logo_geo
ილია მეორე: ნაკურთხი წყალი - ეს არის დიდი სიწმინდე
- +

19 იანვარი. 2019. 15:08

 

„დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდა ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა და ნათლისღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„ყველას გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს, დღეს წმინდა სამება გამოეცხადა, ზეციდან კი ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.

 

ძე ღვთისა ჩავიდა იორდანეში და ნათლისღება ინება და სულისწმინდა „სახითა მტრედისათა გარდამოვიდა მაცხოვარსა ზედა“.

 

დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდა ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა“, - განაცხადა უწმინდესმა.

 

პატრიარქმა ნაკურთხი წყლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიმართა მრევლს, ნაკურთხი წყლით აკურთხონ სახლი, ეზო და ქუჩები.

 

„ნაკურთხი წყალი ეს არის დიდი სიწმინდე. მთელი წლის განმავლობაში ნაკურთხი წყალი უნდა გქონდეთ სახლში, უნდა აკურთხოთ სახლი, ეზო, ქუჩები და ბოროტი სული ვეღარ მოგეკარებათ თქვენ. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მადლი სულისა წმინდისა თქვენს ზედა!“ - ბრძანა უწმინდესმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი