logo_geo
„სამოთხეში დაწყებული ისტორია ცოდვის კეთილად წარმოჩენისა და შეთავაზებისა, გრძელდება...“
- +

7 იანვარი. 2017. 11:16





„აუცილებელი კი არის წმინდა წერილში გაცხადებული მცნებებისა და სწავლებების გათავისება, რათა სულიერი თვალი აგვეხილოს და ავის და კარგის, ცოდვის და მადლის გარჩევა ვისწავლოთ.

 

საღვთო ზნეობა იმდენად მაღალია, რომ მას თვით ყველაზე დახვეწილი და რაციონალური სახელმწიფო კანონებიც კი ვერ შეედრება", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილიე მეორეს საშობაო ეპისტოლეში ვკითხულობთ.

 

„სახელმწიფო კანონით დანაშაულად არ მიიჩნევა, მაგალითად, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარება, განკითხვა, მრისხანება, შური, ამპარტავნება, ეგოიზმი, შიში, მტრობა, სიძულვილი... ვიდრე მათი გამოვლინებები სერიოზულად არ დააზარალებს სხვას.

 

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ კი განგვიცხადა, რომ ცოდვად ითვლება არა მარტო არასწორი საქციელი, არამედ მოყვასის მიმართ სიყვარულისა და კეთილგანწყობის არქონა, უკეთური ფიქრიც და ბოროტი გულისთქმაც და მოგვიწოდა, რომ ნებისმიერი ცოდვა დასაწყისშივე, ანუ გონებასა და გულში გაჩენისთანავე, აღმოვფხვრათ, რათა იგი ქმედებად არ იქცეს და მისგან თავის დაღწევა არ გაგვიძნელდეს.

 

როგორც საღვთო, ისე სახელმწიფო კანონები რა თქმა უნდა, ზრუნავს ადამიანზე, მაგრამ მათში განსხვავებულობას წარმოშობს პიროვნების აღქმა და მასთან დაკავშირებული ხედვის პერსპექტივები.

 

ეს განსაკუთრებით ითქმის ისეთ ქვეყნებზე, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვთ, ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ. პარალელურად ხდება ისიც, რომ ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები... ამა თუ იმ უწესობას ხშირად მიმზიდველად და საინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას.

 

სამოთხეში დაწყებული ისტორია ცოდვის კეთილად წარმოჩენისა და შეთავაზებისა, გრძელდება; აკრძალული ნაყოფი ადამიანს კვლავაც მიმზიდველად ეჩვენება, ისევე, როგორც სამოთხეში: ,,იყო საჭმელად ის ხე თვალწარმტაცი და საამური სანახავად" (დაბ. 3,6).

 

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი ხანია ქრისტე ჩვენს განსაკურნებლად მოვიდა, დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია; ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ყოველ დროში მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანები ინარჩუნებდნენ", - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.




 

big_banner
არქივი