logo_geo
ილია მეორე: გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს
- +

17 მარტი. 2019. 14:18

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებლობის არსზე იქადაგა. პატრიარქმა მრევლს საქართველოს მართლმადიდებლობის დღესასწაული მიულოცა.

 

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი - მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება ღვთისა და ჩვენ ვადიდებთ უფალს და თაყვანს ვცემთ მას. ეს დღესასწაული დაარსდა მას შემდეგ, როცა საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება ხატების თაყვანისცემისა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა. ჩვენ შევთხოვთ, რომ უფალმა გაუხსნას გონება და გული, რათა ისმნან ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაარჩენს ქვეყანას და კაცობრიობას. ჩვენთვის მართლმადიდებლობის ზეიმი მეტად მნიშვნელოვანია. მსოფლიო პატრიარქის დიმიტრიოსის დროს, ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა, კამათი და მსჯელობა იმისათვის, რომ ეცნოთ ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიის და ჩვენ ვლოცულობთ დიმიტრიოსის სულისთვის. მან პირდაპირ უბრძანა თავის წარმომადგენლებს, რომ უნდა ვსცნოთ საქართველოს ავტოკეფალია. იყო ასეთი კანონოსტი, კანონების მცოდნე ადამიანი მეთერთმეტე საუკუნეში ვალსამონი. საეკლესიო კანონებს ხსნიდა.

 

ეს ვალსამონი ამბობს: ამბობენ, რომ კვიპროსის და საქართველოს ეკლესიამ ანტიოქიის კრების დადგენილებით მიიღეს ავტოკეფალია. იყო მსჯელობა, როდის მიიღეს. - ნეტარი პეტრეს დროს. ჩვენთანაც პეტრე იყო პირველი კათალიკოსი. ანტიოქიაშიც პეტრე იყო. იყო მსჯელობა, რომელი პეტრეა ეს - მეთერთმეტე თუ მეხუთე საუკუნის. მე ვუთხარი, ვალსამონი რომ ამბობს - ამბობენო, ეს იმას ნიშნავს რომ შორეულ წარსულში მიიღო საქართველომ ავტოკეფალია. იყო ასევე საუბარი რომ მსოფლიო საპატრიარქო მოგანიჭებთ ავტოკეფალიასო.

 

მე ვუთხარი რომ ავტოკეფალია მეხუთეში მივიღეთ და თქვენ კი არ უნდა მოგვანიჭოთ, არამედ უნდა სცნოთ. სიგელში ჩაწერილია, რომ უძველესი დროიდან საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია. ამ დღეს იყო გადმოცემული ეს სიგელები ავტოკეფალიისა და პატრიარქობის. ეს ორი სიგელი ინახება საპატრიარქოში. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავტოკეფალია, იმიტომ რომ მთელი კულტურა, ისტორია და ლიტერატურა ყველაფერი დაფუძნებულია ეკლესიის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია. საქართველოს ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო. ეკლესიის მოღვაწეობა რომ არ ყოფილიყო, დღეს ვინ ვიქნებოდით ჩვენ არ ვიცით. დალოცვილი და გახარებული იყავით“, - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.

 

 

big_banner
არქივი