logo_geo
ილია მეორე: გვმართებს, ვცდილობდეთ იმ ნიჭის სრულად გამოვლენას, რაც უფლისაგან მოგვეცა
- +

28 აპრილი. 2019. 01:07

 

„გვმართებს, მუდამ ვისწრაფოდეთ სრულყოფილებისაკენ და ვცდილობდეთ იმ ნიჭის სრულად გამოვლენას, რაც უფლისაგან მოგვეცა“, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.

 

„ღმერთი სრულყოფილია, ჩვენც გვმართებს, მუდამ ვისწრაფოდეთ სრულყოფილებისაკენ და ვცდილობდეთ იმ ნიჭის სრულად გამოვლენას, რაც უფლისაგან მოგვეცა; იქნება ეს: მიწათმოქმედება, სხვა ფიზიკური შრომის უნარი, სწავლა, მეცნიერული აზროვნება, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მუშაკობა, პედაგოგობა, ექიმობა, მშენებლობა, ქვეყნის მსახურება, ღვთის მსახურება… მოციქული ამიტომაც გვარიგებს: ყველაფერი რასაც გააკეთებთ, გააკეთეთ როგორც ღვთისთვის, მთელი სულითა და გულით (კოლ.3,23).

 

რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლისა, რომელმაც საოცარი, ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი,  წყალობა მოგვცა, – თავისი უნაპირო სიყვარულის გამო ჩვენთვის დაითმინა ტანჯვა, წამება, შეურაცხყოფა, დამცირება, ჯვარცმით სიკვდილი და აღდგომითა და ამაღლებით მოგვანიჭა სრულქმნის შესაძლებლობა. და რაოდენ უგუნურნი და უმადურნი ვიქნებით, თუ ეს ვერ გავაცნობიერეთ და ამაოებაში დავინთქით?!

 

პასექამდე, სვიმონ კეთროვნის სახლში ყოფნისას, იესო ქრისტეს ერთი ცოდვილი ქალი მორიდებით მიუახლოვდა, ცრემლით დაალტო მისი ფერხნი, დაასხა ძვირფასი ნელსაცხებელი და თავისი თმით დაუწყო შემშრალება.

 

ამის მხილველმა მოციქულებმა გულისწყრომა გამოხატეს, რადგან ფიქრობდნენ, უმჯობესი იყო ეს სურნელოვანი ზეთი გაეყიდათ და საფასური გლახაკთათვის დაერიგებინათ.

 

ქალის გულწრფელი ქმედება კი მაცხოვარმა ასე შეაფასა: „მთელ ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქვას.., რაც მან გააკეთა, მის მოსახსენიებლად“ (მათე 26,13).

 

ინებოს ღმერთმა, ცოდვაში მყოფმა ყველა ადამიანმაც, ამ ქალის მსგავსად, ადრე თუ გვიან, შეიცნოს ღმერთი, თავისი ნელსაცხებელი მიართვას მას და, მამასთან დაბრუნებული უძღები შვილივით, შეიმოსოს სამოსელი პირველი“, – აღნიშნავს ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი