logo_geo
ილია მეორე: ღვთის წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ
- +

14 ოქტომბერი. 2019. 14:17

 

„საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

 

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ.

 

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო ჩვენ მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით ჩვენ? ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი. ამ შემთხვევებში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას“, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.

 

ამასთან, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს, მაგრამ ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გადაიქცა სიხარულად.

 

მისი თქმით, სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული.

 

„შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღეს არის. მე მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გადაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. დალოცვილი იყავით. ჩვენთან არს ღმერთი. ვერავინ ახსნის როგორ გავუძელით ამდენ განსაცდელს, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე, მაგრამ ღმერთი მოწყალეა. ჩვენ რომ ვამბობთ „ჩვენთან არს ღმერთი“ - ეს ყველაფერზე მეტყველებს. ჩვენთან არს ღმერთი,“ - ბრძანა პატრიარქმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდა. წირვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლინა.

 

სვეტიცხოვლობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

 

სვეტიცხოვლობა უქმე დღედ არის გამოცხადებული.

 

 

 

 

big_banner
არქივი