logo_geo
საქართველოში წმინდა აღმსარებელ თამარის (მარჯანიშვილი) წმინდა ნაწილები ჩამოიტანეს
- +

10 დეკემბერი. 2018. 21:32

 

 

რუსეთიდან საქართველოში წმინდა აღმსარებელ თამარის (მარჯანიშვილი) წმინდა ნაწილები ჩამოიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 

საპატრიარქოს ინფორმაციით, იღუმენია თამარ მარჯანიშვილი 1869 წელს დაიბადა. მან სასულიერო მოღვაწეობა 1899 წელს ბოდბის მონასტერში დაიწყო, თუმცა 1907 წელს რუსეთში გაიწვიეს. 1910-1912 წლებში ღირსმა თამარმა ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ სერაფიმო-ზნამენსკის სკიტი ააშენა. 1931 წელს იგი დააპატიმრეს და ბრალად დასდეს 1924 წლის აჯანყების ხელმძღვანელებთან კავშირი, რის გამოც ხუთი წლით ირკუტსკის ოლქში გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნებულ და დასნეულებულ დედა თამარს სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს და იგი მოსკოვთან ახლოს დასახლდა. დედა თამარმა განსაკუთრებული ასკეტური ღვაწლით გაატარა ცხოვრების უკანასკნელი პერიოდიც და 1936 წელს გარდაიცვალა.

 

სქემ-იღუმენია თამარ მარჯანიშვილი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2016 წლის 22 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე წმინდანად შერაცხა და მას ღირსი თამარ აღმსარებელი უწოდა.

 

„ჩვენ ვითხოვდით მისი წმინდა ნაწილების გადმოცემას და აი, დღეს, 10 დეკემბერს, რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა ჩამოაბრძანეს სიწმინდე და საქართველოს საპატრიარქოში მოაბრძანეს.

 

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა თამარის წმინდა ნაწილებს დედათა მონასტრების მონოზვნები დახვდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კი, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი გადაიხადა და ღირს თამარს საქართველო და ქართველი ერი შეავედრა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

ასევე, საპატრიარქოს ინფორმაციით, პარაკლისის დასრულების შემდეგ შედგა შეხვედრა, სადაც ეკლესიათა შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. მეუფე ილარიონმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის პრობლემის გამო და საქართველოს ეკლესიას გადმოსცა საბუთები, სადაც დაფიქსირებულია რუსეთის ეკლესიის პოზიცია.

 

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ გაეცნობიან და შეისწავლიან როგორც მსოფლიო საპატრიარქოს, ისე რუსეთის ეკლესიის მიერ წარმოდგენილ მასალებს და წმ. სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ მათ შესახებ.

 

ამასთან, როგორც საპატრიარქი წერს, სტუმრები დღეს საღამოსვე გაემგზავრნენ მოსკოვში.

 

 

big_banner
არქივი