logo_geo
„გულდასაწყვეტია, რომ დღესაც, მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია“
- +

10 იანვარი. 2017. 15:12



გულდასაწყვეტია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი ხანია ქრისტე ჩვენს განსაკურნებლად მოვიდა, დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორ საშობაო ეპისტოლეში ვკითხულობთ.


მხოლოდშობილი ძე ღვთისა ოცი საუკუნის წინ მოევლინა სამყაროს.

 

უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, დაუსაბამო დასაბამიერი გახდა, უხილავი ღმერთი ბაგაში მწოლ ჩვილ ყრმად წარუდგა სოფელს, რათა მარადიული სიკვდილისათვის განწირული ადამის მოდგმა თავისი თავის მსხვერპლად გაღებით გამოეხსნა და ცოდვათა აღხოცვით ჩვენთვის დაკარგული მადლისმიერი ძეობა დაებრუნებინა.

 

იესო ქრისტემ დაცემული კაცობრივი ბუნება თავის ღვთაებრივ პიროვნებაში შეურევნელად შეიერთა, განაახლა, სამების წიაღში ზეცად აიყვანა და საღრმთო დიდებით განაბრწყინა.

 

თუ პირველ მშობელთაგან მემკვიდრეობით მივიღეთ ხრწნილება და სიკვდილი, ახალ ადამში, ქრისტეში, ყოველმა ადამიანმა ცოდვისგან სრული გათავისუფლების მადლი მიიღო.

 

სამოთხეში დაწყებული ისტორია ცოდვის კეთილად წარმოჩენისა და შეთავაზებისა, გრძელდება; აკრძალული ნაყოფი ადამიანს კვლავაც მიმზიდველად ეჩვენება, ისევე, როგორც სამოთხეში: ,,იყო საჭმელად ის ხე თვალწარმტაცი და საამური სანახავად" (დაბ. 3,6).

 

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი ხანია ქრისტე ჩვენს განსაკურნებლად მოვიდა, დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია; ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ყოველ დროში მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანები ინარჩუნებდნენ.

 

ეს რჩეული სამწყსო არის პიროვნულ მაღალ ღირებულებათა მაღიარებელი კრებული, იმ პირთა ერთობა, რომელთათვისაც ღმერთი მარტო ძალა კი არ არის, რომელიც ძველ აღთქმაში ზოგჯერ ცეცხლის, გრიგალის, ღრუბლის, მგრგვინავი ხმის სახით... ეცხადებოდა, არამედ ბეთლემს შობილი ემანუელი (რაც ნიშნავს: ,,ჩვენთან არს ღმერთი"), მეორე პირი ყოვლადწმინდა სამებისა, რომელმაც წინ სწორედ პიროვნული ღირსებები წამოსწია, დაგვანახა რა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი უნიკალურია, განუმეორებელია, ხატია უფლისა და სული წმინდის მადლით ღვთის მადლისმიერი ძეობის აღდგენა ძალუძს.

 

პიროვნება ასეთ სიმაღლეზე არასოდეს არავის აუყვანია!

 

მაცხოვარმა ჩვენმა ყველა ადამიანური ტკივილი, თვით ჯვარცმით სიკვდილიც, კაცობრივი ბუნებით ჭეშმარიტად განიცადა, რათა, მწუხარებაში მყოფ ნებისმიერ ჩვენგანს, ჰყავდეს მისი სალმობის თანამოზიარე უფალი, რომელიც ღვთაებრივი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს ყველას.

 

დღეს ამ უჩვეულო სიხარულის დღეა; დღეს განსაკუთრებით ხარობენ ბავშვები, რადგან უფალი მათ მსგავსად ჩვილად მოევლინა სამყაროს; დღეს ხარობენ დედები, რადგან დედამ, - ახალმა ევამ, ახალი ადამი, - ღმერთი შვა", - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.




 

big_banner
არქივი