logo_geo
ილია მეორე: ადამიანი სუსტია, მაგრამ არის ხატება ღვთისა
- +

10 თებერვალი. 2019. 14:21

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ადამიანის განვითარებაზე და ამ პროცესში არსებულ სირთულეებზე იქადაგა. უწმინდესმა მრევლს მოუწოდა, პირველ რიგში „თვისთა ცოდვა განიცადოს“.

 

„ადამიანი მოწოდებულია იმისათვის, რომ განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა ადამიანმა განვითარება საკუთარი თავით უნდა დაიწყოს. რატომღაც ჩვენ ვიწყებთ სხვა ადამიანებით. იმიტომ ვიწყებთ სხვა ადამიანებით, რომ უფრო ადვილია, უფრო ვხედავთ. მომანიჭე მე უფალო განცდაი თვისთა ცოდვათა - როგორ ძნელია. ჩვენ გვაჩვენა ცხოვრებამ, გამოცდილებამ, რომ განცდა თვისთა ცოდვათა არც ისე იოლი ყოფილა. ადამიანი მოწოდებულია სრულყოფისათვის. მაცხოვარი ამბობს - იყავით სრულყოფილი, ვითარცა მამა ზეციერი სრულყოფილ არს. ეს ნიშნავს იმას, რომ სრულყოფა, განვითარება დაუსრულებელია, მუდმივია. ადამიანი არასდროს მიაღწევს ისეთ სრულყოფას, როგორც მამაზეციერი, მაგრამ ეს სიტყვები ნიშნავს სრულყოფას ორივე სოფელსა შინა“, - განაცხადა პატრიარქმა.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ადამიანის სურვილის ძალაზეც ისაუბრა.

 

„რატომაა ასეთი ძნელი განცდაი თვისთა ცოდვათა?! იმიტომ, რომ ადამიანი სუსტია. სუსტია, მაგრამ არის ხატება ღვთისა. სუსტია, მაგრამ მსგავსებას ღვთისას უნდა მიაღწიოს თავისი მოღვაწეობით და სულიერი ცხოვრებით. ღმერთი ხედავს სურვილს და სურვილი უკვე მიაჩნია მას, როგორც გაკეთებული კეთილი საქმე. სურვილი უკვე ბევრს ნიშნავს. შეიძლება ვერ მიაღწიოს ადამიანმა სასურველს, მაგრამ ღმერთი იმდენად მოწყალეა, რომ მიაჩნია სურვილი, როგორც გაკეთებული საქმე. არის ლოცვა, რომელიც თქვა ეფრემმა - უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო. ჰე, უფალო, მოგვანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ეს ძნელია. ე.ი. ადამიანი თავისი ძალით ვერ აღწევს განცდას. ადამიანმა უნდა მიიღოს ძალა ღვთისა. ადამიანი სუსტია. ადამიანი ეცემა. აი, საგალობელი რომ არის - დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. ადამიანი ეცემა. ხანდახან ისე ეცემა, რომ ფიქრობს ვერასდროს ადგება, მაგრამ ამ დროს უფალი თვითონ მიდის ადამიანთან და აყენებს მას. ეს სასწაულია და წყალობაა ღვთისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს ამ წყალობას“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

 

big_banner
არქივი