logo_geo
ილია მეორე: მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მახარობელი, არ დაგავიწყდეთ ეს დავალება...
- +

13 ივლისი. 2019. 14:16

 

 

„მთელი საქართველოს ლოცვა-კურთხევაა, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში ბრძანა, სადაც მან წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა. მან მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა.

 

„მე მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელს საქართველოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი. იყოს მახარობელი. ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მახარობელი. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ უამრავი ხალხი ესწრება წირვა-ლოცვას. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი მობრძანდა. ჩვენ ვულოცავთ მას დღესასწაულს. ღმერთმა ძალა მისცეს და მადლი მისცეს ამ დიდი მისიის აღსასრულამდე. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ ეს დავალება, ეს დავალება მოგიტანთ თქვენ დიდ სიხარულს. ჩვენ თუ ვიქნებით მახარობელი, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

მისივე თქმით, დღეს განსაკუთრებით დიდია 12 მოციქულის დღესასწაულის მადლი. ამასთან, პატრიარქმა ქადაგებისას ერთ-ერთი ამონარიდიც გაიხსენა, სადაც აღწერილია თუ როგორ ამხნევებდა სიტყვიერად პატარა ბიჭი დაჭრილ ჯარისკაცებს.

 

„დღეს არის განსაკუთრებული დღე. 12 მოციქულის დღესასწაული. თქვენ მოისმინეთ მნიშვნელობა, რამდენად დიდია ღვაწლი 12 მოციქულის დღესასწაულის. ყოველი მოციქული იყო არამარტო გაგზავნილი მოციქული, არამედ მახარებელი. სიხარულს აუწყებდა და აი, მე მახსენდება ერთი წიგნი, სადაც აღწერილია სკოლა. სკოლაში იყო საავადმყოფო დაჭრილი ჯარისკაცებისთვის. ერთი პატარა ბიჭი 12-14 წლის, მიდიოდა იმ სკოლაში და შორიდან უყვიროდა დაჭრილ ჯარისკაცებს: „შენ მალე მორჩები“, „შენ განიკურნები“, „შენ დაუბრუნდები შენს მშობლებს, შენს ოჯახს“ და ამ ბიჭს დაარქვეს - ჩვენი მახარობელი. როცა არ მოვიდოდა, წუხდნენ ჯარისკაცები, სად არის, სად დაიკარგა ჩვენი მახარობელიო“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

big_banner
არქივი