logo_geo
ილია მეორე: ქრისტიანული ოჯახი სიყვარულით უნდა შეიქმნას, უსიყვარულოდ ეს კავშირი ვერ იარსებებს
- +

17 მაისი. 2017. 17:21


 

„ქრისტიანული ოჯახი სიყვარულით უნდა შეიქმნას, უსიყვარულოდ ეს კავშირი ვერ იარსებებს, ან დამახინჯებულ სახეს მიიღებს და შეიძლება საერთოდაც დაიშალოს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის მიერ დაწერილ წინასიტყვაობაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალ „ბედნიერ ოჯახში" დაიბეჭდა.


აღნიშნული ჟურნალი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს საჩუქრად დაურიგდა. პატრიარქის წინასიტყვაობა საზოგადოებას მეუფე დანიელმა წაუკითხა.


„სიყვარული რომ არ განქარდეს და ოჯახმა ბედნიერება შეინარჩუნოს, მისმა წევრებმა ერთმანეთისთვის ცხოვრება უნდა ისწავლონ და თავისი გარემო მცირე ეკლესიად აქციონ. რას ნიშნავს ეს? ოჯახში იერარქია (უფროს-უმცროსობა) უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი, როგორც ამას უფალი ბრძანებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი რაიმეთია უპირატესი, არამედ მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ევალება მზრუნველობა და დაცვა ოჯახისა. ზრუნვა კი გულისხმობს არა მარტო მატერიალურ უზრუნველყოფას, არამედ ღვთის წინაშე მეოხებასაც. ლოცვა რა თქმა უნდა, მეუღლეთა საერთო ვალდებულებაა და ხშირად ქალები უფრო გულმხურვალენიც არიან. მაგრამ წესით ქმარმა უნდა დალოცოს მეუღლე და ორივემ - შვილები. დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურად ოჯახის წევრების ერთად ლოცვას და ეკლესიურ ცხოვრებას. სასურველია, ორივემ ზეპირად იცოდეს დასაწყისი ლოცვები, 50-ე და 90-ე ფსალმუნები, „იესოს ლოცვა", „მოწყალებისა კარი განგვიღე", და სხვა", - აღნიშნავს უწმინდესი.


მისივე თქმით, მეუღლეები უნდა ზრუნავდნენ თავიანთი როგორც სულიერი, ისე ინტელექტუალური განვითარებისათვის, თითოეული თავის თავში და თავის მეუღლეში უნდა ცდილობდეს ახალი გრძნობების, ახალი სიმაღლეების აღმოჩენას.

 

„ამის მიღწევა კი მით უმეტეს სულიერი განვითარების გარეშე, შეუძლებელი იქნება. უამისოდ წყვილი ადვილად ამოწურავს ერთმანეთს და ერთიმეორისადმი ინტერესიც დაეკარგებათ. ურთიერთობა აღმოჩნდება ხანმოკლე, ზედაპირული და ხორციელ კავშირზე აგებული და თუ ურთიერთობა მხოლოდ მიწიერი, ვიწრო ინტერესებით შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა და გულაცრუების მიზეზიც ადვილად გაჩნდება. სულიერი ერთობა კი მტკიცეა და ხანიერი", - ნათქვამია პატრიარქის წინასიტყვაობაში.


 

big_banner
არქივი