logo_geo
მეუფე დანიელი: ჩვენი ერის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული პერიოდი იყო მაშინ, როდესაც სასულიერო და საერო ხელისუფლება თანამოაზრეები იყვნენ
- +

12 მაისი. 2019. 16:28

 

 

„ჩვენი ერის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული პერიოდი, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სიმაღლე იყო მაშინ, როდესაც სასულიერო და საერო ხელისუფლება იყვნენ ერთად, თანამშრომლობდნენ, იყვნენ თანამოაზრეები და მთელს ქვეყანას ერთსულოვნება აერთიანებდა“, - ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

 

„ეს ადვილი პროცესი არ არის. 40 წელი ამას ემსახურება მისი უწმინდესობა და თანდათან ერი უბრუნდება უფალს, სარწმუნოებას, სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

 

როგორც მან აღნიშნა, ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესება უდიდესი რამ არის, მაგრამ არანაკლებ დიდი და უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამას მხარი დაუჭირა სახელმწიფომ, რომელმაც ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. მეუფე დანიელის თქმით, დიდია პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის წვლილი, რომ ეს დღესასწაული დაწესებულიყო, რაც არის ერთობის აღდგენა.

 

„8 მაისს პარლამენტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული იქნება არა მარტო საეკლესიო, არამედ ეროვნული დღესასწაული. ამ დღეს ასევე დაერქვა იმედის დღე. ღვთისმშობელი არის, იყო და იქნება ჩვენი დიდი იმედი, მაგრამ ეს იმედი არის არა მხოლოდ აღმსარებელთა, ქრისტიანთა ან მართლმადიდებელთა - საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის იმედია, რადგან იმედი ყველას გვაერთიანებს. ეს იმედი არ მოუშალოს ღმერთმა სრულიად საქართველოს. ქვეყანა, რომელმაც ათასწლეულები გამოიარა და გადარჩა, აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა მეუფე დანიელმა და აქვე დასძინა, რომ ამ დღესასწაულს მიეძღვნება კულტურულ- საგანმანათლებლო შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში.

 

 

big_banner
არქივი