logo_geo
ილია მეორე: არ იჩხუბოთ, მით უმეტეს, ბავშვების თანდასწრებით...
- +

17 მაისი. 2017. 18:11


„არ იჩხუბოთ, მით უმეტეს, ბავშვების თანდასწრებით, ეს შვილებზე მეტად მტკივნეულად მოქმედებს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ დაწერილ წინასიტყვაობაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალ „ბედნიერ ოჯახში" დაიბეჭდა.


აღნიშნული ჟურნალი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს საჩუქრად დაურიგდა. პატრიარქის წინასიტყვაობა საზოგადოებას მეუფე დანიელმა წაუკითხა.


პატრიარქი ცოლსა და ქმარს მიმართავს, თუ მათ უსიამოვნება მაინც მოუვათ, ეცადონ, დაძინებამდე შერიგდნენ.


აქვე, უწმინდესი წმინდა მამების დარიგებას იხსენებს, რომლის თანახმად, „მზე ისე არ უნდა ჩავიდეს, რომ შენს მიერ განაწყენებულ ახლობელთან ურთიერთობა არ აღადგინო".


„ოჯახშიც და ოჯახისგან დამოუკიდებლადაც ცოლსაც და ქმარსაც შეიძლება ბევრი უსიამოვნება შეხვდეს. ყოველთვის ეცადეთ, გაუგოთ ერთმანეთს. იყავი მეუღლის თანამგრძნობი, მაგრამ თუ იგი ცრუობს, ისე წარმართე საუბარი, რომ სიმართლეც უთხრა და თან მისი ღირსება არ შელახო. არასოდეს დაამცირო იგი შვილების ან სხვათა წინაშე, რომ თქვენც ერთმანეთთან მიმართებაში არ დაარღვიოთ გარკვეული ზღვარი და შვილებსაც პატივისცემა არ დაუკარგოთ. თქვენც გაითავისეთ და შვილებსაც ასწავლეთ, რომ თუ რამე შეგეშალათ, ბოდიშის მოხდა და დანაშაულის აღიარება ადამიანის დიდი ღირსებაა. არ შეუშინდეთ პრობლემებს, პირიქით, იგი თქვენი დაახლოებისა და სულიერ კიბეზე ამაღლების საშუალებად აქციეთ და ღმერთიც აუცილებლად შეგეწევათ. არ იჩხუბოთ, მით უმეტეს, ბავშვების თანდასწრებით, ეს შვილებზე მეტად მტკივნეულად მოქმედებს. თუ უსიამოვნება მაინც მოგივათ, ეცადეთ, დაძინებამდე შერიგდეთ. წმინდა მამები გვარიგებენ, რომ მზე ისე არ უნდა ჩავიდეს, რომ შენს მიერ განაწყენებულ ახლობელთან ურთიერთობა არ აღადგინოო. მით უმეტეს - მეუღლესთან", - აღნიშნავს უწმინდესი.



 

big_banner
არქივი