისა, ყოველთვის იყო ქრისტიანობის შენარჩუნება და მსახურება, ეს არის ცხოვრების აზრი, იპოვო ქრისტე, როგორც მესია, აღიარო იგი როგორც მესია და ემსახურო მას სულითა და ჭეშმარიტებით“, - განაცხადა მეუფე შიომ.

 

მისივე თქმით, ადამიანი უნდა ემსახუროს უფალს სულითა და ჭეშმარიტებით და შეინარჩუნოს გზა ცხოვრებისა და გზა ჭეშმარიტებისა, რადგან ადამიანი, რომელიც ამ გზას დაკარგავს, შეიძლება ითქვას, რომ აღარ არის სრულყოფილი ადამიანი.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი