logo_geo
მეუფე შიო: თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ქრისტიანები, ჩვენ უნდა მოვიხვეჭოთ სულიწმინდა
- +

21 აპრილი. 2019. 14:49

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, რომ  ხშირად ადამიანებს ჩვენს მიერ დამახინჯებული სახარება გვაქვს და იმით ვცხოვრობთ, გვგონია, რომ ეს ქრისტეს ვნებაა, რაშიც ძალიან ვცდებით და შეიძლება გაწბილებულები და იმედგაცრუებულები აღმოვჩნდეთ.

 

„ეს დღესასწაული თან ზეიმია და თან არის დღე, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ერთგულებაზე და ადამიანის ცვალებადობაზე. სად არის რომის იმპერია, ან სხვა იმპერიები, ან სხვა ხელისუფალნი, რომლებიც ქადაგებდნენ უღმერთობას და რომლებსაც ეგონათ, რომ მათი ხელისუფლება მუდმივი იქნება და ცდილობდნენ დაენერგათ ერში არაქრისტიანული ღირებულებები? აღარ არიან ისინი. მორწმუნეებს, თავის მიმდევრებს იესო ქრისტემ სხვა რამ უთხრა, იგი გვპირდება ჩვენ მარადიულ სიცოცხლეს, მარადიულ სიხარულს, ამაზე ვფიქრობთ ჩვენ დღეს. თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ქრისტიანები, ჩვენ უნდა მოვიხვეჭოთ სულიწმინდა, რომელიც დაივანებს ჩვენს სულში, ჩვენს გულში და სასუფეველი ღვთისა თქვენშია.

 

უფალმა ინებოს, რომ ჩვენს გულში შემოვიდეს ქრისტე, რომ ჩვენ გავითავისოთ ის, რაც უფალს უნდა იმიტომ, რომ ხშირად ჩვენ ჩვენს მიერ დამახინჯებული სახარება გვაქვს ხოლმე და იმით ვცხოვრობთ და გვგონია, რომ ეს ქრისტეს ვნებაა და ძალიან ვცდებით იმჟამინდელი ებრაელებივით შეიძლება ჩვენც აღმოვჩნდეთ გაწბილებულები და იმედგაცრუებულები. ღმერთმა ინებოს, რომ ეს კვირა ჩვენთვის შინაარსიანი, მადლიანი ყოფილიყოს, რომ ბედნიერად და სულიერად გაძლიერებული შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს", - განაცხადა მეუფე შიომ.

 

 

 

big_banner
არქივი