logo_geo
Guardian: აზერბაიჯანის მმართველი ელიტა ევროპელ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს სოლიდურ თანხებს ურიცხავდა
- +

5 სექტემბერი. 2017. 01:04


დიდი ბრიტანეთი აზერბაიჯანის გარშემო აგორებული ფინანსური სკანდალის ეპიცენტრშია, - ამ სათაურით სტატიას ბრიტანული „გარდიანი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, აზერბაიჯანის მმართველი ელიტა საეჭვო რეპუტაციის ბრიტანული კომპანიების საშუალებით, ევროპელ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს სოლიდურ თანხებს ურიცხავდა. საუბარია 2012-2014 წლებში განხორციელებულ 16000 საეჭვო ტრანზაქციაზე, რომელთა საერთო მოცულობა სამ მილიარდ გირვანქა სტერლინგს აღწევს.


როგორც „გარდიანის" მიერ ჩატარებული გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, აღნიშნული თანხის ნაწილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიმართ საერთაშორისო კრიტიკის შემცირებას და ილჰამ ალიევის პოზიტიური იმიჯის შექმნას ემსახურებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში, თანხის მიმღებებმა ფულის წარმომავლობა არ იცოდნენ. აღსანიშნავია, რომ ფინანსური ოპერაციები ისე იყო შენიღბული, რომ წამყვან ევროპულ ბანკებსა თუ კომპანიებში საგანგაშო ვერაფერი შენიშნეს.


როგორც „გარდიანი" წერს, გამოაშკარავებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ბანკიდან თანხები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრის ანგარიშებზე ირიცხებოდა. მათ შორის იყო გერმანელი დეპუტატი ედვარდ ლინტნერი, ასევე იტალიელი პარლამენტარი და ცენტრისტი, მემარჯვენეების ჯგუფის თავმჯდომარე ლუკა ვოლონტე.


ჟურნალისტების მტკიცებით, თანხა დეპუტატებმა მაშინ მიიღეს, როდესაც აზერბაიჯანის მთავრობას უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დაკავების გამო აკრიტიკებდნენ.


გამოცემის ცნობით, ე.წ. ლობისტური ოპერაცია ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ 2013 წელს ევროპის საბჭოს წევრებმა აზერბაიჯანის მიმართ კრიტიკულ ანგარიშს მხარი არ დაუჭირეს.


მართალია, ლინტნერი 2010 წელს წავიდა ევროპის საბჭოდან, თუმცა ის განაგრძობდა ბაქოს მხარდაჭერას. მან დააფუძნა „გერმანულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების განვითარების საზოგადოება" და 819 000 გირვანქა სტერლინგზე მეტი მიიღო. 61 000 ლინტნერის ანგარიშზე აზერბაიჯანში ვიზიტის მეორე დღეს ჩაირიცხა. ის ბაქოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იმყოფებოდა.


რაც შეეხება ლუკა ვოლონტეს, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იტალიელმა პოლიტიკოსმა ორი მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. მილანის პროკურატურამ მის წინააღმდეგ, კორუფციისა და ფულის გათეთრების მუხლით, საქმეც აღძრა.


ასევე ირკვევა, რომ აზერბაიჯანიდან თანხები მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა კალინ მიტრევმა. მიტრევი ამტკიცებს, რომ ეს ფული მან აზერბაიჯანული კომპანიის ბიზნესკონსულტირების სანაცვლოდ მიიღო. საინტერესოა, რომ მიტრევის მეუღლე არის იუნესკო-ს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა, რომელმაც იუნესკო-ს უმაღლესი ჯილდო, მოცარტის მედალი აზერბაიჯანის პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას გადასცა. ბოკოვას ინიციატივით, პარიზში, იუნესკო-ს შტაბბინაში გაიმართა გამოფენა, სახელწოდებით - „აზერბაიჯანი - ტოლერანტობის მიწა".


თავად ბოკოვა აცხადებს, რომ მეუღლის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის შესახებ არაფერი იცოდა.


„გარდიანის" ცნობით, 2014 წელს აზერბაიჯანული კომპანიებისგან თანხა ჟურნალისტებმაც მიიღეს. მათ შორის დასახელებულია CNN-ის პროდიუსერი ეკარტ საგერი, რომლის ანგარიშზეც ორი მილიონი გირვანქა სტერლინგი ჩარიცხეს.


საბანკო ტრანზაქციების ისტორიაში ჩანს, რომ აზერბაიჯანული ფონდებიდან 2,9 მილიარდი კომპანიების, ხოლო 50 მილიონი ინდივიდუალური პირების ანგარიშებზე მოხვდა. ზოგიერთ შემთხვევაში, ფული დიდი ბრიტანეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადასახდელად გადაირიცხა. ასევე, ძვირფასი კაბებისა თუ მანქანების შესაძენად.


გამოძიებაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები ოფიციალურად არ არიან დასახელებულები, თუმცა ყველა მსხვილი ტრანზაქცია აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკიდან განხორციელდა, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის.


დოკუმენტებში ასევე ფიგურირებს დონალ ტრამპის ბიზნესპარტნიორიც, რომელიც ბაქოში „ტრამპ ტაუერის" მშენებლობის პროექტს ხელმძღვანელობდა. საუბარია აზერბაიჯანის ტრანსპორტის ექსმინისტრის მილარდერ შვილზე, ანერ მამედოვზე. 2012 წელს წამოწყებული ფეშენებელური სასტუმროს მშენებლობას 2014 წელს ივანკა ტრამპი გაეცნო და სოციალური ქსელებით ფოტოებიც გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ „ტრამპ ტაუერი" ბაქოში აღარ გაიხსნა, ხოლო ტრამპმა მამედოვთან კონტრაქტი გაწყვიტა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი